იტვირთება

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეკა ბესელიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: 2017

წელს, 2016 წელთან შედარებით, 12.4%-ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. ავარიების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 11%-ით, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 15%-ით იკლო.

ეკა ბესელია ავტოსაგზაო შემთხვევების გაუმჯობესებულ სტატისტიკას საქართველოში განხორციელებულ საგზაო უსაფრთხოების რეფორმას უკავშირებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეფორმა საქართველოში გასულ წელს ორ ეტაპად განხორციელდა და სრულყოფილად მხოლოდ 2017 წლის ბოლოდან შევიდა ძალაში. ამდენად, წლიური მონაცემების შედარება რეფორმის ეფექტურობის ზუსტი ინდიკატორი ვერ იქნება. ცვლილებების პირველი ტალღის გავლენა, გარკვეულწილად, 2017 წლის მეორე ნახევრიდან უნდა ყოფილიყო შესამჩნევი, შედეგების სრულყოფილი გაზომა კი 2018 წლიდანაა შესაძლებელი.

ამდენად, ამ ეტაპზე განხორციელებული რეფორმების პოზიტიური შედეგი ერთმნიშვნელოვნად ხელშესახები არ არის. მით უმეტეს, რომ გასული წლის პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, 2018 წელს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა: 4 თვის განმავლობაში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით მოიმატა ავარიების რაოდენობამ და 10%-ით გაიზარდა დაშავებულთა რიცხვი. მნიშვნელოვანია, რომ 6%-ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაღუპულთა მონაცემი.

  ანალიზი 10 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა,

რომ საგზაო უსაფრთხოების რეფორმამდე რთული სურათი გვქონდა, ახლა კი, პირველადი მონაცემებით, ავტოავარიების რაოდენობა დაახლოებით 17%-მდე შემცირდა.

საქართველოში სატრანსპორტო მიმართულებით არსებულმა მწვავე მდგომარეობამ გასულ წელს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის განსაკუთრებული მოთხოვნა გააჩინა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევის

თანახმად, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 1 000 000 მოსახლეზე მნიშვნელოვნად აღემატებოდა ევროპის საშუალო მაჩვენებელს. კვლევაში მონაწილე 40 ქვეყანას შორის კი, საქართველოში, პროცენტულად ყველაზე მეტი ავარია დასრულდა მსხვერპლით.

აღნიშნული მდგომარეობის საპასუხოდ, 2017 წლიდან საქართველოში საგზაო სატრანსპორტო უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი რეფორმირების პროცესი დაიწყო. კერძოდ, 2017 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში 100 ქულიანი მართვის მოწმობის სისტემა დაინერგა.

ახალი მიდგომით, ყოველ მძღოლს მიენიჭა 100 ქულა, რომელიც მათ დარღვევის შესაბამისად, დაჯარიმების შემთხვევაში უმცირდებათ.

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღებასთან ერთად, გასული წლის განმავლობაში, საქართველოს გზებზე, უმეტესწილად, დიდი ქალაქების ტერიტორიებზე, დამონტაჟდა 3 000 ჭკვიანი კამერა, 2017 წლის 1 ნოემბრიდან კი ამოქმედდა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.

ცვლილების თანახმად, მძღოლთა მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა მყისიერად ფიქსირდება და ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაცია მფლობელს მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით მისდის. წესი, ასევე, ადგენს ჯარიმის გადაუხდელობის ვადებსა და სათანადო სანქციებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017

წელს საქართველოში სულ 6 079 საგზაო სატრანსპორტო შემხთვევა დაფიქსირდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12.4%-ით ნაკლებია. მნიშვნელოვანია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მაჩვენებელი საქართველოში უკანასკნელად 2011 წელს დაფიქსირდა. 2012-2016 წლებში კი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა ყოველი წლისთვის იმატებდა. ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელთან ერთად, გასულ წელს დაიკლო ავარიების დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რაოდენობამაც. დაღუპულთა რიცხვი 11% -ით შემცირდა, დაზარალებულთა რაოდენობა - 15%-ით.

მიუხედავად პოზიტიური ტენდენციისა, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში მაინც რთული მდგომარეობაა. 2017 წლის განმავლობაში საშუალოდ დღეში 16 ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდებოდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი მაინც იღუპებოდა, 23 კი ზარალდებოდა.

ცხრილი 1:

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა 2012-2017 წლებში

2012 2013 2014 2015 2016 2017
საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა 5 359 5 510 5 992 6 432 6 939 6 079
დაღუპულთა რაოდენობა 605 514 511 602 581 517
დაზარალებულთა რაოდენობა 7 734 8 045 8 536 9 187 9 951 8 461
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ეკა ბესელია 2017 წელს საქართველოს მასშტაბით ავარიების შემთხვევების შემცირებულ რაოდენობას ქვეყანაში განხორციელებული საგზაო რეფორმის პოზიტიურ შედეგებს მიაწერს. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის პირველი ეტაპი გასული წლის ივლისიდან ამოქმედდა, პირველი 6 თვის განმავლობაში კი საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ძველი სტანდარტი არსებობდა. რეფორმის შეფასებისთვის მონაცემების წლიურ ჭრილში შედარება გასულ პერიოდებთან ბოლომდე მართებული არ იქნება, თუმცა მისი შედეგები გასული წლის ბოლოს საგრძნობი მაინც იყო. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2017 წლის ივლისში მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღების დადებითი შედეგები ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებულ რაოდენობაში გარკვეულწილად გამოიხატა.

როგორც აღვნიშნეთ, რეფორმა სრული დატვირთვით 2017 წლის ბოლოდან განხორციელდა. ამდენად, მისი სრული ეფექტი შესამჩნევი 2018 წლიდან უნდა იყოს. თუმცა, 2018 წლის აპრილის მდგომარეობით, ოთხი თვის განმავლობაში, საქართველოში 1 974 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 10%-ით აღემატება. გასათვალისწინებელია, რომ ერთი წლის წინ ამ დროს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით საგანგაშო ვითარება იყო და რეფორმირების პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული. ამ ფონზე სატრანსპორტო შემთხვევათა გაუარესებული სტატისტიკა კვლავ ნეგატიურ ტენდენციაზე მიგვითითებს. ავარიებთან ერთად, 10%-ით გაიზარდა ავარიების დროს დაშავებულთა რიცხვი. მნიშვნელოვანია, რომ 6%-ით არის შემცირებული ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაღუპულთა რაოდენობა. 2018 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 144 ადამიანი გარდაიცვალა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3922 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი