ქუთაისში, აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, 2013 წელს წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში ახალი რეზერვუარები, სატუმბი სადგურები, ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები აშენდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტის პირველი ფაზა ქუთაისში 2013 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის აპრილში დასრულდა. პროექტის ღირებულებამ 30 730 379 ლარი შეადგინა. სამუშაოები შპს „კობრამ“ აწარმოა. 2015 წლის ივნისში სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ივნისში უნდა დასრულდეს. პროექტის ღირებულება 92 960 570 ლარია და სამუშაოებს ამჯერად თურქული კომპანია SMK Ulusal Insaat აწარმოებს.

წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქალაქის არაერთ ქუჩაზე ასფალტის საფარი დაზიანდა. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ყველა ასეთ ქუჩაზე პასუხისმგებლობა კომპანია SMK-ს ეკისრება. მიმდინარე წელს ქუთაისის მერიამ კომპანია თაბუკაშვილის, დადიანისა და გუგუნავას ქუჩების მოუწესრიგებლობის გამო დააჯარიმა. თუმცა, SMK მხოლოდ ამ დარღვევით არ შემოიფარგლება. ადგილობრივები კომპანიას ქალაქის მაგისტრალურ, ლადო ასათიანის ქუჩაზე სამუშაოების გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

ლადო ასათიანის ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და დატვირთულია ქუთაისში და ის ქალაქის ცენტრალურ ნაწილს გარეუბნებთან აკავშირებს. ქუჩაზე სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წლის ივლისში ქუჩა მეორედ გაიჭრა. 2015 წელს წყლის ცენტრალური მილის ჩასადგმელად, ხოლო 2016 წელს აბონენტების ცენტრალურ მილზე დასაერთებლად. ამავე წლის სექტემბერში ქუჩაზე ძველი მილი დაზიანდა, ხოლო ნოემბერში ქუჩის დასაწყისში წყალსადენი მილი გასკდა, რის გამოც გზის საფარის კიდევ ერთხელ აყრა გახდა საჭირო. მაშინდელმა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და კომპანია SMK-ს ადგილობრივმა ხელმძღვანელმა განაცხადეს, რომ სამუშაოების დაწყება ზამთრის პერიოდში ვერ მოხდებოდა. 2016 წელს კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების გამო უკმაყოფილება „საქართველოს წყალმომარაგების კომპანიამ“ და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გამოთქვეს. პარალელურად, მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაოების შეფერხებისათვის პასუხს ქუთაისის მერიას სთხოვდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობა აცხადებდა, რომ გზის მოუწესრიგებლობაზე პასუხისმგებლობა არა მათ, არამედ კონტრაქტორ კომპანიას ეკისრებოდა. სამუშაოების გაჭიანურების ოფიციალურ მიზეზად მაშინ SMK არასტაბილურ ამინდებს ასახელებდა.

2017 წელს ლადო ასათიანის ქუჩაზე დროებითი გზის საფარი იყო. თებერვალში ქუჩაზე სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის მე-2 თავის 32-ე მუხლში „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები“ ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ წელს გზის საფარისა და სანიაღვრე ქსელების შეკეთებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 250 ლარი იყო გამოყოფილი. სანიაღვრე და საკანალიზაციო გზების აგებისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს ასათიანის ქუჩაზე ა(ა)იპ„სპეციალური სერვისები“ ახორციელებდა. პროცესი 10 დღის ნაცვლად რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდა, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. სამუშაოების დროში გაწელვას ა(ა)იპ-ი კომპანია SMK-ის მიერ არაპროფესიონალურად ჩატარებულ სამუშაოებს აბრალებდა. SMK კი გზის რეაბილიტაციაზე უარს აცხადებდა. კომპანიაში აღნიშნავდნენ, რომ ა(ა)იპ„სპეციალურმა სერვისებმა“ არასათანადოდ მოახდინა სანიაღვრე სისტემების მონტაჟი, რის გამოც დიდი იყო შანსი გზის საფარის დაზიანებისა.

2018 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ა(ა)იპ„სპეციალური სერვისების“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს პროკურატურა შეისწავლის.მოკვლევა ფინანსური კუთხითაც მიმდინარეობს, ობიექტი შეამოწმა ზედამხედველობის სამსახურმა და მერიაში ელოდებიან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას. ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე, მირზა ხიდაშელი ფაქტ-მეტრთან საუბარში აცხადებს, მერია გამოძიებასთან თანამშრომლობს. მისი განცხადებით, ლადო ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი მას შემდეგ შემუშავდება, როდესაც საქმეს პროკურატურა შეისწავლის. საბოლოო დასკვნამდე არც გზის საფარის შეკეთება იგეგმება.

ფაქტ-მეტრი თვალს მიადევნებს ლადო ასათიანის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პროცესებს და ამ თემას მომავალშიც დაუბრუნდება.

თეგები: