რეზიუმე: ონლაინ მედიასაშუალება ალტ-ინფომ
ბრიტანული ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების, BBC-ს გამოკითხვა გააყალბა და გაყალბებული მონაცემებით ამტკიცებს, რომ ევროპა მიგრანტების გამო მსოფლიოს ყველაზე უფრო დაძაბული რეგიონია. რეალურად, აღნიშნული გამოკითხვა, რომელიც BBC-მ 2018 წელს ჩაატარა, მსოფლიოს 27 ქვეყანაში, მსგავს შედეგებს არ აჩვენებს. BBC-მ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა აღქმები შეისწავლა საზოგადოების დაყოფასთან დაკავშირებით (გამოიკითხა 19 428 ინტერვიუერი), შედეგების თანახმად, ყველაზე მეტად დაყოფილ საზოგადოებად თავს სერბები აღიქვამენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად საუდის არაბეთის მოქალაქეები. რაც შეეხება მიგრანტების საკითხს, სხვა ბევრ განსხვავებულ მიზეზთან ერთად, BBC-მ მიგრანტებისადმი დამოკიდებულება და მათდამი ნდობაც შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ მიგრანტებს ყველაზე ნაკლებად რუსეთში ენდობიან, ხოლო მათ საზოგადოების დაყოფის ერთ-ერთ მიზეზად ყველაზე მეტად იტალიელები განიხილავენ.
ალტ-ინფო წყაროდ უთითებს, სააგენტო Breitbart-ს, მიუხედავად იმის, რომ გამოკითხვის შედეგები ამ სააგენტოსაც გაყალბებული აქვს, ალტ-ინფომ კიდევ უფრო დაამახინჯა კვლევის შედეგები. სავარაუდოა, რომ მიზანმიმართულად, ევროპისა და მიგრანტების დისკრედიტაციის მიზნით.
ანალიზი ონლაინ მედიასაშუალება ალტ-ინფომ, გამოაქვეყნა სტატია
შემდეგი სათაურით: „ახალი გამოკითხვის თანახმად, იმიგრაციის გამო ევროპა მსოფლიოს სოციალურად ყველაზე დაძაბული რეგიონია“. სტატიაში, ავტორი იმოწმებს ბრიტანული ყველაზე გავლენიანი მედიის BBC-ის გამოკითხვას და მასზე დაყრდნობით ამტკიცებს: „მსოფლიოს რეგიონებიდან ევროპაში მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი თვლის, რომ მოსახლეობა სოციალურად დაყოფილია. სოციალური დაძაბულობის უმთავრეს მიზეზად ევროპელები იმიგრაციას ასახელებენ“.
2018 წლის აპრილში, BBC-მ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები.მედიას აინტერესებდა, მოქალაქეების აღქმები, იყო თუ არა მათი საზოგადოება დაყოფილი. გამოიკითხა 19 428 ინტერვიუერი მსოფლიოს 6 კონტინენტის 27 ქვეყნიდან: ევროპა (სერბეთი, იტალია, უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ესპანეთი, გერმანია, ბელგია, შვედეთი, საფრანგეთი), ჩრდილოეთ ამერიკა (ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, კანადა), სამხრეთ ამერიკა (არგენტინა, ჩილე, პერუ, ბრაზილია), აზია (მალაიზია, იაპონია, სამხრეთ კორეა, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, თურქეთი, საუდის არაბეთი), აფრიკა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) და ავსტრალია (ქვეყანა).
გამოკითხვის შედეგების თანახმად, საკუთარ საზოგადოებას ყველაზე უფრო დაყოფილად სერბები აღიქვამენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად დაყოფილად საუდის არაბეთის მოქალაქეები. საზოგადოების დანაწილებას 2018 წელს მეტად გრძნობენ, ვიდრე 10 წლის წინ გრძნობდნენ ესპანელები, ხოლო ყველაზე ნაკლებად, ისევ, საუდის არაბეთში. იგივე გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე უფრო ტოლერანტულებად და მიმღებლურ საზოგადოებად თავს კანადელები აღიქვამენ, ხოლო ყველაზე ნაკლებად უნგრელები.
რაც შეეხება დაყოფის განმაპირობებელ ფაქტორებს, გამოკითხვის ავტორებმა, ეს მიზეზები რამდენიმე ჯგუფში გააერთიანეს. ცხრილ 1 -ში ნაჩვენებია, ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რას თვლის თითოეული ქვეყნის მოქალაქე ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად საზოგადოებაში დაპირისპირების და დაყოფის მიზეზად.
ცხრილი 1:მიზეზები, რის გამოც დაყოფილია საზოგადოება (გამოკითხულთა აღქმები)
დაყოფის მიზეზი/ნიშანი (ვის შორის) | ყველაზე მეტად დაყოფილი ქვეყანა | ყველაზე ნაკლებად დაყოფილი ქვეყანა | |
1 | მდიდრები და ღარიბები | რუსეთი | შვედეთი |
2 | ეთნიკური ნიშნით | სამხრეთ აფრიკა | არგენტინა |
3 | მიგრანტები და რეზიდენტები | იტალია | ბრაზილია |
4 | რელიგიური ნიშნით | ბელგია | უნგრეთი |
5 | პოლიტიკური შეხედულებებით | მალაიზია | საუდის არაბეთი |
6 | სქესის ნიშნით | სამხრეთ კორეა | უნგრეთი |
7 | ქალაქი და სოფელი | ბელგია | ჩინეთი |
8 | ახალგაზრდები და ასაკოვნები | იაპონია | არგენტინა |
რაც შეეხება, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზით ნდობის ფაქტორს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ღარიბებს ყველაზე ნაკლებად ენდობიან არგენტინაში და ჩინეთში, ხოლო ყველაზე მეტად ენდობიან სერბეთში, უნგრეთში და ესპანეთში.
განსხვავებული ეთნიკური ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე ნაკლებად ენდობიან უნგრეთში, ხოლო ყველაზე მეტად ენდობიან არგენტინაში და სერბეთში.
მიგრანტებს ყველაზე ნაკლებად ენდობიან რუსები, ხოლო ყველაზე მეტად ენდობიან ბრაზილიელები (იხ. ცხრილი 2).
ცხრილი 2:მიზეზები, რის გამოც ენდობიან ან არ ენდობიან სხვა თანამოქალაქეს (გამოკითხულთა აღქმები)
ნიშანი, რის გამოც კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენელი „განსხვავდება“ | ყველაზე ნაკლებად ენდობიან | ყველაზე მეტად ენდობიან | |
1 | ღარიბი | არგენტინა, ჩინეთი | სერბეთი, უნგრეთი, ესპანეთი |
2 | ეთნიკური ნიშნით განსხვავებული | უნგრეთი | არგენტინა, სერბეთი |
3 | მიგრანტი | რუსეთი | ბრაზილია |
4 | რელიგიური ნიშნით განსხვავებული | შვედეთი | არგენტინა |
5 | პოლიტიკური შეხედულებით განსხვავებული | სამხრეთ კორეა | საფრანგეთი |
6 | განსხვავებული სქესის წარმომადგენელი | მექსიკა | სერბეთი |
7 | სოფელში ან ქალაქში მცხოვრები | ინდოეთი | იტალია |
8 | ახალგაზრდა ან ასაკოვანი | ინდოეთი | სერბეთი |
როგორც გამოკითხვის რეალური შედეგებიდან ჩანს, რომელიმე კონკრეტული კონტინენტი ან რეგიონი ერთი რომელიმე მიზეზით არ არის დაყოფილი. მით უმეტეს ევროპა, როგორც ამაზე ალტ-ინფოს სტატია მიუთითებს. გამოკითხვაში საერთოდ არ არის დაძაბულობის ან/და შიშის ფაქტორის საკითხი შეტანილი, ალტ-ინფო კი ევროპას ამ გამოკითხვის მიხედვით, იმიგრანტების გამო მსოფლიოს ყველაზე დაძაბულ რეგიონს უწოდებს, რაც ცალსახად არასწორია და გამოკითხვის აბსოლუტური გაყალბებაა. რეალურად, ამ შედეგების მიხედვით, იმიგრანტებს ყველაზე ნაკლებად რუსეთში ენდობიან და არა ევროპაში. ხოლო საზოგადოების დაყოფის ერთ-ერთ მიზეზად მიგრანტების საკითხს ასახელებენ არა მთლიანად ევროპაში, არამედ მხოლოდ, იტალიაში.
ალტ-ინფო წყაროდ იმოწმებს, სააგენტო Breitbart-ს, მიუხედავად იმის, რომ გამოკითხვის შედეგები ამ სააგენტოსაც გაყალბებული აქვს, ალტ-ინფომ კიდევ უფრო დაამახინჯა კვლევის შედეგები. სავარაუდოა, რომ მიზანმიმართულად, ევროპისა და მიგრანტების დისკრედიტაციის მიზნით.