დღეს არსებული კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებაა პარკირების წესების მიღება, თუმცა მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს, პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული დარღვევის ოქმის შედგენის და ჯარიმის (სანქცია) დაკისრების უფლებამოსილება არ აქვთ (გარდა, ქ. თბილისის და ქ. ბათუმის). ამდენად, ამ ნაწილში პარლამენტარის განცხადება ზუსტია.
პარკირების წესისგან განსხვავებული, ცალკე საკითხია დგომა/გაჩერების წესების რეგულირება. აღნიშნულის რეგულირება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა, რომლის დარღვევისთვისაც, ოქმის შედგენის და ჯარიმის დაკისრების უფლებამოსილება ყველა მუნიციპალიტეტს და შსს-ს საპატრულო პოლიციას ერთდროულად აქვთ. შესაბამისად, დგომა/გაჩერების ნაწილში, გოგა გულორდავას განცხადება არაზუსტია.
ანალიზისაქართველოს პარლამენტის წევრმა, გოგა გულორდავამ, საგზაო მოძრაობის რეგულირების კუთხით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ (ექსკლუზიურ) უფლებამოსილებას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირება. გულორდავას განცხადებით, ამ უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა მუნიციპალიტეტებს არ აქვთ, გარდა ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში.
მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით არის განსაზღვრული (მე-16 მუხლი, მე-2 პუნქტი).მუნიციპალიტეტის ასეთი (ექსკლუზიური) უფლებამოსილება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომა/გაჩერების წესების რეგულირებაა. აღნიშნული უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს დაადგინოს პარკირების წესი. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს ასეთი წესის განსაზღვრა შეუძლია, მას არ გააჩნია მის მიერ დადგენილი პარკირების წესის დარღვევისთვის პირის დაჯარიმების უფლებამოსილება.
განსხვავებული ვითარებაა დგომა/გაჩერების წესის („გაჩერება აკრძალულია“, „დგომა აკრძალულია“) დარღვევის კუთხით. ამ დარღვევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს დამრღვევის დაჯარიმება შეუძლია („ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი და 2401-ე მუხლი). აქვე აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის (დგომა/გაჩერება) ჯარიმის შეფარდების (10 ლარი) უფლებამოსილება გააჩნიათ როგორც მუნიციპალიტეტის სამსახურს ან/და მის მიერ უფლებამოსილ პირს, ასევე, საპატრულო პოლიციას („ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 209-ე და 2093-ე მუხლები). ის გარემოება, რომ ერთი და იგივე უფლებამოსილება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა ადგილობრივი თვითმმართველობას ერთდროულად გააჩნიათ, საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, რადგან კონსტიტუციის 1012მუხლით „ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან“. ასევე, ეს საკითხი დაკავშირებულია საბიუჯეტო შემოსულობებთან. აღნიშნული სამართალდარღვევის გამომვლენი თუ საპატრულო პოლიციაა, ჯარიმის სახით მიღებული შემოსავლი 60% მიმერთება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ხოლო 40% კი - სახელმწიფო ბიუჯეტში. ხოლო, თუ ასეთი დარღვევისთვის პირის დაჯარიმებას მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური განახორცილებს, მაშინ ჯარიმის სახით მიღებული შემოსავალი, მთლიანდ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი შემოსავალია.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პარკირების წესების დარღვევას, დამრღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის შეფარდების უფლება არც მუნიციპალიტეტის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს არ გააჩნიათ, რადგან მსგავსი წესების დარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ მიიჩნევს. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ორი თვითმმართველი ერთეული - ქალაქ თბილისი და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტები. აღნიშნული მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, კანონით (1252-ე და 1253-ემუხლები) გათვალისწინებულია პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა (10 ლარი) და მუნიციპალიტეტის ორგანოს ან/და მის მიერ უფლებამოსილ პირის ჯარიმის დაკისრების/ოქმის შედგენის უფლებამოსილება გააჩნიათ.
ამჟამად, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისშეტანის შესახებ“, რომელიც პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, მსგავსად ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმისა, სხვა მუნიციპალიტეტებისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და ჯარიმის (10 ლარი) შეფარდების უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონპროექტი, მათ შორის, გულისხმობს პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის ჯარიმის დაწესებას.
ამ სახით ცვლილების მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ხარვეზებს წარმოქმნის. ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კოდექსით „ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა“ მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა, რაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ პარკირების საფასურის განსაზღვრას არ მოიცავს. ხოლო, ინიცირებული ვარიანტი პარკირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში სანქციას გულისხმობს. ამრიგად, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ საჭიროა ცვლილების შეტანა, რომლითაც მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად პარკირების საფასურის დადგენა იქნება განსაზღვრული.