ტოვებს.
რეზიუმე: ტერიტორია, რომელზეც ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული საბაგიროა განთავსებული, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა. საჯარო რეესტრის 2017 წლის ამონაწერის მიხედვით, შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ მესაკუთრეა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელიც, თავის მხრივ, თანაინვესტირების ფონდის საკუთრებაა. შპს „ჯი სი ეფ პარტნიორები“ (თანაინვესტირების ფონდი) დარეგისტრირებულია 2013 წელს. ბიძინა ივანიშვილი ამ ფონდში 1 მილიარდი დოლარის დაბანდებას აპირებდა.კომპანიის რვა უმსხვილეს პროექტს შორის, დასახელებულია მწვანე კონცხზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, უმაღლესი კლასის სასტუმროსა და გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა. დაგეგმილია ისტორიული საბაგიროს აღდგენაც. ბათუმის მერიამ ძველი საბაგიროს დემონტაჟი უნდა განახორციელოს და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 43 ათასი ლარი უნდა გაიღოს. ფაქტ-მეტრის კითხვა, რატომ გახდა აუცილებელი ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა ძველი საბაგირო გზის დემონტაჟისთვის, ბათუმის მერიამ უპასუხოდ დატოვა.
მიუხედავად ამისა, მოძიებული წყაროების მიხედვით, ფაქტ-მეტრი ცალსახად ვერ დაადასტურებს, რომ ბათუმის ბიუჯეტიდან ამორტიზებული საბაგიროს დემონტაჟისთვის თანხის გაღება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის. ამიტომ, განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.
ანალიზი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნოდარ დუმბაძემ განაცხადა:„ბიუჯეტიდან იხარჯება 43 000 ლარი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ საბაგიროს დემონტაჟისთვის... [საბაგიროს] ბიძინა ივანიშვილისთვის ანგრევენ ...“
ამ განცხადებას წინ უძღოდა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის მოხსენება 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საფინანსო სამსახურის უფროსმა საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ტერიტორიის ახალი მფლობელი თანამედროვე სტანდარტების საბაგირო გზის მოწყობას აპირებს, მერიამ კი, თავის მხრივ, ძველის დემონტაჟი უნდა განახორციელოს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა იკითხეს, რატომ უნდა დახარჯოს ქალაქის ბიუჯეტმა ფული კერძო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული საბაგიროს დემონტაჟისთვის. არჩილ ვანაძემ განმარტა, რომ მერიის ბიუჯეტში შევიდოდა ამორტიზებული საბაგიროსგან დარჩენილი ჯართის რეალიზაციით მიღებული თანხა.
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ბიზნეს დეველოპმენტს“ შორის 2017 წლის მარტში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კომპანიამ შეიძინა მწვანე კონცხის დასახლებაში 56 კვ.მ, 365 კვმ და 6 003 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი; 650 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 320 კვ.მ შენობა-ნაგებობა; 870 კვმ მიწის ნაკვეთი და 104.3 კვ.მ შენობა-ნაგებობა; ბათუმში მაგნოლიას ქუჩაზე მდებარე 32.67 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი. სახელშეკრულებო ვალდებულებებით განისაზღვრა საპრივატიზებო საფასურის გადახდა 2017 წლის 30 დეკემბრამდე: 412 537 ლარი აჭარის ა/რ ბიუჯეტში, ხოლო 273 845 ლარი - ბათუმის ბიუჯეტში. ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში, 2020 წლის ბოლომდე, ინვესტორმა უნდა დაასრულოს კვების ობიექტების, ღია ტიპის საცურაო აუზის საბაგირო გზის მშენებლობა და ამოქმედება. აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 2 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. ჩვენ დავინტერესდით, რა აუცილებლობითაა გამოწვეული, რომ დემონტაჟი მერიამ განახორციელოს და არა ტერიტორიის ახალმა მფლობელმა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს, რომ ობიექტი ბათუმის მერიის საკუთრებაა. ბათუმის მერიიდან მიღებული ინფორმაციით კი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და „ბიზნეს დეველოპმენტს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, საბაგირო სადგურის მშენებლობა მყიდველის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს. თუმცა წერილში არაფერია ნათქვამი, რომელ მხარეს ევალება ძველი საბაგირო გზის დემონტაჟი. აუდიტურმა კომპანია „ინტელექტ აუდიტმა“ მოამზადა დასკვნა ნაგებობის საპრივატიზაციო ღირებულებისა და მისი დემონტაჟის საფასურის განსაზღვრის შესახებ. გათვლების მიხედვით, 2018 წლის 12 თებერვლის მდგომარეობით, მეორეული მასალების რაოდენობა - შავი ლითონის ჯართი - 16 ტონას შეადგენს, 1 ტონის ფასი - 400 ლარს, რაც ჯამში 6 400 ლარის ტოლია, ხოლო დემონტაჟის ღირებულება 40 000 ლარით განისაზღვრა.ამდენად, ჯართის რეალიზაციით მისაღები თანხა დემონტაჟისთვის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხის მხოლოდ 14.88%-ს შეადგენს.
ბათუმის მერიის მიერ ფაქტ-მეტრისთვის გამოგზავნილ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ა(ა)იპ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებულია 43 000 ლარი საბაგიროს დემონტაჟისთვის. იგეგმება ტენდერის გამოცხადება, რომელიც გამოავლენს სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას.
რაც შეეხება შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ ბიძინა ივანიშვილის სახელთან კავშირს, აღსანიშნავია, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მმართველია შპს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელიც საქართველოს თანაინვესტირების ფონდის შექმნილია. ეს უკანასკნელი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით 2013 წელს დაფუძნდა. ინფორმაციისთვის, თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ირაკლი ქარსელაძე (ამჟამად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი) აცხადებდა,რომ ბიძინა ივანიშვილი რვა უმსხვილესი, მათ შორის, მწვანე კონცხზე განსახორციელებელი პროექტის, ინიციატორი და ინვესტორია.
ფაქტ-მეტრის კითხვა, რატომ გახდა აუცილებელი ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა ძველი საბაგირო გზის დემონტაჟისთვის, ბათუმის მერიამ უპასუხოდ დატოვა. რაც შეეხება კომპანიის მიერ ბიუჯეტში ჩასარიცხ თანხას, მერიამ მოგვაწოდა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ „ბიზნეს დეველოპმენტმა“ 273 845 ლარი 2017 წლის 25 დეკემბერს გადაიხადა. დოკუმენტში გადამხდელის ბანკს სს „ბანკი ქართუ“ წარმოადგენს, ხოლო მიმღების ბანკს - სახელმწიფო ხაზინა. აღსანიშნავია, რომ საჰაერო საბაგირო გზის მშენებლობის დემონტაჟზე ნებართვა ძალაშია 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით.