რეზიუმე:
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში პირველად გვხვდება ჩანაწერი მარტოხელა მშობლების, ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების შესახებ, თუ არ ჩავთვლით 2013 წლის საფინანსო დოკუმენტს, სადაც ვკითხულობთ, რომ მარტოხელა დედების შვილები სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული სწავლის გადასახადისგან თავისუფლდებიან.
რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობებისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა დახმარების პროგრამას, ბიუჯეტში ამ ჯგუფებისათვის გამოყოფილი სახსრები წინა წლებშიც გვხვდებოდა, თუმცა წელს მათი ზრდა ფიქსირდება. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთათვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილ ფინანსებს კერძო პირების მიერ გამოყოფილი თანხებიც დაემატა. შშმ პირებისათვის 2018 წელს ჩატარდება რამდენიმე ღონისძიება, რომლებიც წინა წლებში არ იმართებოდა.
თუ გავითვალისწინებთ რომ ორი პროგრამა - მარტოხელა მშობლებისა და ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების შესახებ - მართლაც ახალია, ხოლო შშმ და აუტისტური სპექტრის მქონე პირების დახმარებისათვის გამოყოფილ ფინანსები, გასული წლებისაგან განსხვავებით, საგრძნობლად არის გაზრდილი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისის მერიის განცხადება მეტწილად სიმართლეა.
ანალიზი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან 100 დღის შემდეგ, ქუთაისის მერიამ საზოგადოებას ვიდეოკლიპის
საშუალებით ანგარიში წარუდგინა. ვიდეოში აღნიშნულია, რომ ქალაქის ბიუჯეტში წელს პირველად გვხვდება აქცენტები მარტოხელა დედების და ძალადობის მსხვერპლთა, ასევე შშმ და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა მხარდასაჭერად.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში,მე-3 თავის 29-ე მუხლში გვხვდება ჩანაწერები მარტოხელა მშობლების, ძალადობის მსხვერპლთა, შეზღუდული შესაძლებლობის და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა დახმარების შესახებ (ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხების ოდენობა იხ. ცხრილ 1-ში).
გასული წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის,მე-3 თავის 33-ე მუხლიდან ვიგებთ, რომ 2017 წელს ქუთაისის მერია ეხმარებოდა როგორ შშმ პირებს, ასევე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პიროვნებებს, თუმცა ვერსად წავაწყდებით ჩანაწერს ძალადობის მსხვერპლთა და მარტოხელა დედების დახმარებაზე.
რაც შეეხება უფრო ადრეულ პერიოდს, ჩვენ ქუთაისის ბიუჯეტის კანონები 2010 წლიდან დღემდე შევამოწმეთ. აუტისტური სპექტრის მქონე პირების დახმარების შესახებ ჩანაწერი დოკუმენტებში 2017 წელს, ხოლო შშმ პირების შესახებ 2016 წელს ჩნდება. 2018 წლამდე არაფერია ნახსენები მარტოხელა მშობლებისა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებაზე. თუ არ ჩავთვლით ერთ დეტალს, ქუთაისის საკრებულოს 2013 წლის N183-ე დადგენილების მე-16 მუხლში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წელს ქალაქის ბიუჯეტის ხარჯზე მყოფ სკოლამდელ დაწესებულებებში მარტოხელა დედების შვილები გათავისუფლებულები არიან სწავლის გადასახადისაგან (თვეში 14 ლარი). ჩანაწერი მომდევნო წლების ბიუჯეტებში აღარ გვხვდება, გამომდინარე იქიდან, რომ ბაღებში სწავლის გადასახადი 2013 წელს გაუქმდა. საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის გადაწყვეტილებასაქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 12 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე მიიღო. ცვლილებების თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მთელი საქართველოს მასშტაბით გადასახადის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება აიკრძალა.
ცხრილი 1:
მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლთა, შეზღუდული შესაძლებლობის და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირთა დახმარებისათვის გამოყოფილი თანხები 2017-2018 წლებში
დახმარების მიმღები ჯგუფი | ||||
მარტოხელა დედები | შშმ პირების დახმარება, მათთვის მომუშავე ორგანიზაციებისა და განხორციელებული პროექტების დაფინანსება | ოჯახური ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლნი | აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირები | |
2017 | - | 160 000 ლარი | - | 50 000 ლარი |
2018 | 12 000 ლარი | 163 000 ლარი | 12 000 ლარი | 125 000 ლარი |
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2018 წელს აუტისტური სპექტრის მქონე 40 ბავშვის თერაპიის სრულ კურსს ქუთაისის მერიასთან ერთად, კომპანია „m2 უძრავი ქონება’’ დააფინანსებს. კომპანიის თანადაფინანსების თანხა 100 000 ლარია. ჯამში, აუტისტური სპექტრის მქონე პირები, წლის მანძილზე, 112 5000 ლარით დაფინანსდებიან.