კონკრეტული ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დროში ცვლილების შესაფასებლად მიზანშეწონილია რეალური მშპ-ს ცვლილების ანალიზი, ფასების ცვლილების ეფექტის გამოსარიცხად. რომან გოცირიძის განცხადებაში კი მშპ-ს შემცირებაზე საუბარია ნომინალური მშპ-ს დოლარში გამოხატული მაჩვენებლის კლების საფუძველზე. შედეგად, მის მიერ დასახელებული ფაქტობრივი მონაცემები სწორია, თუმცა ერთი მხრივ დროით ჭრილში ეკონომიკის ზრდის შეფასებისათვის ნომინალური მაჩვენებლის გამოყენება შეცდომაა, მეორე მხრივ კი, დოლარში კონვერტირებული ნომინალური მშპ-ს შემცირების ერთადერთი მიზეზი ლარის გაუფასურებაა და არა რეალური ცვლილებები ეკონომიკაში.
ფაქტობრივად, სწორია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით დაანგარიშებული მშპ-ს (პპპ მშპ) ცვლილების დასახელებული ტენდენციაც, თუმცა განცხადებაში არ არის საუბარი საქართველოს ეკონომიკის სხვა ქვეყნის მაჩვენებლებთან შედარებაზე (პპპ მშპ სწორედ შედარებითი ანალიზის მიზნებისათვის გამოიყენება), შესაბამისად, გაუგებარია, რა მიზნით იქნა აღნიშნული მაჩვენებელი მოყვანილი.
ვალის ოდენობაზე საუბრის ნაწილში, დეპუტატი ერთმანეთს ადარებს პპპ მშპ-ს აბსოლუტურ ზრდას და ვალის აბსოლუტურ ზრდას, ამ შემთხვევაშიც დასახელებული მონაცემები ძირითადად სწორია, თუმცა ვალის ოდენობის შეფასებისთვის მიღებული მაჩვენებელი მისი მშპ-სთან ფარდობაა და არა აბსოლუტური ზრდების ურთიერთშედარება. სახელმწიფო ვალის ფარდობა მშპ-სთან გაზრდილია ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზით ვალდებულებების გადაფასების გამო, კურსის ეფექტის გამორიცხვით კი მაჩვენებელი სტაბილურია. ამდენად, მონაცემები განცხადების ამ ნაწილშიც არამართებული კონტექსტითაა მოყვანილი.
ანალიზი საქართველოს პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომან გოცირიძემ, განაცხადა:
„დოლარში ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა 2012 წელთან შედარებით, და თუ მეტყვით, რატომ ანგარიშობ დოლარშიო, გეტყვით მსყიდველობითი უნარის პარიტეტიდან, ნახეთ სავალუტო ფონდის მაჩვენებლები. საქართველოში ეკონომიკა 2012 წელს ყველაზე ობიექტური შეფასებით იყო 30.7 მლრდ, 2017 წელს არის 29.7 მლრდ [39.7], 4.6% იყო საშუალო ზრდა, ხუთ წელიწადში გაიზარდა 9 მილიარდით, იმდენით, რამდენითაც ვალი გაიზარდა“.
ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური დოვლათის საზომად განსხვავებული ეკონომიკური მაჩვენებლები გამოიყენება (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით), რომელთაგან თითოეულის უნარი, აღწეროს ეკონომიკური მდგომარეობა უნივერსალური არ არის და მათი გამოყენების მიზნობრიობა შეზღუდულია. თითოეული მათგანი ეკონომიკის მხოლოდ კონკრეტულ ჭრილში შესაფასებლად არის ოპტიმალური.
რომან გოცირიძის განცხადებაში სახეზე გვაქვს მშპ-ს დინამიკის შეფასება დროით ჭრილში, შესაბამისად, ნებისმიერი ნომინალური მაჩვენებლის გამოყენება შინაარსს მოკლებულია, ვინაიდან ნომინალური მაჩვენებელი არ არის თავისუფალი ფასების ცვლილების გავლენისაგან. ამდენად, 2012 და 2017 წლების მშპ-ს შესადარებლად ცალსახად მიღებული მიდგომა რეალური მშპ-ს ცვლილების ანალიზია. აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკა, საშუალოდ, 3.75%-ით იზრდებოდა და 23.65-დან 28.42 მლრდ ლარამდე გაიზარდა.თავისთავად, ზრდის ტემპი განვითარებადი ქვეყნისათვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ეკონომიკის შემცირებაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.
ამავდროულად, დეპუტატი საუბრობს მშპ-ს დოლარში დათვლილი მაჩვენებლის შემცირებაზე (ნომინალური მშპ კონვერტირებული დოლარში), რომელიც დროში ცვლილების ანალიზისათვის არაფრისმომცემი მაჩვენებელია და მისი შემცირების ერთადერთი მიზეზი ტექნიკურია, კერძოდ, ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. ყველაზე საინტერესოა, რომ დოლარში დათვლილი ნომინალური მშპ-ს ანალიზში გამოყენების მიზეზად მსყიდველუნარიანობის პარიტეტი იქნა დასახელებული, თუმცა დინამიკის შესაფასებლად, პარიტეტის გათვალისწინებით დათვლილი მშპ-ს ნაცვლად, შინაარსობრივად სრულიად სხვა მაჩვენებელი (ნომინალური მშპ დოლარში) იქნა გამოყენებული. ქვეყნის მშპ, პარიტეტის გათვალისწინებით დათვლილი, ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს მთელ პერიოდზე, ხოლო დინამიკის ანალიზში კი ხელოვნურად იქნა გამოყენებული ერთადერთი მაჩვენებელი რომელიც შემცირდა (იხ. ცხრილი).
აქვე აღსანიშნავია, რომ 2012-დან 2017 წლამდე მშპ (პპპ) ნამდვილად 30.7 მლრდ საერთაშორისო დოლარიდან 39.7 მლრდ-მდე გაიზარდა, თუმცა მსჯელობის არსიდან გამომდინარე, თავისთავად მსყიდველობითი უნარის პარიტეტით დათვლილი მშპ-ს გამოყენებაც აზრს მოკლებულია. ამ მაჩვენებლის მიზნობრიობა განსხვავებული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის ერთმანეთთან შედარებაა. დეპუტატი კი ერთ ქვეყანაზე (საქართველოზე) საუბრობს, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია რა მიზანს ემსახურება ხსენებული მაჩვენებლის ცვლილების ანალიზი.
ცხრილი 1:
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მლრდ)
პერიოდი | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
რეალური მშპ (დოლარი) | 11.64 | 12.48 | 13.27 | 13.72 | 14.36 | 14.77 | 15.19 | 15.95 |
რეალური მშპ (ლარი) | 20.74 | 22.24 | 23.65 | 24.45 | 25.59 | 26.32 | 27.07 | 28.42 |
ნომინალური მშპ (ლარი) | 20.74 | 24.34 | 26.17 | 26.85 | 29.15 | 31.76 | 34.03 | 38.04 |
ნომინალური მშპ (დოლარი) | 11.64 | 14.43 | 15.85 | 16.14 | 16.51 | 13.99 | 14.38 | 15.14 |
მშპ-ს რეალური ზრდა (%) | 6.3% | 7.2% | 6.4% | 3.4% | 4.6% | 2.9% | 2.8% | 5.0% |
PPP მშპ (საერთ. დოლარი) | 25.90 | 28.35 | 30.70 | 32.25 | 34.35 | 35.72 | 37.21 | 39.70 |
ასევე, გაუგებარია, რას გულისხმობს პოლიტიკოსი როცა აცხადებს, რომ მშპ (პპპ) და ვალი თანაბრად 9 მილიარდით გაიზარდა. ორი მაჩვენებლის ერთმანეთთან შედარების მიზანი გაურკვეველია. ვალის მოცულობის შეფასების მიღებული მეთოდი მისი მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელის ანალიზია. 2012-2017 წლებში აღნიშნული სიდიდე 34.9-დან 44.6%-მდე გაიზარდა, რაც დიდწილად წინა პერიოდებში აღებული ვალდებულებების გადაფასებითაა (ლარის გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად) გამოწვეული და არა მიმდინარე შემომავალი ნაკადებით. კურსის ეფექტის გამორიცხვით კი ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი სტაბილურია. 2012-2017 წლებში აბსოლუტურმა ზრდამ მთავრობის საგარეო და საშინაო ვალის შემთხვევაში, შესაბამისად, 1.044 მლრდ დოლარი და 1.633 მლრდ ლარი შეადგინა.