რეზიუმე: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის 1 ივნისიდან ხორციელდება. მას სასტუმრო ინდუსტრიის
განვითარების მიმართულება 2016 წლიდან დაემატა, რომელიც თითოეულ მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და მოიზიდოს მეტი დამსვენებელი.
კახეთის რეგიონში, აღნიშნული კომპონენტის ფარგლებში, 13 პროექტია მხარდაჭერილი. ჯამური ინვესტიციის მოცულობა 47.2 მლნ ლარია, დასაქმებულთა რაოდენობა კი 450 ადამიანზე მეტია.
ანალიზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე კახეთის რეგიონში, ბოლო წლებში შესრულებულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:„პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, გააჩნია სასტუმროების განვითარების თანადაფინანსების მიმართულება და ამ მიმართულებით კახეთის რეგიონში მხარდაჭერილია 12 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 43 მლნ ლარს“.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის 1 ივნისიდან ხორციელდება (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია 1; სტატია 2).პროგრამის კოორდინატორები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები არიან. პროგრამის მიმართულებებია:
- წარმოების წახალისება;
- სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავების წახალისება;
- სასტუმრო ინდუსტრიის წახალისება;
- კინო ინდუსტრიის წახალისება.
პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ სამ კომპონენტს მოიცავს:
- ფინანსური ხელშეწყობა;
- ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა;
- საკონსულტაციო მომსახურება.
ფინანსური ხელმისაწვდომობა კრედიტის თანადაფინანსებას გულისხმობს (პირველი ორი წლის განმავლობაში 10%-ის მოცულობით). ინდუსტრიული მიმართულების შემთხვევაში სესხის ამღებს წელიწადში 5-7%-ის გადახდა უწევს, ხოლო 10%-ს სახელმწიფო ფარავს. სოფლის მეურნეობის მიმართულების შემთხვევაში, სესხის ამღები მის 5-6%-ს ფარავს, 10%-ს კი სახელმწიფო.
პროექტის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცემა.
პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ სასტუმრო ინდუსტრიისგანვითარების მიმართულება 2016 წლიდან დაემატა, რომელიც თითოეულ მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და მოიზიდოს მეტი დამსვენებელი.
აღნიშნული კომპონენტი, რეგიონში სასტუმრო ბიზნესის განხორციელების სურვილის მქონე მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მოსახურებას. გარდა ამისა, პროგრამის მეშვეობით ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვის სტიმულირება, ე.წ. „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულების თანადაფინანსების გზით.
2018 წლის აპრილის თვის მონაცემით,საქართველოს მასშტაბით, სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერის მიმართულებით, მხარდაჭერილია 44 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 128.7 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამის ავტორთა გათვლებით, აღნიშნულმა 44 სასტუმრომ 1 300-ზე მეტი დამატებითი ოთახი და ამდენივე ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას.
რაც შეეხება კახეთის რეგიონს, სასტუმრო ინდუსტრიის მხარდაჭერის მიმართულებით 13 პროექტი განხორციელდა, ჯამური ინვესტიციის მოცულობა 47.2 მლნ ლარია. პროექტების ფარგლებში 450 ადამიანზე მეტი დასაქმდა.