რეზიუმე:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, 2012-2018 წლებში, ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი 12 ხანძრიდან, 10 ხანძარზე მიმდინარეობს გამოძიება, ერთი ხანძრის („ელიავას ბაზრობის“ მიმდებარედ, მეორადი ნაწილების მაღაზია) შემთხვევაში გამოძიება არ დაწყებულა, ხოლო ერთი ხანძრის (ბათუმი, „ხოფის ბაზარის“ ტერიტორია) საქმე გამოძიებულია.
გამოძიება მიმდინარეობს, აგრეთვე, 2017 წლის აგვისტოს ბორჯომის ტყის ხანძარზე.
ანალიზი საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ გაჩენილ ხანძარზე საუბრისას, უკანასკნელ წლებში ბაზრობებზე მომხდარი ხანძრების გამოძიების საკითხს შეეხო და განაცხადა:
„როცა წინა წლების განმავლობაში, მსგავსი ხანძრების გაჩენის მიზეზებზე გამოძიებას არ გაუცია იმ კითხვებზე პასუხი, თუ რამ გამოიწვია ხანძრები, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს განზრახ მიმართული ქმედება. ვფიქრობ, მხოლოდ გამოძიებას შეუძლია გააქარწყლოს კითხვები მომხდართან დაკავშირებით“.
ფაქტ-მეტრმა მიმართაშინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაგვედგინა გამოძიებული იყო თუ არა, 2012-2018 წლებში, საქართველოს ბაზრობებზე ხანძრების გაჩენის მიზეზები და დამდგარი იყო თუ არა რიგი პირების პასუხისმგებლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (იხ. ბმული 1; ბმული 2)თანახმად (აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია, თითქმის, ორი თვის დაგვიანებით მოგვაწოდეს), ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი 12 ხანძრიდან, 10 ხანძარზე მიმდინარეობს გამოძიება, ერთი ხანძრის შემთხვევაში გამოძიება არ დაწყებულა, ხოლო ერთი ხანძარი გამოძიებულია (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1:
საქართველოში, ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრები და მათი გამოძიების შედეგები, 2012-2018 წლები
ხანძარი | დრო | გამოძიების შედეგი | |
1 | „ლილოს“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია | 15 ნოემბერი, 2012 წელი. | მიმდინარეობს გამოძიება |
2 | სავაჭრო ცენტრი „საბა“ | 26 თებერვალი, 2013 წელი. | მიმდინარეობს გამოძიება |
3 | სენაკის ბაზრობა | 25 აგვისტო, 2014 წელი. | მიმდინარეობს გამოძიება |
4 | ვაგზალი, ე.წ. „ბოშათა ბაზარი“ | 16 სექტემბერი, 2014 წელი. | მიმდინარეობს გამოძიება |
5 | ბათუმი, „ხოფის ბაზრობა“ | 7 დეკემბერი, 2014 წელი. | გამოძიებულია |
6 | „ელიავას ბაზრობა“, მეორადი ავტონაწილების მაღაზიის ტერიტორია | 27 დეკემბერი, 2014 წელი. | გამოძიება არ დაწყებულა |
7 | ისნის ბაზრობა | 21 იანვარი, 2015 წელი. | მიმდინარეობს გამოძიება |
8 | „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორია, საწყობი | 4 აგვისტო, 2015 წელი. | მიმდინარეობს გამოძიება |
9 | ზესტაფონი, ე.წ. „შავი ბაზრობა“ | 2 აგვისტო, 2016 წელი. | მიმდინარეობს გამოძიება |
10 | „ბავშვთა სამყარო“ | 30 იანვარი, 2017 წელი. | მიმდინარეობს გამოძიება |
11 | „დეზერტირების ბაზრობა“ | 17 ივლისი, 2017 წელი. | მიმდინარეობს გამოძიება |
12 | ბაზრობა „თერგი“„ქალაქის გული“ | 26 თებერვალი, 2018 წელი. | მიმდინარე გამოძიება |
გამოძიებულია ბათუმში, 2014 წლის 7 დეკემბერს, „ხოფის ბაზრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „სავაჭრო ცენტრი 2009“-ში გაჩენილი ხანძარი, საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 188-
ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს, გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას (იგივე ქმედებას, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით) და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამ ხანძრისთვის, ორი პირი პასუხისგებაშია მიცემული.
რაც შეეხება „ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორადი ავტონაწილების მაღაზიასთან 2014 წლის 27 დეკემბერს გაჩენილ ხანძარს, სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდირება სწაფად მოხერხდა, არ დაზიანებულა მოიჯარეების ქონება, არ არსებობდა დანაშაულის ნიშნები და შესაბამისად, გამოძიება არ დაწყებულა.
გარდა ბაზრობებისა, ჩვენ დავინტერესდით, ასევე, გამოძიებულია თუ არა 2017 წლის აგვისტოს ბორჯომის ტყის ხანძრი.შსს-ს ინფორმაციის თანახმად, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული ხანძრიდან საკმაოდ დიდი დროა გასული და უმეტესი მათგანი ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული, ნინო ლომჯარიას განცხადება შეფასდა, როგორც სიმართლე.