ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ დუნდუას განცხადება არის სიმართლე.   რეზიუმე:

საქართველოს საბანკო სექტორის მოგება სტაბილურად იზრდება. 2017 წლის მდგომარეობით, საბანკო სექტორში კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი 23.3%-ს, ხოლო აქტივებზე უკუგება 3.1%-ს შეადგენდა. ევროპის ქვეყნებში კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი საშუალოდ 8.5%-ს შეადგენს, ხოლო უშუალოდ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებში, ეს მაჩვენებელი 9.7%-ია. ბანკების მომგებიანობის მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო ევროპისა და აზიის კონტინტენტებზე მდებარე სახელმწიფოთა შორის, მართლაც, პირველ ადგილზეა.

რაც შეეხება ამ განცხადების კონტექსტს და ზოგადად, ბოლოდროინდელ განცხადებებს ბანკების „მაღალი მომგებიანობის“ შესახებ, ფაქტ-მეტრი, მოცემულ სტატიაში, ამ მსჯელობაში არ შედის და, შესაბამისად, მსგავსი რიტორიკის მართებულობას არ აფასებს.

  ანალიზი მიმდინარე წლის 12 აპრილს, ამჟამად უკვე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, სოციალური ქსელის საშუალებით, საქართველოში ბანკების საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი

გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ქართული საბანკო სექტორის მომგებიანობა ევროპისა და აზიის კონტინენტის სახელმწიფოებს შორის ყველაზე მაღალია.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

საბანკო სექტორის მომგებიანობისა და ფინანსური სიჯანსაღის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, კაპიტალზე უკუგების (ROE) და აქტივებზე უკუგების (ROA) კოეფიციენტები გვაწვდის. კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი (ROE) ზომავს ბანკების მომგებიანობას ინვესტორების მიერ ჩადებულ კაპიტალთან მიმართებაში და გაიანგარიშება წმინდა შემოსავლების შეფარდებით, ბანკის საერთო კაპიტალთან. რაც შეეხება აქტივებზე უკუგების კოეფიციენტს (ROA), აღნიშნული მაჩვენებელი ზომავს ბანკის მიერ მიღებულ წმინდა შემოსავლებს გამოყენებულ აქტივებთან მიმართებაში. რაც უფრო მაღალია აღნიშნული კოეფიციენტები, მით უფრო ეფექტურად ხდება კაპიტალისა და აქტივების გამოყენება მოგების მისაღებად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით,

ფინანსურ სექტორში კაპიტალზე 10% და მეტი უკუგება, სექტორის სიჯანსაღეზე მეტყველებს, ხოლო 8%-ზე დაბალი ROE ფინანსური სექტორის არაეფექტურობის მაჩვენებელია.

საქართველოში კომერციული ბანკების უკუგებამ კაპიტალზე (ROE) 2017 წლის მეოთხე კვარტალში 23.3% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ინვესტირებული ლარიდან, საბანკო სექტორი, საშუალოდ, 23.3 თეთრ წმინდა მოგებას იღებს. რაც შეეხება აქტივებზე უკუგების კოეფიციენტს (ROA) 2017 წლის ბოლოს 3.1% შეადგინა. ორივე მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო ევროპისა და აზიის სახელმწიფოთა შორის, მართლაც, პირველობს. აქტივებზე უკუგების მიხედვით, მსოფლიოში მე-20 ადგილზეა, ხოლო კაპიტალზე უკუგების მიხედვით მე-15  ადგილს იკავებს.

გრაფიკი 1:

ევროპასა და აზიაში ტოპ 10 ქვეყანა ROE-ს მიხედვით

image001 წყარო: https://data.imf.org/regular.aspx?key=61404589

უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ დიაპაზონში მომგებიანობის მაღალი კოეფიციენტები ფინანსური სექტორის სიჯანსაღეზე მეტყველებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ცალკეული სუბიექტების მხრიდან აღნიშნული უარყოფით კონტექსტში განიხილება და ვხვდებით მითითებას მომგებიანობის „მისაღებ“ და „მიუღებელ“ დონეებზე. ფაქტ-მეტრი მოცემულ მსჯელობაში შესვლისგან თავს იკავებს და განცხადების მხოლოდ ფაქტობრივი კომპონენტის გადამოწმებით შემოიფარგლება.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია