რეზიუმე:
საფეხბურთო კლუბი „ტორპედო ქუთაისი“ გასული წლის ივნისამდე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. გუნდისა და მისი საშინაო სტადიონის შენახვა მერიას წელიწადში 400 ათასი ლარი უჯდებოდა. 2017 წლის 16 ივნისს კლუბი კერძო საკუთრებაში გადავიდა.
„ტორპედო ქუთაისის“ გასხვისების შემდეგ, მერიამ შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი“ დააფუძნა. 2018 წელს ქუთაისის მერიამ სტადიონის მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგებისათვის 246 ათასი ლარი გამოყო. თუმცა, სპორტული მოედნის შენახვისათვის თანხა მხოლოდ იმიტომ არ იხარჯება, რომ ადგილობრივმა კლუბმა ითამაშოს. სტადიონი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მისი გამოყენება სხვადასხვა ღონისძიებისთვის შეიძლება. ასევე, ის პერიოდულად გაქირავდება. ამდენად, სტადიონს გარკვეული ოდენობის შემოსავალიც აქვს. მიმდინარე წელს, სტადიონის ადმინისტრაცია შემოსავლის სახით, დაახლოებით, 35 ათასი ლარის მიღებას გეგმავს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი პოლიტიკოსის განცხადებას მეტწილად სიმართლედ აფასებს.
ანალიზი პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წარმომადგენელმა ქუთაისში, თემურ ცამციშვილმა, ქუთაისის მერიის მიერ ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის - „ტორპედო ქუთაისის“ სტადიონის შენახვისათვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა გააპროტესტა.
„ტორპედო“ გავასხვისეთ და კერძო საკუთრებაში არსებულმა კლუბმა რომ ითამაშოს, სტადიონის შენახვისათვის ბიუჯეტიდან ვხარჯავთ 246 ათას ლარს, მით უმეტეს, კომპანიამ, რომელმაც კლუბი შეიძინა, გამოთქვა სურვილი სტადიონის იჯარით აღების“ - განაცხადა ცამციშვილმა.
საფეხბურთო კლუბი „ტორპედო ქუთაისი“ ქალაქის მერიის მფლობელობიდან კერძო საკუთრებაში 2017 წელს გადავიდა. კლუბი ელექტრონულ აუქციონზე გასული წლის 16 ივნისს, 300 000 ლარად, შპს „ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა“ შეიძინა.აუქციონის პირობის მიხედვით, ინვესტორმა კლუბში ყოველწლიურად მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. შემსყიდველი ვალდებულია საფეხბურთო სკოლა აკადემიისა და ბავშვთა გუნდების ფუნციონირება უზრუნველყოს. ინვესტორმა, თანამონაწილეობით, კლუბის თანამშრომლებისა და ფეხბურთელების შრომის ანაზღაურება, ასევე, ფეხბურთელების შეძენის ხარჯები უნდა დააფინანსოს.
2017 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გასაყიდად, მხოლოდ, საფეხბურთო კლუბი გაიტანა. სპორტული მოედანი მერიის მფლობელობაში დარჩა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი“ შეიქმნა. მოედნის მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგებისათვის ბიუჯეტიდან მაშინ 92.7 ათასი ლარი გამოიყო. ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში (მე-3 თავის 29-ე მუხლი) ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წელს სტადიონის მოვლისა და კომუნალური ხარჯებისთვის 246 ათასი ლარია გამოყოფილი. 2018 წლის დასაწყისში ქუთაისის მერის მოადგილე, იუზა უგულავა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდა,რომ მოლაპარაკება სტადიონის იჯარით გაცემაზე „ტორპედო ქუთაისის“ მფლობელებთან მიმდინარეობდა. როგორც მერიაში აცხადებენ, მიუხედავად ორმხრივი სურვილისა, შპს „ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსთან“ საიჯარო პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. მოლაპარაკება უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამჟამად კი სტადიონის იჯარით გაცემა აღარ იგეგმება.
ფაქტ-მეტრი კლუბ "ტორპედო ქუთაისის" აღმასრულებელ დირექტორს, მამუკა მოსიაშვილს დაუკავშირდა. მოსიაშვილმა განაცხადა, რომ მიღებული პრაქტიკაა სტადიონისა და საფეხბურთო კლუბის სხვადასხვა პიროვნების ან ორგანიზაციის მფლობელობაში ქონა. რაც შეეხება სტადიონის კომპანიის მიერ იჯარით აღებას, მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ მერიასთან ისინი პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. წინადადება, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესთავაზა, ინვესტორებისათვის მომგებიანი არ იყო.
ფაქტ-მეტრი, შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის“ დირექტორს, თამაზ კიკვაძეს ესაუბრა. კიკვაძემ დაადასტურა, რომ სპორტული მოედანი ქირავდება როგორც გუნდებზე, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებზე. ამ ეტაპზე სტადიონზე ქირის სანაცვლოდ თამაშობენ ბათუმის „დინამო ბათუმი“ და ქობულეთის „შუქურა“, რადგან განათების ბოძებზე დამონტაჟებულია ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების ანტენები, მოედანზე განთავსებულია რეკლამები, რომელთა უმრავლესობიდან შემოსავალს არა სტადიონი, არამედ ფეხბურთის ფედერაცია იღებს. მიღებული თანხა, საჭიროებისამებრ, მოხმარდება შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს“. თამაზ კიკვაძე აღნიშნავს, რომ ქირით მიღებული შემოსავალი არ არის სტაბილური და გადაჭრით თქმა იმისა, რომ დაფინანსება ბიუჯეტიდან არ დასჭირდებათ, შეუძლებელია. შპს-ს დირექტორმა ჩვენთან საუბარში ისიც განაცხადა, რომ მიმდინარე წელს შემოსავლის სახით 35 ათასი ლარის მიღებას ვარაუდობენ.
რედაქტორის შენიშვნა: ამ სტატიის თავდაპირველ ვერსიაში თემურ ცამციშვილის განცხადება შეცდომით იყო მოყვანილი. კერძოდ, პოლიტიკოსის ციტატაში 246 ათასი ლარის ნაცვლად, 264 ათასი ლარი იყო დასახელებული. ეს უზუსტობა გამოწვეული იყო შემდეგი ფაქტორით - პოლიტიკოსის ციტირებისას უნებლიე შეცდომა (რიცხვ 246-ს ნაცვლად, ეწერა - 264) დაშვებული იყო თავად იმ მედიასაშუალების მიერ, რომელიც ფაქტ-მეტრმა წყაროდ გამოიყენა. აღნიშნული უზუსტობის შესახებ ფაქტ-მეტრს თავად პოლიტიკოსმა აცნობა და თავისი განცხადების თავდაპირველი, ზუსტი ვერსიის ამსახველი ინფორმაციაც მიაწოდა. შესაბამისად, სტატია განახლდა, თუმცა მისი ვერდიქტი არ იცვლება.