Heritage Foundation ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს. აღნიშნულ რეიტინგში, ეკონომიკური თავისუფლების ერთ-ერთი კომპონენტის, ინვესტიციების თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველო 2012 წელს 70 ქულით 36-ე ადგილზე იმყოფებოდა. 2017 წლის მდგომარეობით აბსოლუტური ქულა 80-მდე გაიზარდა, რეიტინგში კი ქვეყანამ 21-ე ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო, 2018 წლის ანგარიშის თანახმად, აბსოლუტური ქულა უცვლელი დარჩა, თუმცა სხვა ქვეყნების მაჩვენებლების ცვლილების შედეგად, საქართველომ ადგილი რეიტინგში 3 საფეხურით გაიუარესა და 24-ე ადგილზეა.
ანალიზი საპარლამენტო უმრავლეოსობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა:
„გაუმჯობესება გვაქვს ინვესტიციების დაცულობის თვალსაზრისით, Heritage Foundation-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 36-ე ადგილიდან 21-ე ადგილზე გადაინაცვლა“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
Heritage Foundation-მა, 2018 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, მიმდინარე წლის აპრილში გამოაქვეყნა.საქართველო, ამ ინდექსის მიხედვით, რეგიონის (ევროპა) 44 ქვეყანას შორის მე-9, ხოლო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის მე-16 ადგილს იკავებს. 2017 წლის ანგარიშის თანახმად კი, რეგიონსა და მსოფლიოში, შესაბამისად, მე-5 და მე-13 ადგილზე იმყოფებოდა.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ერთ-ერთი კომპონენტია ინვესტიციების თავისუფლება, თუმცა ის არა თავისთავად ინვესტორის „დაცულობას“, არამედ ინვესტიციების შემოდინება-გადინებაზე დაწესებულ შეზღუდვებს ზომავს. ზოგადად, საკუთრების უფლებების და მათ შორის ინვესტორის/ინვესტიციების დაცვაზე საუბრისას, მეტად რელევანტურია, ეკონომიკური თავისუფლების სხვა კომპონენტზე, კერძოდ, საკუთრების უფლების მაჩვენებელზე საუბარი. საქართველოსთვის აღნიშნული მონაცემი 2017 წელთან შედარებით 55.2-დან 62.8 ქულამდე გაუმჯობესდა, შედეგად, ქვეყანამ შესაბამის რეიტინგში 77-ე ადგილიდან 50-ეზე გადაინაცვლა. 2012 წელს 40 ქულით საქართველო 71-ე ადგილს იკავებდა.
ინვესტირების თავისუფლების კომპონენტში საქართველოს მიღწევები აბსოლუტურ მაჩვენებლებში 80 ქულით არის შეფასებული და აღნიშნული მონაცემი უცვლელია 2014 წლიდან მოყოლებული. თუმცა, სხვა ქვეყნების შედეგების ცვლილებიდან (გაუარესება ან გაუმჯობესება) გამომდინარე, ადგილი რეიტინგში უცვლელი აბსოლუტური ქულის პირობებშიც ცვალებადია. ინვესტიციების თავისუფლების კუთხით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საქართველომ რეიტიგში ადგილი 3 საფეხურით გაიუარესა და 24-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში ცვლილების ტენდენციას 2012-2018 წლებისათვის ცხრილი 1 ასახავს.
ცხრილი 1:საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში
2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | 2018 | ||
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი | ქულა | 69.4 | 72.2 | 72.6 | 73 | 72.6 | 76 | 76.2 |
ადგილი მთლიან რეიტინგში | 34 | 21 | 22 | 22 | 23 | 13 | 16 | |
ადგილი რეგიონში | 16 | 11 | 12 | 11 | 12 | 5 | 9 | |
ინვესტირების თავისუფლება | ქულა | 70 | 75 | 80 | 80 | 80 | 80 | 80 |
ადგილი მთლიან რეიტინგში | 36 | 27 | 23 | 23 | 23 | 21 | 24 | |
ადგილი რეგიონში | 21 | 19 | 16 | 17 | 18 | 16 | 18 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ინვესტიციების თავისუფლებით 36-ე ადგილზე საქართველო 2012 წელს იმყოფებოდა, 21-ე ადგილი კი 2017 წლის მონაცემს შეესაბამება. 2018 წელს, 2017 წლამდე არსებული დადებითი ტენდენცია შეიცვალა და საქართველო როგორც ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის, ასევე ინვესტიციების თავისუფლების რეიტინგში დაქვეითდა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შესაბამისი აბსოლუტური ქულა 0.2-ით გაიზარდა, თუმცა რეიტინგში ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
მსგავსი მაჩვენებლები ასახულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშებშიც. აღნიშნული წყაროს თანახმად, 2012 წელს (2012-2013 წლების საანგარიშო პერიოდი) საქართველო საკუთრების უფლებების დაცვის კუთხით 3.1 ქულით 144 ქვეყანას შორის 131-ე, ხოლო ინვესტორის დაცვის სიძლიერით 7 ქულით მე-17 ადგილზე იმყოფებოდა. 2017 წლის მონაცემებით (2017-2018 წლები საანგარიშო პერიოდი), საკუთრების უფლებების თვალსაზრისით, საქართველო 4.7 ქულით 46-ე ადგილზეა, ინვესტორის დაცვის სიძლიერით კი 7.7 ქულით - მე-7. აღსანიშნავია, რომ წინამორბედ პერიოდთან (2016-2017 წლების საანგარიშო პერიოდი) შედარებით, საკუთრების უფლების თვალსაზრისით, საქართველო 3 ადგილით დაქვეითდა, ხოლო ინვესტორის დაცვის რეიტინგში წინსვლამ 13 საფეხური შეადგინა.