იტვირთება

ვერდიქტი: გიორგი მარგველაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე:

პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ შეწყალების უფლებაზე აქტიური განხილვა მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, შეწყალების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ამის შემდგომ მწვავე დისკუსია, უკვე, პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ განხორციელებული შეწყალებების ირგვლივ დაიწყო. მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები ამ ფაქტებს პირადად მისი და ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისთვის იყენებენ. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში მან შეწყალების სტატისტიკაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს გაცილებით მეტი პირი ჰყავდა შეწყალებული, ვიდრე მას.

აღმოჩნდა, რომ 2004-2013 წლებში, ორ საპრეზიდენტო ვადაში, მიხეილ სააკაშვილმა ჯამში 34 947 პირი შეიწყალა, ხოლო გიორგი მარგველაშვილმა, 2013-2018 წლებში, ჯამში - 3 861 პირი.

ანალიზი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, შეწყალების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა:

„დავითვალე და აღმოჩნდა, რომ წინა პრეზიდენტს 35 ათასი ადამიანი შეუწყალებია და მე - 3 500“.

შეწყალების უფლება, საქართველოს პრეზიდენტისთვის, კონსტიტუციის 73-ე მუხლით  მინიჭებული უფლებამოსილებაა. კონსტიტუციაზე დაყრდნობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის მიხედვით, შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ. შეწყალების აქტით, მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ან/და სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. მნიშვნელოვანია, რომ ამ აქტით, სასჯელმოხდილს შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. რაც შეეხება შეწყალების წესს, მას საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 მარტის ბრძანებულება

არეგულირებს.

უკანასკნელ პერიოდში, შეწყალების საკითხი აქტიური განხილვის საგანი გახდა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოების გამო. შეწყალების ირგვლივ მწვავე დისკუსია მაშინ დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, 2018 წლის 5 იანვარს, გამამტყუნებელი განაჩენი

გამოიტანა და ის დამნაშავედ სცნო უფლებამოსილების, კერძოდ, შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებაში. აღნიშნული ფაქტი, მოქმედმა პრეზიდენტმა შეაფასა, როგორც პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების მიზანმიმართული შეზღუდვა და პრეროგატივების შესუსტება.

შეწყალების სკანდალი ამ ფაქტით არ დასრულებულა, შემდეგი იყო ირაკლი ქორიძის საქმე, რომელიც 2018 წლის 2 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს. უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, განაცხადა რომ ირაკლი ქორიძე მანამდე პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული: „ეს არის პიროვნება, რომელიც 2011 წელს იყო გასამართლებული 300 აბი სუბოტექსის შენახვა-შემოტანაზე. მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2013 წელს მას შეეხო ამნისტიის აქტი. ამ დროს მას სასჯელის ვადის 1/4 მოაკლდა. 2014 წელს ის არა ამნისტიის, არამედ უკვე შეწყალების აქტით, პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაათავისუფლა“. საუბრობდნენ იმაზეც, რომ ირაკლი ქორიძე პრეზიდენტის ნათესავი იყო. პრეზიდენტმა ეს ფაქტი არ დაადასტურა, ხოლო შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ მსგავს საუბრებს პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიაზე მიზანმიმართული შეტევა უწოდა. შეწყალებაზე საუბარი არც ქორიძის საკითხით დასრულებულა, 2018 წლის 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, საზარელი დანაშაული მოხდა - ახალგაზრდა ქალი შვილების თანდასწრებით მოკლეს. აღმოჩნდა, რომ ბრალდებული, მსხვერპლის ყოფილი მამინაცვალი, რომელიც სასჯელს მეუღლეზე ძალადობასა და ავტოავარიის გამო იხდიდა, ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული. პრეზიდენტმა საზოგადოებისთვის შესაბამისი განმარტებები გააკეთა: „2014 წლის აგვისტოში ეჭვმიტანილმა ჩაიდინა ძალადობის აქტი მეუღლის მიმართ, მაშინ იგი არ დააპატიმრეს და მხოლოდ ოთხთვე-ნახევრის  შემდეგ, ავარიის გამო დააკავეს და ამ ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და უარყოფილ იქნა, მეორე მიმართვის დროს კომისიაში შევიდა რამდენიმე საბუთი, რომელთაგან ერთი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის დადებითი დახასიათება, ასევე სამედიცინო დასკვნა, სადაც არ იყო მითითებული რაიმე სულიერი დაავადება. თან ერთვოდა ბრალდებულის აღიარება და იმის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. ასევე, ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე

“.

სწორედ შეწყალების ამ ფაქტებზე და საზოგადოების განხილვებზე საუბრისას განაცხადა პრეზიდენტმა, რომ მას გაცილებით ნაკლები ადამიანი ჰყავდა შეწყალებული, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს.

ფაქტ-მეტრმა შესაბამისი ინფორმაცია

 პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოითხოვა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, 2004 წლის იანვრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე, მიხეილ სააკაშვილის ორი საპრეზიდენტო ვადისას, პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისია ჯამში 45-ჯერ შეიკრიბა. პრეზიდენტის მიერ, სულ შეწყალებული იქნა 34 947 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი. მათგან უმეტესობა, 22 920 პირი, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გამოცემული 4 განკარგულების საფუძველზე გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის შემდგომ მოხდისგან და მოეხსნა ნასამართლობა.

რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, 2013 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე, სულ შეწყალებული ჰყავს 3 861 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი. მისი ერთი საპრეზიდენტო ვადისას, ჩატარებულია შეწყალების საკითხთა კომისიის 12 სხდომა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2840 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი