საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში, 2017 წელს, საქართველომ ამ პროგრამით აღებული ვალდებულებების უმეტესობას (ეკონომიკური მაჩვენებელები) დადებითი კუთხით გადააჭარბა. გასული წლის ეკონომიკურმა ზრდამ 5.0% შეადგინა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლით და პროგრამის მოთხოვნით, შესაბამისად, 4.3% და 3.5% იყო. ასევე, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიში, რომლის დეფიციტი 8.7%-მდე შემცირდა (მოთხოვნილი იყო 12.9%). რაც შეეხება ინფლაციას, ეს მოთხოვნა ვერ შესრულდა და ინფლაციამ საპროგნოზო მონაცემს გადააჭარბა - 6.7% შეადგინა. ეს პარამეტრი სავალუტო ფონდის მიერ არაუმეტეს 5.6%-ზე იყო მოთხოვნილი.
საერთო ჯამში, IMF-ის მიერ გასული წლის მიღწეული შედეგები დადებითად იქნა შეფასებული და, ასევე, 2018 წლის მაკროეკონომიკური მაჩვენებელების პროგნოზი დადებითი მიმართულებით შეიცვალა.
ანალიზი საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით,საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა. მან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ინფლაციაზე და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე ისაუბრა, სადაც, გვენეტაძის განცხადებით, ძირითადად გაუმჯობესებული მდგომარეობაა.
„გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი (EFE)“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამაა, რომელიც მიმართულია დაბალი ზრდის, საგადასახადო დისბალანსის და სხვა არასტაბილური მაჩვენებელების მქონე ქვეყნებისთვის დახმარების გასაწევად. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველო სამი წლის მანძილზე მრავალმხრივი ეკონომიკური რეფორმის განსახორციელებლად ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს, რომლის მიზანი მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაა. საქართველოს მიერ აღნიშნული ტრანშის მიღება დაკავშირებულია IMF-ის მიერ მიმოხილვასთან. პროგრამის ფარგლებში IMF-მა პირველი მიმოხილვა გასული წლის დეკემბერში გამოაქვეყნა.მეორე მიმოხილვა 2018 წლის ივნისისთვის უნდა დამტკიცდეს და გამოქვეყნდეს.
EFF-ის პირველი მიმოხილვის ფარგლებში, 2017 წელს საქართველოს მშპ-ის 3.5%-იანი ზრდა დაუსახეს მიზნად. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის მშპ-ის ზრდა 5.0%-ს შეადგენს, რაც EFF-ის მოთხოვნას 1.5, ხოლო თავდაპირველ პროგნოზს 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება. 2013-2016 წლებში მშპ-ის ზრდის ფაქტიური მაჩევენებელი IMF-ის საპროგნოზო მაჩვენებელზე დაბალი იყო (იხ. ბმული 1).გრაფიკი 1:
მშპ-ის რეალური ზრდა და IMF-ის საპროგნოზი მაჩვენებელი (%)
შენიშვნა: აღებულია იმავე წლის IMF-ის საპროგნოზო მაჩვენებელი; 2017 წლის დაუზუსტებელი მაჩვენებელი2017 წელს ინფლაციის მაჩვენებელმა 6.7% შეადგინა, რაც EFF-ის მოთხოვნას 1.3% პუნქტით აღემატება. ამდენად, ამ მოთხოვნის შესრულება ვერ მოხეხრდა. გასული წლის ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი აქციზზე განკვეთის ზრდამ გამოიწვია, რომელიც არაპირდაპირი გადასახადია და პროდუქციის ფასზე აისახება. პირველი მიმოხილვის ფარგლებში პროგრამის მიერ მოთხოვნილი მაჩვენებელი 2018 წლისთვის 3.0%-ია, ხოლო საპროგნოზო კი - 3.2%. თუმცა, IMF-ის მიერ მიმდინარე თვეში გამოქვეყნებულ world economic outlook-
ის მიხედვით, 2018 წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 3.0%-მდე ჩამოვიდა. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიც 3.0%-იანი ინფლაციით არის დაგეგმილი.
გრაფიკი 2:
ინფლაციის ფაქტობრივი და IMF-ის საპროგნოზო მაჩვენებლები (%)
შენიშვნა: აღებულია იმავე წლის IMF-ის საპროგნოზო მაჩვენებელი2017
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანდართულ დოკუმენტებში სახელმწიფო ვალის პროგნოზი მშპ-თან მიმართებაში 44.2%, ხოლო IMF პირველ მიმოხილვაში - 42.3%-ით იყო განსაზღვრული. EFF-ის ფარგლებში ზედა ზღვარი კი, გასულ წელს 45.5%-ის დონეზე იყო მოთხოვნილი. აღნიშნულმა მაჩვენებელმა წლის ბოლოს მშპ-ის 42.3% შეადგინა, რაც EFF-ის მიერ მოთხოვნილ ზედა ზღვარზე 3.2% პუნქტით ნაკლებია. ამდენად, ეს მოთხოვნაც შესრულდა.
გრაფიკი 3:სახელმწიფო ვალის შედარება მშპ-თან, ფაქტობრივი და IMF-ის საპროგნოზო მაჩვენებლები (%)
შენიშვნა: 2017 წლის წინასწარი მონაცმებიმიმდინარე ანაგარიში საგადასახდელო ბალანსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ აქტივობას ასახავს. მინდინარე ანგარიშის მნიშვნელოვანი კომპონენტი ექსპორტ-იმპორტის (სავაჭრო ბალანსი) მაჩვენებელია. ის ასევე მოიცავს, საზღვარგარეთიდან მიღებულ შემოსავლებსა და ტრანსფერებს. ქვეყნის საგარეო სტატისტიკაზე ფაქტ-მეტრმა მიმდინარე თვეს კვლევა
გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მიმდინარე ანაგრიშის დეფიციტის ძირითადი მიზეზი საქონლით ვაჭრობის უარყოფითი მაჩვენებელია, რომელსაც ნაწილობრივ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები (მომსახურებით ვაჭრობა) აბალანსებს. გასულ წელის მიმდინარე ანაგარიშის დეფიციტი 8.7% -მდე შემცირდა (მშპ-თან მიმართებაში). EFF-ის მოთხოვნით კი, ზედა ზღვარი 12.9%, ხოლო საპროგნოზო მაჩვენებელი 10.4%. ამდენად, ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია.
გრაფიკი 4:მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-თან მიმართებაში; ფაქტობრივი და IMF-ის საპროგნოზო მაჩვენებელი (%)
ინფორმაციისთვის უნდა აღინიშნოს, რომ EFF-ის პროგრმა ორიენტირებულია ისეთ სტრუქტურულ რეფორმებზე, როგორიცაა კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო სისტემა, საჯარო ფინანსების მართვა, საჯარო-კერძო პარტნიორობა (PPPs), კონკურენციის გაუმჯობესება და განათლების რეფორმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული მემორანდუმის
ფარგლებში, საკანონმდებლო თვალსაზრისით შეიძლება გამოვყოთ საპენსიო სისტემისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ, კანონპროექტების მომზადების ვალდებულება.
საპენსიო სისტემა - IMF-თან არსებული შეთანხმების ფარგლებში საქართველოს 2017 წლის დეკმებრამდე უნდა მოემზადებინა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი, ხოლო 2018 წლის ივნისამდე უნდა შექმნას დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტო. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა, რომლის პარლამენტში ინიცირება საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 29 დეკემბერს განახორციელა. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფაქტ-მეტრის კვლევებში (ბმული 1; ბმული 2). საჯარო-კერძო პარტნიორობა (PPPs) - სავალუტო ფონდთან აღებული კიდევ ერთი ვალდებულება 2017 წლის ბოლომდე „საჯრო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება იყო. აღნიშნული კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით მომზადდა, რომლის პარლამენტში ინიცირება 2017 წლის 28 სექტემბერს მოხდა. კანონპროექტი გულისხმობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და საჯრო და კერძო სექტორის მიერ ერთობლივი ინფრასტრუქტურლი პროექტების განხორციელების წახალისებას. თავის მხრივ, კანონპროექტის მომზადების პერიოდში, რეკომენდაციების გაცემის დონეზე მონაწილეობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ამ ეტაპზე, პარლამენტში კანონპროექტი მეორე მოსმენით არის განხილული.