2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ხოლო გასული წლის 26 ივლისს ამ კანონის ახალი რედაქცია დაამტკიცა. რედაქტირების შედეგად, მიღებული ცვლილებების აღსრულება დროში გაიწერა და მისი საბოლოო ამოქმედება 2023 წლამდე გადაიდო. კანონის მიმდინარე ვარიანტის მიხედვით, იგი სრულყოფილად ძალაში 5 ეტაპად შევა. კერძოდ, 2018 წლის 1-ლი მაისიდან:
- თამბაქოს მოწევა აიკრძალება ნებისმიერი ტიპის შენობაში, გარდა ფიზიკური პირის სახლისა; სამორინისა; პენიტენციური დაწესებულებისა; თამბაქოს კვამლის შემსწავლელი ლაბორატორიული დანადგარისა; სიგარაბარისა; ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილი დაწესებულებისა, სპეციალური ნებართვისა და პირობების შემთხვევაში; აეროპორტების შენობათა მოსაწევად გამოყოფილი იზოლირებული ადგილისა;
- თამბაქოს მოწევა აიკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში;
- საგანმანათლებლო დაწესებულებებში და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში;
- სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიაზე;
- ცეცხლსაშიში ნივთიერების შესანახ ტერიტორიებზე.
გარდა აღნიშნული შეზღუდვებისა, 2018 წლის 1-ლი მაისიდან იკრძალება: თამბაქოს მოხმარების ნებისმიერი ფორმით დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის გამავრცელებელი ყველა საშუალებით; თამბაქოს ან მის გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი მარკეტინგული, სარეკლამო აქტივობა და მოვაჭრის წახალისება თამბაქოს მწარმოებლების მხრიდან; თამბაქოს ნაწარმის საცალო გასაღება.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება. მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან:
- თამბაქოს მწარმოებლებთან შეხვედრა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მთავრობის წარმომადგენლებმა უნდა წარმართონ საჯაროდ და გამჭვირვალედ;
- იკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ვიტრინაზე, დახლზე ისე, რომ იგი ხილვადი იყოს გასაყიდი ობიექტის გარედან;
- იკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი ტრანსპორტში მსხდომთათვის მიწოდებით.
2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სტადიონზე და სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან აიკრძალება თამბაქოს რეალიზაცია ისე, რომ იგი შესამჩნევი იყოს სარეალიზაციო ობიექტის შიგნიდან. 2022 წლის 31 დეკემბრიდან კი აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება. მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელი ცვლილება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში გასული წლის 26 ივლისიდან შევიდა. კანონის რედაქციის პირველი ვერსიით კი ე.წ. „სადა შეფუთვით“ თამბაქო 2018 წლიდან უნდა გაყიდულიყო. კანონში შეტანილი ცვლილებების ეტაპობრივი განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა თამბაქოს ინდუსტრიაში ჩართული მხარეების ზარალი ერთიანი არ იყოს და შესაბამისი ოდენობის თანხა ეკონომიკიდან ერთდროულად არ ამოვიდეს.
აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებამდე, 2017 წლის 1 იანვრიდან ერთ კოლოფ ფილტრიან თამბაქოზე აქციზის განაკვეთი 60 თეთრით გაიზარდა და 1.7 ლარი გახდა. უფილტრო სიგარეტზე გადასახადი კი 30 თეთრით გაიზარდა და 0.6 ლარი გახდა. მომატებული აქციზის განაკვეთი ბუნებრივად აისახა თამბაქოს პროდუქტებზე ფასების ზრდაზე, რაც სათანადოდ აისახა 2017 წლის პერიოდის ბოლოს დაფიქსირებული წლიური ინფლაციის მაჩვენებელში. 2017 წლის დეკემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებზე ფასები 6.7%-ით იყო გაზრდილი, რაც მაღალი ზრდის მაჩვენებელია. აქედან თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე ფასები, სხვა პროდუქტების ჯგუფებთან შედარებით, ყველაზე მეტად, 17.5%-ით გაიზარდა. აღნიშნული ნაზრდის წილმა ფასების მატების შესაბამის წლიურ მაჩვენებელში 1.12% შეადგინა. თამბაქოზე აქციზის მატების ეფექტი შესამჩნევი იყო 2018 წლის იანვრის თვის ინფლაციის წლიურ ნიშნულშიც. 2017 წლის პერიოდის ბოლოს მსგავსად, 2018 წლის დასაწყისშიც, თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების ჯგუფში ფასების ზრდა ყველაზე მაღალი იყო და 11.5% შეადგინა, რაც ინფლაციის შესაბამის მონაცემში (4.3%) 0.75%-ით აისახა. 2018 წლის თებერვალ-მარტში ინფლაციის მაჩვენებელში აქციზის ზრდის გავლენამ დაიკლო და იგი მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, კიდევ შემცირდება. აქციზის ზრდის რეალური ეფექტი თამბაქოს მოხმარების შემცირების სტატისტიკით უნდა შეფასდეს, თუმცა 2017 წლის შემდეგ ჩატარებული არც ერთი რელევანტური სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები ამ დრომდე ხელისაწვდომი არ არის. ამგვარი კვლევა „დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა“ უახლოეს მომავალში უნდა გაასაჯაროვოს. უნდა განახლდეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებიც, რაც, ამ ეტაპზე, 2015 წლის მაჩვენებლებს ასახავს, ამდენად, რეალობას ადეკვატურად არ წარმოაჩენს.
მიუხედავად ვალიდური ანალიზის არარსებობისა, გასული წლის პერიოდის ბოლოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები თამბაქოს მოხმარების კლებაზე საუბრობდნენ. აღნიშნული განცხადებები შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოებულ სტატისტიკას ეყრდნობოდა. შემოსავლების სამსახური, მოთხოვნის შესაბამისად, ერთეულ კოლოფზე გაცემული აქციზური მარკების რაოდენობას აღრიცხავს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში (2014-2017 წლები) ორგანიზაციამ თამბაქოსთსვის 1.84 მლნ ერთეული აქციზური მარკა გასცა, აქედან გასულ წელს 397 167 აქციზური მარკა გაიცა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემზე 14.6%-ით ნაკლებია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რაოდენობის კლება შეინიშნებოდა 2016 წელსაც, როდესაც, გასულ წელთან შედარებით, თამბაქოზე 5.3%-ით ნაკლები აქციზური მარკა გაიცა.
საყურადღებოა, რომ მოცემული სტატისტიკა თამბაქოს მოხმარების კლების სრულყოფილად შეფასებისთვის საკმარისი ვერ იქნება, რადგან იგი აქციზურ მარკებზე მწარმოებლების მოთხოვნას გამოხატავს და არ აჩვენებს ამოყიდული აქციზების მოცულობას. მოთხოვნის შესაბამისად, გაცემული აქციზური მარკა კი სიგარეტის კოლოფის მოხმარების ტოლფასი მნიშვნელობის არ არის, თუმცა ტენდენციის შესაფასებელ ირიბ (არაზუსტ) მონაცემად შესაძლებელია იქნეს გამოყენებული.
ცხრილი 1:მოთხოვნის შესაბამისად ერთეულ კოლოფზე გაცემული აქციზების რაოდენობა 2014-2017 წლებში (ერთეული, %)
2014 | 2015 | 2016 | 2017 | |
გაცემული აქციზების რაოდენობა | 485 893 | 490 956 | 464 843 | 397 167 |
ცვლილება | - | 1% | -5.3% | -14.6% |
წყარო: შემოსავლების სამსახური
მოხმარებული თამბაქოს ოდენობის კიდევ ერთი ირიბი ინდიკატორი, თამბაქოს ნაწარმის აქციზით დაბეგვრის შედეგად მიღებული შემოსავლების ცვლილება შეიძლება იყოს. 2017 წელს აღნიშნულმა ოდენობამ 672 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს 22.4%-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდში თამბაქოს აქციზიდან გენერირებული თანხის მოცულობა მუდმივად იზრდებოდა. თუმცა, აღნიშნული მონაცემი დამოკიდებულია როგორც დაბეგვრის განაკვეთის ცვლილებაზე, ასევე, სიგარეტის სარეალიზაციო ფასზე. საანგარიშო პერიოდში განაკვეთი პერიოდულად იზრდებოდა, ისევე, როგორც სიგარეტის საცალო ფასი, შესაბამისად, აქციზიდან შემოსავლების ცვლილება მოხმარებული თამბაქოს ფიზიკური ოდენობის ნაკლებად სანდო ინდიკატორია.
ცხრილი 2:თამბაქოს აქციზიდან გენერირებული გადასახადი 2014-2017 წლებში (მლნ ლარი)
საგადასახადო პერიოდი | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
აქციზის გადასახადი საქართველოში რეალიზებულ თამბაქოზე | 74 | 57 | 30 | 53 |
აქციზის გადასახადი საქართველოში იმპორტირებულ თამბაქოზე | 302 | 349 | 519 | 620 |
სულ თამბაქოს აქციზიდან მიღებული შემოსავალი | 376 | 406 | 549 | 672 |
წყარო: შემოსავლების სამსახური
აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად გაიზარდა თამბაქოსთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს უაქციზო სიგარეტის ბრუნვასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეთა რაოდენობამ 65 შეადგინა, რაც 2016 წლის მონაცემს 4-ჯერ აღემატება. ამ საქმეების შედეგად, ამოღებული უაქციზო სიგარეტების რაოდენობა კი 2017 წელს 558 685 ერთეულს უტოლდებოდა, რაც 21-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცხრილი 3:თამბაქოსთან დაკავშირებული სს საქმეების რაოდენობა 2014-2017 წლებში
წელი | სს საქმეთა რაოდენობა | ამოღებული სიგარეტის კოლოფების რაოდენობა |
2014 | 2 | 3536 |
2015 | 7 | 68 895 |
2016 | 16 | 26 557 |
2017 | 65 | 558 685 |
სულ | 90 | 657 673 |
წყარო: შემოსავლების სამსახური
2017 წელს თამბაქოს ჩამორთმევასთან დაკავშირებით 165 ოქმი იქნა შედგენილი, 2016 წელს აღნიშნული რაოდენობა 4, ხოლო 2015 წელს 2 ერთეულს უტოლდებოდა. გასულ წელს ჩამორთმეული სიგარეტის ოდენობა კი, 11 284 კოლოფი, 2016 წლის ანალოგიურ მონაცემს 11-ჯერ აღემატება.
ცხრილი 4:ჩამორთმეული თამბაქოს ნაწარმის სტატისტიკა 2015-2017 წლებში
წელი | ჩამორთმეული თამბაქოს ნაწარმი | ||||
ოქმის რაოდენობა | ფილტრიანი | უფილტრო | |||
კოლოფი | ღერი | კოლოფი | ღერი | ||
2015 | 2 | 0 | 0 | 2 999 | 59 980 |
2016 | 4 | 1 003 | 20 060 | 0 | 0 |
2017 | 165 | 11 092 | 222 666 | 192 | 3 832 |
წყარო: შემოსავლების სამსახური
ამავე პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა თამბაქოს არადეკლარირებულად გადაზიდვის ფაქტების რაოდენობა და 2017 წლისთვის 211 შემთხვევა დაფიქსირდა, 2016 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 69 ერთეულს შეადგენდა. გამოვლენილ სამართალდარღვევათა შედეგად გასულ წელს 4.6 მლნ ღერი სიგარეტი ამოიღეს, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.
საყურადღებოა, რომ ზემოთ მოცემული ტენდენცია 2018 წელსაც გრძელდება, რასაც შემოსავლების სამსახურის სიახლეების არქივის ანალიზი ადასტურებს. 2018 წლის იანვრიდან დღემდე, აღნიშნულ არქივში სიგარეტთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე 50-მდე სიახლე იძებნება.
ცხრილი 5:საქართველოს საბაჟოებზე არადეკლარირებულ თამბაქოსთან დაკავშირებული შემთხვევებისა და ამოღებული ღერების რაოდენობა 2014-2017 წლებში
სამართალდარღვევის ფაქტების რაოდენობა | ღერების რაოდენობა | |
2014 | 51 | 243 715 |
2015 | 63 | 2 213 920 |
2016 | 69 | 1 937 920 |
2017 | 211 | 4 561 425 |
წყარო: შემოსავლების სამსახური
კონტრაბანდის შემთხვევების გახშირება ბუნებრივად სდევს თან აქციზის გადასახადის განაკვეთის არსებით ზრდას. ეს ტენდენცია მიგვანიშნებს, რომ, სავარაუდოდ, თამბაქოსთან დაკავშირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა საქართველოში არ გამქრალა და ამ დრომდე სიგარეტის მოხმარების საწინააღმდეგოდ მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანი არ ყოფილა - სასურველ პროდუქტზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან ერთად, შავი ბაზარი გაჩნდა.
თამბაქოს მოხმარება რეალურად და ეტაპობრივად მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან შეიზღუდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის ბლოგის მიხედვით, თამბაქოს ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 22 000-ს შეადგენს. კანონის გამკაცრების შედეგად, ამ ადამიანების ფინანსური მდგომარეობა სავარაუდოდ გაუარესდება. გარდა ამისა, გარე სარეკლამო კომპანიების შემოსავლის 30-35% თამბაქოს რეკლამირებაზე მოდის, თამბაქოს მწარმოებლები კი მარკეტინგულ აქტივობაზე დაახლოებით 60 მილიონ ლარს ხარჯავენ. ასევე, თამბაქოს მწარმოებლების მხრიდან 35 მლნ ლარი იხარჯება საცალო მოვაჭრეების წახალისებაში, რათა მათი ნაწარმი ხილული ადგილიდან გაიყიდოს. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის სრულად ამოქმედების შედეგად, ეს შემოსავალი სრულად დაიკარგება, რაც საგულისხმო დანაკარგია.
პოტენციურად მისაღები უარყოფითი ეფექტების გარდა მიღებულ ცვლილებებს აქვს რიგი დადებითი მხარეც. არსებული კანონი იცავს არამწეველთა უფლებებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. სხვა ქვეყნების მაგალითზე იკვეთება, რომ საყოველთაო აკრძალვა, რომელიც მოიცავს მოწევის პროპაგანდისა და თამბაქოს პროდუქტების მარკეტინგის ყველა ფორმის შეზღუდვას, გრძელ ვადაში ზრდის მოსახლეობის ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მიდრეკილებას და რეალურად ამცირებს თამბაქოზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობას.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ზუსტი გამოთვლა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის შედეგად საზოგადოებასა და ეკონომიკაზე მიყენებული დანაკარგისა შეუძლებელია. მაგალითად, არ შეგვიძლია კანონის სარგებლიანობა თამბაქოს ინდუსტრიაში ჩართული პირების ან მწეველების ზარალისა და არამწეველების ან თამბაქოს მოხმარების რეგულირების მომხრეთა სარგებლის შედარების გზით დავთვალოთ. ამდენად, არსებული კანონის ავკარგიანობა სრულყოფილად ვერ გამოიკვეთება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია პოტენციური ზარალისა და ამონაგების სავარაუდო მოცულობის შეფასება. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის მიერ პირველ ეტაპზე სიგარეტის შეძენაზე 24 მლნ ლარი დაიზოგება და ეს თანხა სხვა ბიზნეს სექტორებში გადაინაცვლებს, რაც ცალსახა მოსაზრება ვერ იქნება. გარდა ამისა, კანონის განმრატებითი ბარათის გავლენის ნაწილი მეზობელი ქვეყნების გამოცდილების ანალიზს მოიცავს, რაც საყურადღებო ტენდენციებს გამოკვეთს, მაგრამ ერთადერთ სახელმძღვანელოდ არ გამოდგება. სახელმწიფოთა საერთო გეოგრაფიული კონტექსტი საკმარისი წინაპირობა საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მისაღებად ვერ იქნება. კანონში დართული სოციოლოგური გამოკითხვა კი სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა, დამოუკიდებლად, 2016 წელს წარმართა, გამოკითხვის შერჩევას 1 050 რესპოდენტი შეადგენდა და მისი ცდომილების ალბათობა თბილისისთვის 4.4%, ხოლო რეგიონებისთვის 4.2% იყო.
კანონის მიღებამდე განხორციელებული მოკვლევის არასაკმარისობას მის თავდაპირველ ვერსიაში შეტანილი ცვლილებებიც ცხადყოფს, რის შედეგადაც, კანონი არა ერთბაშად, არამედ 5 ეტაპად ამოქმედდება და სრულყოფილად 2023 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. მიუხედავად ამგვარი თანმიმდევრობისა, ამ ეტაპზე კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით ეჭვები მაინც ჩნდება. ცნობილია, რომ 2018 წლის 1-ლი მაისიდან კანონის აღსრულებას საქართველოს საპატრულო პოლიცია განახორციელებს. თავად ცვლილებების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ პროცესში ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ჩართულობა არსებითია. ამგვარი მითითება კანონის სათანადო აღსრულებას ადამიანთა კეთილ ნებაზე აფუძნებს, რაც ამ პროცესის შესაძლო ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონისა და მისი თანმდევი საგადასახადო ღონისძიებების სასურველი და ნავარაუდვი შედეგები ხელშესახები არ არის. ცვლილებების სრულყოფილ ეფექტს კი დრო გამოაჩენს.