რეზიუმე:
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 2018 წლის ბოლომდე მერიის მიერ დიზელის, ბენზინისა და გაზის შეძენაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავარაუდო ხარჯი 442 050 ლარი იქნება.
ხელშეკრულების მიხედვით, 30 000 ლარი გათვლილია ავტომობილების შეკეთებაზე, ხოლო 1 780 ლარი 11 ახალი აკუმულატორის შეძენაზე, რაც ჯამში 31 780 ლარს შეადგენს. ამდენად, საწვავისა და მანქანების შეკეთების სავარაუდო ჯამური თანხა, ხელშეკრულებების მიხედვით, 473 830 ლარია.
როგორც ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, გიგა შუშანიამ განცხადების გაკეთებისას, პრეისკურანტის თანხებითაც იხელმძღვანელა. პრეისკურანტის მიხედვით, ავტომობილების შეკეთების და ტექნიკური მომსახურების ღირებულება 340 803 ლარია. თუმცა, აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი, პრეისკურანტით გაწერილია მომსახურების სავარაუდო საბაზრო ღირებულება და არ ნიშნავს იმას, რომ მომსახურებაზე აუცილებლად ამ რაოდენობის თანხა დაიხარჯება. რეალურად, მერიის მიერ გამოცხადებულ შესყიდვებზე უნდა დაიხარჯოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ან მასზე ცოტა მეტი. ამას გასულ წლებში ჩატარებული ტენდერების პრაქტიკაც გვიჩვენებს. ამდენად, შუშანიას განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება.
ანალიზი მიმდინარე წლის 13 აპრილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გიგა შუშანიამ, განაცხადა:„2018 წელს ავტომობილების შეკეთებაზე 340 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ თანხაზე მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი და გამოავლინა გამარჯვებული. ასევე, ქუთაისის მერია 2018 წელს გეგმავს მოიხმაროს 440 000 ლარის საწვავი. ჯამში, ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება“.
საპასუხო განცხადება ქუთაისის მერიაში მალე გააკეთეს.უწყებაში აღნიშნეს, რომ მათ ბალანსზე არსებული ავტომობილების შეკეთებისათვის 30 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 340 000 ლარი პრეისკურანტის, ანუ მერიის ბალანსზე არსებული ყველა ავტომობილის შეკეთების ღირებულებაა და არა ხელშეკრულების თანხა.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2017 წლის ბოლოსა და 2018 წლის დასაწყისში რამდენიმე ტენდერი გამოცხადდა. შესყიდვები ეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობისათვის განკუთვნილი ავტომობილების საწვავით მომარაგებას, მათ რემონტს, სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას და შეკეთებას.
2018 წლის მონაცემებით,ქუთაისის მერიას 70 ერთეული ავტოტრანსპორტი ემსახურება. მათგან 7 ტექნიკური გაუმართაობის გამო არ ფუნქციონირებს.
მერიის ავტომობილების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვისთვის აუქციონი, კოდით NAT180004219, მიმდინარე წლის 19 მარტს გამოცხადდა. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება 340 803 ლარით, ხოლო შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 30 000 ლარით განისაზღვრა. ტენდერის ბოლო შეთავაზება „თეგეტა მოტორსს“ ეკუთვნოდა. ხელშეკრულებას ხელი 2018 წელის 11 აპრილს მოეწერა. ხელშეკრულებისჯამური ღირებულება 30 000 ლარია. რამდენი დაიხარჯება ფაქტობრივად, ცნობილი ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, 2019 წლის 25 იანვარს გახდება.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პრეისკურანტი ეწოდებადოკუმენტს, რომელიც მოიცავს პროდუქციის, საქონლის, მანქანა მოწყობილობების და მომსახურების სრულ ნუსხას ფასების მითითებით. ამდენად, პრეისკურანტში მითითებული თანხა არ ნიშნავს, რომ რეალურად ამდენი დაიხარჯება. ამას წინა წლების პრაქტიკაც აჩვენებს.
მაგალითად, 2016 წელს იგივე ტიპის ტენდერის ღირებულება პრეისკურანტის მიხედვით 405 828, ხოლო ხელშეკრულებით 44 820 ლარი იყო. ხელშეკრულების თანხას 2016 წლის 5 აგვისტოს 1 620 ლარი დაემატა,ხოლო იმავე წლის 14 სექტემბერს - 4 480 ლარი. ჯამში 2016 წელს, ავტომობილების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურებისათვის, რეალურად, 50 920 ლარი დაიხარჯა.
მოცემულ მაგალითზე ვხედავთ, რომ პრეისკურანტით გაწერილი იყო საკმაოდ დიდი თანხა, თუმცა რეალურად დაიხარჯა სახელშეკრულობო ღირებულებაზე ცოტა მეტი.
მიმდინარე წელს, ელექტრონული შესყიდვა აუქციონის გარეშე, ნომრით NAT180003748, 2018წლის მარტში გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 040, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გასახარჯი თანხა 1 780 ლარია. ამ თანხით 2018 წლის დეკემბრამდე ქუთაისის მერიის ბალანსზე მყოფი ავტომანქანებისათვის 11 აკუმულატორის შესყიდვა და მონტაჟი იგეგმება.
რაც შეეხება საწვავის თემას, ბენზინის შესყიდვისათვის კონსოლიდირებული ტენდერი კოდით CMR170220753, 2017 წლის ბოლოს გამოცხადდა. ტენდერი შპს „რომპეტროლ საქართველომ“ მოიგო. ხელშეკრულების ღირებულება 416 000 ლარია, ამ დროისთვის ფაქტობრივად გახარჯული თანხის ჯამი 47 917.80 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება 2019 წლის იანვრის ბოლომდეა ძალაში. 21 400 ლარია კიდევ ერთი შესყიდვის თანხა. დიზელის შეძენისათვის გამოცხადებული ტენდერის კოდია CMR170220741,გამარჯვებული ისევ „რომპეტროლ ჯორჯიაა“. კომპანია ვალდებულია მერია საწვავით 2019 წლის იანვრის ბოლომდე მოამარაგოს. ამ დროისთვის ქუთაისის თვითმმართველობის მიერ დიზელზე დახარჯული თანხა 1 670.60 ლარს შეადგენს.
ბუნებრივი აირით ქუთაისის საკრებულოსა და მერიის მანქანებს კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ამარაგებს. 4 650 ლარის ღირებულების ტენდერი კოდით SPA170016947 კომპანიამ მიმდინარე წლის დასაწყისში მოიგო. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 4 650 ლარია. „ვისოლი“ ვალდებულია 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ადგილობრივ თვითმმართველობას 3 000 კუბური მეტრი აირი მიაწოდოს.