საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მთლიანი ნათესი ფართობების მოცულობამ 215.1 ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია და ბოლო 10 წლის მანძილზე, ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
იმისთვის, რომ მთლიანად სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა შევაფასოთ, საჭიროა, ერთი მხრივ მისი რეალური ზრდის ტემპის ანალიზი (როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე) ხოლო მეორე მხრივ, რა წილი აქვს სოფლის მეურნეობას ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში, ანუ რა წილი აქვს მთლიან შიდა პროდუქტში. 2013 წლიდან სოფლის მეურნეობაში შექმნილი დამატებითი ღირებულების ზრდის ტემპი იკლებს. ხოლო, 2017 წელს უარყოფითი, -2.7% იყო. თუ 2013-2016 წლებში ზრდის ტემპის კლების პარალელურად, წარმოება უმნიშვნელო ტემპებით, მაგრამ იზრდებოდა, 2017 წელს გამოშვებული პროდუქციის ოდენობა, წინა პერიოდთან შედარებით, შემცირდა. ბოლო წლებში კლებადია მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილიც, 2013-2017 წლებში აღნიშნული მონაცემი 1.2% პუნქტით, 8.2%-მდე შემცირდა, რაც 2008 წლიდან დღემდე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნათესი ფართობების მოცულობის შემცირების მიზეზი საწვავის გაზრდილი ფასები და ტრაქტორების არასაკმარისი რაოდენობაა. მოცემული სტატიის ფარგლებში მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას სრულყოფილად შეფასდეს დასახელებული ფაქტორების გავლენა წარმოების მოცულობაზე, თუმცა, გასული წლების მონაცემების მიხედვით, საწვავის ფასის ცვლილებასა და ნათესი ფართობის მოცულობას შორის ცალსახა კავშირი არ შეინიშნება.
ანალიზისაქართველოს პარლამენტის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა: „წლიდან წლამდე, იკლებს დამუშავებული მიწის ფართობები და 2017 წელს ძალიან დაბალ ნიშნულზე, 215 ათას ჰექტრამდე შემცირდა. 2013 წლიდან მოყოლებული სოფლის მეურნეობის გამოშვება იკლებს, 2017 წელს ჩვენ, პირიქით, გვქონდა არა ზრდა, არამედ კლება და მინუსებში წავედით. რა არის ამის მიზეზი? თქვენ თუ ნებისმიერ სოფელში იკითხავთ, ეს არის: ხალხს არ მიუწვდება ხელი ტრაქტორზე/ტექნიკაზე და მეორე, უფრო ძირეული - გაძვირებული სწავავი“.
სოფლის მეურნეობის გამოშვების კლებასთან დაკავშირებით თავად დეპუტატს გავესაუბრეთ, რათა დაგვეზუსტებინა, თუ რომელ ინდიკატორს გულისხმობდა. მისი განმარტებით, აღნიშნულ განცხადებაში საუბრობს სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის შემცირებაზე.
საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობების შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ყოველწლიურად აქვეყნებს. 2017 წლის წინასწარი მონაცემებით,ნათესი ფართობები 215.1 ათასი ჰექტარია, რაც წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
გრაფიკი 1:ნათესი ფართობები და მათი ცვლილება წინა წელთან შედარებით (ათასი ჰექტარი, %)
შენიშვნა* წინასწარი მონაცემებისოფლის მეურნეობის რეალური ზრდა (სექტორში შექმნილი ეკონომიკური სარგებლის/წარმოების ოდენობის ცვლილება წინა წელთან მიმართებაში) გვიჩვენებს, როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე. ამ მხრივ, სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, უარყოფითია, გამოშვება 2.7%-ით შემცირდა, ხოლო 2016 წელს ზრდამ, მხოლოდ, 0.3% შეადგინა. გრაფიკი 2-ზე მშპ-სა და სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი აჭარბებს სოფლის მეურნეობის ზრდის მაჩვენებელს, რაც ნიშნავს რომ ეკონომიკის სხვა სექტორები უფრო სწრაფად ვითარდება და იზრდება, ვიდრე სოფლის მეურნეობა. გარდა ამისა, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 2016 წელს არსებული 9.0%-დან 2017 წელს 8.2%-მდე შემცირდა. მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 2013 წლიდან კლებადია. აღნიშნული მაჩვენებელი 2008-2012 წლებშიც იგივე ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა, 2017 წლის შესაბამისი მონაცემი, 2008 წლიდან დღემდე, ყველაზე დაბალია. ამდენად, ეკონომიკაში შექმნილი ღირებულების ყოველი ლარიდან სოფლის მეურნეობაზე მხოლოდ 8 თეთრი მოდის.
გრაფიკი 2:სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა, მშპ-ის ზრდა და მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი (%)
შენიშვნა* წინასწარი მონაცმები
გარდა ზემოთ აღნიშნული მონაცემებისა, განცხადების კოტექსტიდან გამომდინარე, საინტერესოა ვნახოთ წლების მიხედვით საწვავის ფასებისა და ნათესი ფართობების მოცულობის კორელაცია. 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, დიზელის საშუალო ფასი 0.1 ლარით (10 თეთრით) ნაკლები იყო, ნათესი ფართობების მოცულობა კი 51.1 ჰექტრით მეტი. თუმცა, აღნიშნულ წელს მხოლოდ ერთი, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგრამისთვის, 190.4 მლნ ლარი გამოიყო, რაც შემდეგ წლებში, საშაულოდ, 59.1 მლნ ლარი იყო. ამის შემდეგ, 2014 წელს დიზელის საშუალო ფასი 2.1 ლარი იყო, ხოლო ნათესი ფართობების მოცულობა კი 274.9 ათასი ჰა. 2015 წელს დიზელის ფასი 1.75 ლარამდე შემცირდა, მაგრამ ამავე წელს ნათესი ფართობების მოცულობაც 11.2 ათასი ჰექტრითაა შემცირებული. მსგავსად წინა წლისა, 2016 წელს ყველაზე დაბალი, საშუალოდ, 1.5 ლარი იყო დიზელის ფასი. ამავე წელს კი ნათესი ფართობების მოცულობა, ნაცვლად ზრდისა, 23.7 ათასი ჰექტრით შემცირდა. მაშინ, როცა დიზელის ფასი 2.1 ლარს შეადგენდა ნათესი ფართობების 259.6-274.9 ათასი ჰექტარი დამუშავდა, ხოლო - 240 ათასი ჰექტარი, როცა დიზელის საშუალო ფასი 1.5 ლარი იყო. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის სრულყოფილი ანალიზის შესაძლებლობას მოცემული სტატიის ფარგლებში მოკლებულნი ვართ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი შეხედვით, საწვავზე ფასსა და დამუშავებული ფართობების მოცულობას შორის ცალსახა კავშირი არ შეიმჩნევა.
გრაფიკი 3:
დიზელის ფასი (ლარი) 2012-2017 წლებში
წყარო: ავტოგასამართი სადგური გალფი რაც შეეხება მეორე დასახელებულ მიზეზს, 2008 წელს სახელმწიფომ 350 ერთეული ტრაქტორი შეიძინა, რომელიც რეგიონების მიხედვით გადანაწილდა. ამავდროულად, მოსახლეობას დაურიგდა 20-20 ლიტრი საწვავი. ამ წელს განხორცილებული მასშტაბური სუბსიდირების შემდეგ, ნათესი ფართობების მოცულობა 10.8%-ით გაიზარდა, 2009 წელს კი 12.8%-ით შემცირდა. დღეს არსებული მდგომარეობით შ.პ.ს „მექანიზატორის“ ბალანსზე 1 055 ტრაქტორი, 87 კომბაინი და 5 000-მდე იმპლემენტი ირიცხება. ამრიგად, ტრაქტორების რაოდენობა დამუშავებული ფართობების შემცირების ფაქტორად ცალსახად არ იკვეთება.