თბილისის მერიის 2017 წლის 26 დეკემბრის განკარგულებით, მერიაში, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა 25 ერთეულით გაიზარდა და მათი შრომითი ანაზღაურებაც განისაზღვრა.
დეკემბერშივე, თბილისის მერიამ რამდენიმე პოზიციაზე გამოაცხადა ვაკანსია. გამოცხადებულ ვაკანსიებზე შრომის ანაზღაურება 3 500-5 600 ლარი იყო, რაც თბილისის მერის შრომის ანაზღაურებას (3 100 ლარი) ნამდვილად აღემატება.
აღსანიშნავია, რომ ვაკანსიის პირობების მიხედვით, ვაკანტურ თანამდებობეზე პირების შერჩევა გამარტივებული კონკურსის წესით უნდა განხორციელებულიყო, რაც კანონთან სრულ შესაბამისობაშია (კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად გამარტივებული კონკურსის საფუძველზე შეირჩევა).
რაც შეეხება სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით განთავსებულ ინფორმაციის და აქტივობების რეკლამირებას, მერის ბრძანებით, „ფეისბუქის“ მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელდა და ამ მიზნით, პროგრამიდან - "საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება" (კოდი 07.02.04) - 13 841 ლარი და 50 000 აშშ დოლარი გამოიყო, ჯამში 145 841 ლარი.
ანალიზითბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ხაბეიშვილმა, ტელეკომპანია „პირველში“ სტუმრობისას განაცხადა: „დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, 20 დეკემბერს ყოველგვარი კონკურსის გარეშე მრჩევლის თანამდებობებზე აიყვანა თანამშრომლები, რომელთაც ანაზღაურება აქვთ 4 000, 5 200, 5 600 ლარი. ყველა მრჩეველს მერზე ორჯერ მეტი ხელფასი აქვს, მერის ოფიციალური ხელფასი არის 3 100 ლარი. ასევე, მერმა პიარზე 60 000 დოლარი (145 000 ლარი) დახარჯა“.
2017 წლის 26 დეკემბრის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულებით, თბილისის მერიაში, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა და მათი შრომითი ანაზღაურება განისაზღვრა. 2017 წლის დეკემბერშივე თბილისის მერიამ რამდენიმე პოზიციაზე გამოაცხადა ვაკანსია: სპეციალისტი მედიასთან ურთიერთობის საკითხში - ანაზღაურება 3 500 ლარი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველი - ანაზღაურება 5 600 ლარი, მერიის მრჩეველი საორგანიზაციო საკითხებში - ანაზღაურება 4 000 ლარი, მრჩეველი მედიასთან ურთიეთობის საკითხებში - ანაზღაურება 5 200 ლარი და მერიის მრჩეველისტრატეგიული პროექტების მიმართულებით - ანაზღაურება 5 600 ლარი.
პირის საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონიარეგულირებს. აღნიშნული კანონის მიხედვით, პირის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის საფუძველზე ხორციელდება (მუხლი 34).
თავის მხრივ, კონკურსის გამართვის წესს კანონი„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ განსაზღვრავს. კანონის მიხედვით, კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად გამარტივებული კონკურსის საფუძველზე შეირჩევა (მუხლი 26). გამარტივებული კონკურსის ეტაპებია: კანდიდატების მიერ წარდგენილი განცხადებების გადარჩევა და შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
თბილისის მერიის მიერ ვაკანსიები გამოცხადებული იყო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასასაქმებელ პირებზე. ვაკანსიის პირობებში მითითებული იყო, რომ აღნიშნული თანამდებობების დასაკავებლად პირებს გამარტივებული კონკურსი უნდა გაევლოთ, რაც კანონმდებლობას სრულად შეესაბამება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე პირების აყვანა გამარტივებული კონკურსის წესით განხორციელდა.
რაც შეეხება თბილისის მერიის პიარს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ (მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით განთავსებულ ინფორმაციისა და აქტივობების რეკლამირებას (დასპონსორებას), თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე,აღნიშნული აქტივობების რეკლამირებით სარგებლობა 2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება. თანხა თბილისისი ბიუჯეტის ქვეპროგრამიდან - „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება“ (კოდი 07 02 04) გამოიყო.
2018 წლის თებერვალში თბილისის მერიამ გამარტივებული შესყიდვის წესით (CMR 180046475) სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ სარეკლამო მომსახურება შეიძინა. ხელშეკრულების ღირებულებამ 13 841 ლარი შეადგინა. შესყიდვას ახლავს დამატებითი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულების საფუძველზე,ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოს“ შესყიდვის ღირებულების დანარჩენი თანხა გადაეცა.
2018 წლის 11 აპრილს სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ სარეკლამო მომსახურება უკვე ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტომ“ შეიძინა გამარტივებული შესყიდვის წესით (CMR 180082359). ხელშეკრულების ღირებულება 55 000 აშშ დოლარია.შესაბამისად, 2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მერიის საქმიანობის რეკლამირების „ფეისბუქით“ მომსახურება 13 841 ლარი და 55 000 დოლარი დაჯდება, სულ - 145 841 ლარი.
2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, პროგრამისთვის „საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება“, 1 100 000 ლარია გათვალისწინებული (2016 წლის ფაქტი 893 000 ლარი იყო, 2017 წლის გეგმა - 1 087 000 ლარი).