რეზიუმე: 2013-2017
წლებში, კახეთის რეგიონში, ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 587 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2017 წელს ბოლო წლების ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ღვინის ექსპორტმაც (76 მლნ ბოთლი). თუმცა, ექსპორტის ნახევარზე მეტი (62%) კვლავ რუსეთზე მოდის.
ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახდენს და ამ მიზნით 2008-2017 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 150 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2017 წელს სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებიდან ნაწილობრივ გამოვიდა.
ანალიზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე, კახეთის რეგიონში ბოლო წლებში შესრულებულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:„კახეთში, 2013-2017 წლებში, მევენახეებმა ჯამში 615 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. ყველაფერი ამის შედეგად, ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეღვინეობა-მევენახეობის არნახული აღორძინება“.
ფაქტ-მეტრმა საანგარიშო პერიოდში კახეთის რეგიონში ჩატარებული რთველის შედეგები გააანალიზა.
2013-2017წლებში, კახეთში, სულ 593 500 000 კგ ყურძენი გადამუშავდა და ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 587 164 476 ლარი შეადგინა.
ცხრილი 1:
2013-2017 წლებში კახეთში გადამუშავებული ყურძნის ოდენობა და მიღებული შემოსავალი (ლარი)
წელი | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | სულ |
ყურძენი, კგ | 91 200 000 | 122 200 000 | 141 600 000 | 113 500 000 | 125 000 000 | 593 500 000 |
შემოსავალი | 95 000 815 | 160 838 675 | 88 131 847 | 95 478 579 | 147 714 560 | 587 164 476 |
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას 2008 წლიდან ახდენს. სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ რუსეთის ემბარგოს ნეგატიური შედეგების გასანეიტრალებად და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წახალისების მიზნით მიიღო.
2008-2017 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სუბსიდირების მიზნით, დაახლოებით, 150 მილიონი ლარი გამოიყო. 2017 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით,ხარისხიან ყურძენზე სუბსიდია არ გაიცა. სუბსიდია შენარჩუნდა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე (1 კგ ყურძენზე 2 ლარი). კომპენსაცია მიიღეს, ასევე, იმ ღვინის კომპანიებმა, რომლებმაც საბრენდე სპირტის და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით, რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის 1 კილოგრამი ყურძენი არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდეს (საკომპენსაციო თანხა 1 კგ ყურძენზე - 35 თეთრი).
როგორც აღვნიშნეთ, 2017 წელს სახელმწიფომ, მხოლოდ, ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განახორციელა. უმჯობესი იქნება, თუ ეს ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება (მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელი საარჩევნო წელია) და დარგს დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მიეცემა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით,ბოლო 30 წლის მანძილზე, საქართველოდან რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული. 2017 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 76.7 მლნ ბოთლი (0.75 ლ) ღვინის ექსპორტი განხორციელდა და ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცხრილი 2:ღვინის ექსპორტი 2010-2017 წლებში (0.75 ლ. ბოთლი)
წელი | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
ღვინის ბოთლების რაოდენობა | 15 მლნ | 19 მლნ | 23 მლნ | 46 მლნ | 59 მლნ | 36 მლნ | 50 მლნ | 76 მლნ |
რაც შეეხება აღნიშნულ წლებში ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს, სტატისტიკა შემდეგნაირია:
გრაფიკი 1:ღვინის ექსპორტი 2007-2017 წლებში (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო
ყველაზე მსხვილ საექსპორტო ქვეყნად კვლავ რუსეთი რჩება. რუსეთში ექსპორტირებულია 47 778 920 ბოთლი ღვინო, რაც მთლიანი ექსპორტის 62%-ია. ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთის ფაქტორზე არის ხოლმე დამოკიდებული. ასე მოხდა 2013-2014 წლებში, როდესაც ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად, ზუსტად, იმის ხარჯზე გაიზარდა, რომ რუსეთმა 2013 წლის ივნისში ქართულ ღვინოზე დაწესებული ემბარგო გააუქმა. 2015 წელს, ასევე, რუსეთის ფაქტორმა განაპირობა ქართული ღვინის ექსპორტის კლება (36 მლნ ბოთლი). რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა სერიოზულად აისახა ქართული ღვინის ექსპორტზე. 2015 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 51%-ით, უკრაინაში კი 56%-ით შემცირდა, რამაც ღვინის მთლიანი ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია.
ბოლო წლების დადებითი მოვლენაა ის, რომ ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქვეყანაში ხორციელდება (2017 წელს ღვინის ექსპორტი მსოფლიოს 53 ქვეყნაში განხორციელდა). თუმცა, ღვინის ექსპორტის ნახევარზე მეტი მაინც რუსეთზე მოდის.