ტოვებს.
რეზიუმე:
„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში მოვიდა, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე კი, პარლამენტის წევრად 2016 წლის ოქტომბერში აირჩეს. მანამდე ის კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. აქედან გამომდინარე, მისი, როგორც საჯარო პირის, ოფიციალური შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 2016 წლიდანაა ხელმისაწვდომი.
იოსებ მაკრახიძის სახელთან რამდენიმე კომპანიაა დაკავშირებული, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებს, როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების დროს, საკმაოდ ხშირად იგებდნენ. თუმცა, ბოლო წლებში, მაკრახიძის მიერ მოგებული ტენდერების ღირებულება მზარდია. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გზით მაკრახიძის შემოსავლები ყოველწლიურად იზრდებოდა. მიუხედავად ამისა, რთულია ცალსახად იმის თქმა, რომ მაკრახიძის ქონების ცვლილება ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლას უკავშირდება.
რაც შეეხება ბოლო ორ წელს, როცა მაკრახიძე საჯარო პირი გახდა, მისი ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, მისი ოჯახის შემოსავლები 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, გაზრდილია.
ანალიზი გორის საკრებულოს წევრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბექა ქორჩილავას განაცხადებით:
„რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა მთავრობაში, გორის მაჟორიტარი დეპუტატის ქონება რამდენიმე ათეული მილიონი ლარით გაიზარდა. მხოლოდ ერთ თვეში, მიმდინარე წლის მარტში, დეპუტატისა და მისი ცოლის კომპანიებმა 2 449 373 ლარის ტენდერი მოიგეს“.
იოსებ მაკრახიძე მე-9 მოწვევის პარლამენტში 2016 წლის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შედეგად მოხვდა. მანამდე, ის კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. მისი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენას, ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მალე მოჰყვა, რადგან „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი ნასამართლევი იყო, მას თანხების უკანონოდ მითვისებას ედავებოდნენ. ამ ამბის შესახებ ფაქტ-მეტრიც წერდა. პარლამენტარობამდე, მაკრახიძე სხვადასხვა კომპანიას ხელმძღვანელობდა და ბიზნეს წილებს ფლობდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ (დაახლოებით 10 თვეში), დეპუტატმა მის სახელზე რეგისტრირებული კომპანიები სამართავად სხვა პირებს, მათ შორის, ოჯახის წევრებს გადააბარა. ამ დროისთვის, საჯარო რეესტრის ვებგვერდისმიხედვით, გორის მაჟორიტარი დეპუტატი წილს (40%) შპს „იბოლიაში“ ფლობს. შპს „შარაში“ კი 33%-იანი წილის მესაკუთრე, მისი მეუღლე, ციცინო კალანდაძეა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს "იბოლიას"მიერ 2011-2017 წლებში მოგებული ტენდერების (70 ტენდერი) საერთო ღირებულებამ 79 მლნ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, შპს-ს 61 გამარტივებულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელთა ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 4 291 467 ლარია. რა თქმა უნდა, ეს თანხები მთლიანად მაკრახიძის შემოსავლად ვერ ჩაითვლება, რადგან ტენდერში გამარჯვება კონკრეტული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებას და ხარჯების გაღებას მოითხოვს.
ცხრილი 1:
შპს „იბოლიას“ მიერ მოგებული ტენდერების საბაზრო ღირებულება 2011-2017 წლებში, ლარი
2011 (მარტი-ნოემბერი) | 2012 (მარტი-ივნისი) | 2013 (თებერვალი-დეკემბერი) | 2014 (მარტი-დეკემბერი) | 2015 (ივნისი-ნოემბერი) | 2016 (იანვარი-ოქტომბერი) | 2017 (იანვარი-მარტი) |
6 515 563 | 6 107 966 | 10 167 925 | 14 848 472 | 4 230 633 | 34 073 601 | 4 014 473 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2011 წლიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, აღნიშნულმა კომპანიამ 12 623 529 ლარის ტენდერი მოიგო, 2013 წლიდან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი „იბოლიას“ მიერ მოგებული ტენდერების საერთო ღირებულებამ - 34 990 856 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის 5 ოქტომბერს, შპს „იბოლიას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე 100 000 ლარი აქვს გადარიცხული, ხოლო 2016 წლის 7 ივნისს, იმავე პარტიას იოსებ მაკრახიძემ 25 000 ლარი შესწირა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მას 80 000 ლარის გადახდა სახელმწიფოსთვის მოუწია (მის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნის გამო). ამ თანხის გადახდა თავადვე დაადასტურა. დეპუტატობის კანდიდატად დასახელების შემდეგ კი, 50 000 ლარი უკვე „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩარიცხა. რაც შეეხება 2016-2017 წლებს, როცა მაკრახიძე უკვე საჯარო პირია - 2016 წლის მონაცემები 2017 წლისგან დიდად არ განსხვავდება, თუ არ ჩავთვლით ისევ კომპანიებიდან მიღებული შემოსავლების ზრდას და პარლამენტარის ხელფასის დამატებას. დეპუტატის ოჯახის შემოსავლები ძირითადად სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული თანხებითგანისაზღვრება. თუ 2016 წლის მონაცემებით, ამ გზით მიღებული საერთო შემოსავალი გორის მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახისთვის 859 280 ლარს შეადგენდა, 2017 წელს ეს თანხა - 1 007 663 ლარამდე გაიზარდა.
საერთო ჯამში, წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, იოსებ მაკრახიძის ოჯახის შემოსავალმა 2016 წელს 988 764 ლარი შეადგინა, ხოლო გასავლებმა - 691 246 ლარი. 2017 წელს შემოსავლები - 1 036 667 ლარით განისაზღვრა, გასავლებმა კი 267 575 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადების მეორე ნაწილს, რომელიც უკვე დეპუტატის ცოლის კომპანიასაც ეხება, აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წლის მარტში შპს „შარას“ და შპს „იბოლიას“, ერთად, გორის მუნიციპალიტეტში სულ 2 110 473 ლარის ტენდერი აქვთ მოგებული.