წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოსა და იორმუღანლოში ახალი საჯარო სკოლები მართლაც აშენდა. როგორც ფაქტ-მეტრს განათლების სამინისტროში განუცხადეს, წელიწადზე მეტია, ორივე სოფელში, სასწავლო პროცესი ახალ სკოლებში მიმდინარეობს.
რაც შეეხება პრემიერის განცხადების მეორე ნაწილს, რეაბილიტირებულ სკოლებთან დაკავშირებით, კახეთში 2012 წლიდან 2017 წლის ბოლომდე 81 საჯარო სკოლა რეაბილიტირდა. აქედან, სრული რეაბილიტაცია ორ საჯარო სკოლას (გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლას (ზეგნის დაწყებითი სკოლა) და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლას (სანიორის კორპუსი) ჩაუტარდა. ასევე, რეგიონში, ხუთ წელიწადში, 292 სკოლაში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები ჩატარდა: სახურავების, კარ-ფანჯრების, სპორტული დარბაზების, საკლასო ოთახების, გათბობის სისტემების განახლება და სხვა. ზოგიერთ სკოლაში მომავლის კლასები და სამედიცინო ოთახები მოეწყო.
ანალიზი 2018 წლის 2 აპრილს პარტია „ქართული ოცნების“ თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, კახეთის რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა. მისი თქმით:„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოსა და იორმუღანლოში 1 000 – 1 000 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლები აშენდა. 50 საჯარო სკოლას კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა”.
2013 წლის 30 აპრილს, ყოფილმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუშვილმა განათლებისა და მეცნიერების მაშინდელ მინისტრ გიორგი მარგველაშვილს რეკომენდაციითმიმართა, დაუყოვნებლივ მიეღო ზომები, რათა ლამბალოს საჯარო სკოლის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ღირსეულ გარემოში განათლების მიღება შეძლებოდათ.
2013 წლის 27 მაისს განათლების და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა,რომ მომავალი სასწავლო წლიდან ლამბალოში ახალი სკოლა იქნებოდა.
ლამბალოში საჯარო სკოლის მშენებლობა 2014 წლის 4 თებერვალს დაიწყო. ლამბალოს საჯარო სკოლა, სადაც 1 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, რვა წლის მანძილზე კერძო პირებისგან ნაქირავებ სათავსოებში ფუნქციონირებდა.მოსწავლეებს გაკვეთილები იმ ოთახებში უტარდებოდათ, სადაც ადრე ბოსელი იყო. ნაქირავები შენობები, სადაც გაკვეთილები ტარდებოდა, ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ლამბალოში, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდ კონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდა.სამინისტროს ცნობით, 1 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში განაგრძობს, სადაც მათთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი.
2016 წლის მარტში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში თანამედროვე სტანდარტების სკოლა გაიხსნა.განათლების სამინისტროს ცნობით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული სოფლის ახალ სკოლაში 1 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.
ს(ს)იპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით,ლამბალოს სკოლის მშენებლობაზე 4 569 999, ხოლო იორმუღანლოს საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობაზე 576 272 ლარი დაიხარჯა.
ჩვენ გიორგი კვირიკაშვილის განცხადების ის ნაწილიც გადავამოწმეთ, სადაც ის რეაბილიტირებულ სკოლებზე საუბრობს. ს(ს)იპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, 2012-2017 წლებში, კახეთის რეგიონში ორი საჯარო სკოლის სრული, ხოლო 79 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე, 292 სკოლაში სახურავები, კარ-ფანჯრები, სპორტული დარბაზები, საკლასო ოთახები და გათბობის სისტემები განახლდა, ზოგიერთ სკოლაში მომავლის კლასები და სამედიცინო ოთახები მოეწყო.