სირიული მოხალისეობრივი მაშველთა ჯგუფი, რომელიც თეთრ ჩაფხუტიანების სახელითაა ცნობილი, ბოლო დროს დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე გახდა და მას ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტულ ორგანიზაციად მოიხსენიებენ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამოცემა „გარდიანმა“ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტსივრცეში თეთრ ჩაფხუტიანების წინააღმდეგ მიმართულ ნარატივს სათავეში შეთქმულების თეორეტიკოსები და რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ტროლები უდგანან.
თეთრ ჩაფხუტიანთა ორგანიზაცია ოფიციალურად ცნობილია როგორც სირიის სამოქალაქო დაცვის ორგანიზაცია და 3 400 მოხალისეს აერთიანებს. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს: ყოფილ მასწავლებლებს, ინჟინრებს, მეხანძრეებს და ა.შ. რომლებიც დაბომბვების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების დასახმარებლად და სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მანძილზე მათ ათასობით მოქალაქე ჰყავთ გადარჩენილი.
მიუხედავად თეთრ ჩაფხუტიანთა დადებითი საერთაშორისო აღიარებისა (Amnesty International, The Right Livelihood Award), საკმაოდ მომრავლდა იმ ინდივიდთა რაოდენობა, რომლებიც „ალტერნატიული“ ახალი ამბების სააგენტოების მეშვეობით ორგანიზაციის წინააღმდეგ საკმაოდ ხმამაღალ ბრალდებებს ავრცელებენ. მათი აზრები ასადის რეჟიმისა და რუსეთის პოზიციების თანხვედრაშია. ამ უკანასკნელთა პოზიციას ძირითადად ულტრა-მემარჯვენეები, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიები და „ტვიტერის“ ბოტები აძლიერებენ.
რუსული პროპაგანდის მანქანის მიერ თეთრ ჩაფხუტიანების სამიზნე ჯგუფად ქცევის შემთხვევა ნათლად წარმოაჩენს იმას, თუ როგორ ხდება ჭორები, შეთქმულების თეორიები და ნახევრად მართალი ამბები „იუთუბის“, „გუგლისა“ და „ტვიტერის“ საძიებო ალგორითმის სათავეში.
ჰიბრიდული ომი
თეთრ ჩაფხუტიანთა დისკრედიტაციისაკენ მიმართული კამპანია 2015 წელს დაიწყო, როცა რუსეთი სირიის სამოქალაქო ომში სამხედრო ძალებით ჩაერთო (პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად დაიწყო ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების საჰაერო დაბომბვა). აღნიშნული ფაქტის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა, როგორებიცაა RT და "სპუტნიკი", დაიწყეს ყალბი ამბების გავრცელება იმის შესახებ, რომ რუსეთის სამიზნეს მხოლოდ ISIS წარმოადგენდა. გარდა ამისა, იმავე პროპაგანდის მანქანამ სახელმწიფო ტელევიზიებისა და სოციალური მედიის პლატფორმა დაუთმო ანტი-ამერიკულ აქტივისტებსა და ბლოგერებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ თეთრ ჩაფხუთიანები ტერორისტები არიან. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მათ მიერ გავრცელებული ამბები სანდო წყაროების ნაკლებობას განიცდის. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტების მტკიცების თანახმად, ზემოაღნიშნული კამპანიის მონაწილეები ვერც აცნობიერებენ, რომ თავადაც მანიპულაციის მსხვერპლნი არიან.
რატომ გახდნენ დეზინფორმაციის სამიზნენი კონკრეტულად თეთრ ჩაფხუტიანები?
საინტერესოა, თუ რატომ გახდნენ დეზინფორმაციის სამიზნენი კონკრეტულად თეთრ ჩაფხუტიანები. ისინი სირიაში ორ როლს თამაშობენ: გვევლინებიან მაშველებად (დაშავებულებს პირველად გადაუდებელ დახმარებას უწევენ, მონაწილეობას იღებენ დაშავებულთა სამძებრო და გადამრჩენ ღონისძიებებში), ხოლო მათ ჩაფხუტებზე მიმაგრებული კამერები და გადაღებული კადრები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ზუსტ ამსახველ მასალას წარმოადგენს. „ამნესთი ინთერნეიშენალის“ (Amnesty International) კრიზისებზე რეაგირების მენეჯერ კრისტიან ბენედიქტის თქმით, თეთრ ჩაფხუტიანები და მათი სამსახური საკმაოდ დიდ თავის ტკივილს წარმოადგენს არა მხოლოდ ასადის რეჟიმისა და რუსი პოლიტიკოსებისათვის, არამედ იმ ყველა პროპაგანდისტისთვის, რომლებიც მათ ორბიტაზე მოქმედებენ. სწორედ თეთრ ჩაფხუტიანების მეშვეობით ახერხებენ სირიის მაცხოვრებლები საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან დაკავშირებას.
თეთრ ჩაფხუტიანების კამერამ ასახა 2017 წლის აპრილში მომხდარი ქიმიური შეტევა, რომელმაც 83 ადამიანი იმსხვერპლა, მათი მესამედი ბავშვი იყო. როგორც მოგვიანებით გაეროს ომის დანაშაულის გამომძიებლებმა დაადგინეს, შეტევა სირიის მთავრობამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ განახორციელა. რუსული სახელმწიფო მედია და მისი მხადამჭერი „ალტერნატიული“ ახალი ამბების სააგენტოები კი გამომძიებლების მიერ გამოტანილ დასკვნაში ეჭვის შეტანას განაგრძობენ და მას „ალოგიკურს“ და სამხედროების მიერ „სპეციალურად დადგმულ კადრებს“ უწოდებენ. ულტრა-მემარჯვენე საიტმა, Infowars, გაიმეორა ზემოთ აღნიშნული შეთქმულების თეორია და თეთრ ჩაფხუტიანებს ქიმიური შეტევის სცენარის დადგმაში დასდო ბრალი. ამასთან, მოხალისეები ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან კავშირში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ჯორჯ სოროსისგან ფინანსდებიან. თუმცა, როგრც „გარდიანის“ ზემოთ აღნიშნული კვლევა ადგენს, თეთრ ჩაფხუტიანებს არასდროს მიუღიათ რაიმე სახის დაფინანსება არც ჯორჯ სოროსისგან და არც მისი რომელიმე ფონდისგან (ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეთრ ჩაფხუტიანთა კავშირი ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ქაიდასთან, ან ჯორჯ სოროსისგან მიღებულ დაფინანსებასთან, არ დასტურდება, იხ. ბმული).
თეთრ ჩაფხუტიანების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის სახეები
გაეროს გამოძიების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სკეპტიკოსს წარმოადგენს ვანესა ბილი. მან და მისმა თანამოაზრეებმა არაერთხელ გაავრცელეს ფოტოები იმის „დასამტკიცებლად“, რომ ქიმიური შეტევა დადგმული სცენარი იყო, თუმცა საერთაშორისო ფაქტების გადამამოწმებელმა სააგენტოებმა, Snopes და Channel 4 News, მათი სიყალბე და ფაქტებთან შეუსაბამობა გამოააშკარავეს (მოყვანილ ბმულებში დასაბუთებულად არის აღწერილი პროპაგანდისტთა მტკიცების სიყალბე). თავად ვანესა ბილი სირიაში პირველად 2016 წელს ჩავიდა, სადაც ორ საათიანი შეხვედრა ჰქონდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან. აღნიშნული მან თავისი ცხოვრების ყველაზე „ამაყ მომენტად“ დაახასიათა. ის ასევე მიწვეული იყო მოსკოვში, რათა „სირიის ბინძური ომის“ შესახებ ანგარიში წარედგინა. ბილი მოსკოვში რუს თანამდებობის პირებს შეხვდა, მათ შორის: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის სამსახურის უფროს მარია ზახაროვას.
რუსული სტრატეგია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა თეთრ ჩაფხუტიანების წინააღმდეგ მიმართული დისკუსიის შექმნაში. სოციალური მედიის ალგორითმის ყალბი ინფორმაციის დიდი ტალღით დატვირთვის, დარეკლამებული ბოტების, მარიონეტული ანგარიშებისა და აგიტატორების ქსელის მეშვეობით პროპაგანდისტები ქმნიან „ხელოვნურად შექმნილ კონსენსუსს“, რომელიც ექსტრემისტულ და მარგინალურ ჯგუფებს ლეგიტიმაციას მატებს. თეთრ ჩაფხუტიანების დისკრედიტაციას არ ერიდებიან რუსეთის სახელმწიფო სამსახურებიც. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის საელჩო დიდ ბრიტანეთში თავის „ტვიტერის“ ანგარიშზე მოხალისეების დემონიზაციისაკენ მიმართულ ე.წ. მიმებს ავრცელებს. აღნიშნული ქმედების უპირველეს მიზანია სირიის სტაბილიზაციაში შეტანილი დასავლეთის წვლილის დელეგიტიმიზაცია. როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოთვლითი პროპაგანდის მკვლევარი, სამანტა ბრედშოუ აცხადებს, მრავალრიცხვოვანი და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელების გზით, ხალხის შეცდომაში შეყვანა და მანიპულირება უფრო მარტივია. სწორედ ამ ხერხს მიმართავენ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მომხრეები და რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები.
ხაზგასასმელია, რომ დეზინფორმაციის გავრცელებისა და ინტერნეტ პროპაგანდის მკვლევრებმა თეთრ ჩაფხუტიანების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში რუსული გავლენის მტკიცებულებები აღმოაჩინეს. ანალიტიკოსებმა რუსული დეზინფორმაციის კამპანიის ჯგუფები გააანალიზეს. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ „ტვიტერის“ 14 ათასი მომხმარებელი, რომელიც თეთრ ჩაფხუტიანების წინააღმდეგ პროპაგანდას ავრცელებს, „ძალიან ჰგავს“ ერთმანეთს. მათ შორისაა ბევრი ცნობილი პრო-კრემლინური ტროლ ანგარიში, რომელთა ნაწილიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებული გამოძიების შედეგად დაიხურა. „ტვიტერის“ ანგარიშების დარჩენილი ნაწილი კი დღეში საშუალოდ 150 „ტვიტს“ ავრცელებს, რაც მკვლევრებმა საეჭვოდ მიიჩნიეს.
პროპაგანდისტთა მიერ გავრცელებული შეთქმულების თეორიების სიყალბე, რომლებიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სირიის მთავრობის მიერ ჩადენილ დანაშაულს ეჭვქვეშ აყენებენ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: ბმული 1, ბმული 2.