ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტურობა ნიშნავს, რომ უფრო მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, რაც უარყოფითი გავლენის მატარებელია ეკონომიკაზე. ეს იწვევს ზეწოლას სავალუტო კურსზე და წარმოშობს დეფიციტის ფინანსური ანგარიშით დაფარვის აუცილებლობას (ინვესტიციებით, ვალის აღებით და ვალუტის რეზერვების შემცირებით). მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი ზრდის ეკონომიკის დაკრედიტების რისკს, რაც საკრედიტო რესურსზე ნაკლებ ხელმისაწვდომობაში ან/და გაზრდილ საპროცენტო განაკვეთში აისახება.
2017წლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 531 მლნ დოლარით შემცირდა და 1 316 მლნ დოლარს გაუტოლდა. დეფიციტის ფარდობამ შესაბამისი პერიოდის მშპ-თან მიმართებაში 8.7% შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და მხოლოდ 2013 წლის შესაბამის მონაცემს (5.9%) აღემატება. 2016 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 12.8%-ს შეადგენდა.
ტრადიციულად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მაფორმირებელ მთავარ ფაქტორად, საქართველოს შემთხვევაში, საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო რჩება, რომელსაც ნაწილობრივ მომსახურებით ვაჭრობა, მათ შორის ტურიზმიდან მიღებული სახსრების ზრდის ხარჯზე, აბალანსებს.
ანალიზი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა:„მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, თითქმის 13%-მდე იყო და შემცირდა 8.7%-მდე, რაც 531 მილიონი დოლარით შემცირებას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის სტაბილურობისათვის და ერთ-ერთი პოზიტიური მაჩვენებლია“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ფულადი ნაკადების შესახებ მონაცემები სრულყოფილად ქვეყნის საგადასახდელო ბალანსშია მოცემული. საგადასახდელო ბალანსი ერთგვარი ანგარიშია, რომელიც ასახავს კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ფულის მოძრაობას. ბალანსი შედგება მიმდინარე ანგარიშის, კაპიტალის ანგარიშის და ფინანსური ანგარიშისაგან.
მიმდინარე ანგარიში მოიცავსსაქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის მუხლს, შემოსავლების და ტრანსფერების მუხლებს. თავის მხრივ, შემოსავლების მუხლი გვიჩვენებს შემოსავლის ნაკადებს საზღვარგარეთიდან (კერძოდ, შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და საქართველოდან გადარიცხულ შემოსავლებს. ტრანსფერები მოიცავს მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის (მაგალითად, გრანტები, ფინანსური დახმარებები).
კაპიტალის ანგარიშიშედგება კაპიტალური ტრანსფერებისა და არაწარმოებული არაფინანსური აქტივების შეძენა/გადაცემისაგან. კაპიტალური ტრანსფერის ერთ-ერთი სახეა ვალის პატიება.
ფინანსური ანგარიშიმოიცავს პირდაპირ ინვესტიციებს, პორტფელის ინვესტიციებს, ფინანსურ წარმოებულებს, სხვა ინვესტიციებსა და სარეზერვო აქტივებს.
თუ ქვეყნის მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, ანუ უფრო მეტი ვალუტა გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის, ეს დანაკლისი ფინანსური ანგარიშით იფარება (ინვესტიციებით, ვალის აღებით და ვალუტის რეზერვების შემცირებით).
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ცვლილების ტენდენციას ცხრილი 1 ასახავს. 2017 წლის მონაცემებით,მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წინამორბედ პერიოდთან შედარებით 531 მლნ დოლარით შემცირდა და 1 316 მლნ დოლარს გაუტოლდა. დეფიციტის ფარდობამ შესაბამისი პერიოდის მშპ-თან მიმართებაში 8.7% შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და მხოლოდ 2013 წლის შესაბამის მონაცემს (5.9%) აღემატება.
ცხრილი 1:
საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ცვლილების ტენდენცია
2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | |
მშპ (ლარი) | 17 986 | 20 743 | 24 344 | 26 167 | 26 847 | 29 150 | 31 756 | 34 028 | 38 042 |
მშპ (დოლარი) | 10 767 | 11 639 | 14 435 | 15 846 | 16 140 | 16 509 | 13 994 | 14 378 | 15 189 |
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი (დოლარი) | -1 136 | -1 196 | -1 844 | -1 886 | -958 | -1 790 | -1 696 | -1 847 | -1 316 |
სხვაობა წინა პერიოდთან (დოლარი) | 1 678 | -59 | -648 | -43 | 928 | -832 | 94 | -152 | 531 |
ფარდობა მშპ-თან | 10.6% | 10.3% | 12.8% | 11.9% | 5.9% | 10.8% | 12.1% | 12.8% | 8.7% |
დეფიციტის ფორმირების ტენდენციასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ წინა წლების მსგავსად უარყოფითი სალდოს გამომწვევ მთავარ ფაქტორად საქონლით ვაჭრობა რჩება, რომლის სალდოც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში უმნიშვნელოდ (0.74%) შემცირდა და 3 840 მლნ დოლარი შეადგინა. მოცემულ დეფიციტს ნაწილობრივ მომსახურებით ვაჭრობის დადებითი სალდო (2 069 მლნ დოლარი) აბალანსებს, დიდწილად ტურიზმიდან მიღებული სახსრების ხარჯზე (2 288 მლნ დოლარი).