ვერდიქტი: სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებული ეკლესიის ნგრევის ვიდეო და მასზე დატანილი წარწერა არის ფაქტებით მანიპულირება. რეზიუმე:

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ერთ-ერთი მომხმარებლის, ბექა ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული ეკლესიის ნგრევის ვიდეო, წარწერით: „მომდევნო 10 წლის განმავლობაში საფრანგეთში შეიძლება 2 800 ეკლესია განადგურდეს. კათოლიციზმი დასუსტებულია შიგნიდან და გარედან. ისლამი სწრაფად ვითარდება პეტრო დოლარებისა და ისლამური იმიგრაციის გამო“, არის ფაქტებით მანიპულირება.

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში თავდაპირველად გვერდმა „Pro Christianis“-მა გაავრცელა (გვერდი მიზნად ისახავს ქრისტიანების დევნისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას). ვიდეო სინამდვილეში ასახავს საფრანგეთის ქალაქ აბევილში მდებარე წმინდა ჟაკის სახელობის ეკლესიის ნგრევას. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის მერიამ 2013 წელს მიიღო, რადგან მისი ავარიული მდგომარეობა (სამშენებლო მასალის ხშირი ცვენა) არღვევდა უსაფრთხოების ნორმებს და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სიცოცხლისთვის საშიში იყო. რესტავრაცია კი მილიონობით ევროსთან იყო დაკავშირებული, რასაც ქალაქის მერიის ბიუჯეტი ვერ გასწვდა. გარდა ამისა, 2007 წელს, რელიგიური მემკვიდრეობის დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გამოთქვა ვარაუდი, რომ მომავალი 10 წლის მანძილზე საფრანგეთში 2 800 ეკლესია დადგებოდა დანგრევის საშიშროების წინაშე. თუმცა, 2007 წლიდან 2017 წლამდე (10 წლის მანძილზე), ჩამონგრევისა და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით, საფრანგეთში 29 ეკლესია იქნა დანგრეული.

2017

წლის მონაცემებით, საფრანგეთში სულ 42 258 ეკლესიაა, ხოლო მეჩეთი - 2 500. ამდენად, ქრისტიანულ ეკლესიებს უმცირესობაში დარჩენა არ ემუქრებათ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო და მისი წარწერა ისლამის დემონიზაციას ისახავს მიზნად.

ანალიზი 25 მარტს სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ მომხმარებელმა, ბექა ვარდოსანიძემ, გაავრცელა საფრანგეთში ეკლესიის დანგრევის ამსახველი ვიდეო, წარწერით: „მომდევნო 10 წლის განმავლობაში საფრანგეთში შეიძლება 2 800 ეკლესია განადგურდეს. კათოლიციზმი დასუსტებულია შიგნიდან და გარედან. ისლამი სწრაფად ვითარდება პეტრო დოლარებისა და ისლამური იმიგრაციის გამო“. აღნიშნული პოსტი მან გააზიარა ფეისბუკ გვერდიდან, „Pro Christianis

”.

ვიდეოში წარმოდგენილი ნაგებობა არის წმინდა ჟაკის (Saint Jacques) სახელობის ეკლესია, რომელიც ქალაქ აბევილში (საფრანგეთის ჩრდილოეთში) მდებარეობდა. 1940 წელს დაბომბვების შედეგად ქალაქის 80% განადგურდა. წმინდა ჟაკის სახელობის ნეო-გოთიკური სტილის ტაძარი აშენებულ იქნა 1878 წელს. 2004 წელს შტორმის შედეგად ეკლესიას მოსწყდა სამრეკლო და სერიოზულად დააზიანა მისი სახურავი, დიდი ბზარი დატოვა ჩრდილოეთის კედელზე. ამ ფაქტმა ეკლესიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა. ნაგებობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებისათვის, რადგან მდებარეობდა მოედნის ცენტრში, სახლებისა და სკოლის სიახლოვეს. ხშირი იყო სამშენებლო მასალებისა (ქვების) და ფანჯრების მინების ცვენა, ასევე კედლების დაბზარვა, რის გამოც რამდენჯერმე მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ხალხისა და სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია გახდა საჭირო. ვინაიდან ნაგებობის მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდებოდა, 2010 წელს ქალაქის მერმა მისი დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ფაქტი იმით გამართლდა, რომ მისი რესტავრაცია საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული (ქალაქის მერის თქმით დაახლოებით მინიმუმ 10 მლნ ევრო, ხოლო არქიტექტორ ვინსენტ ბრუნელის შეფასებით - 4.2 მლნ ევრო), რასაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ვერ გასწვდებოდა, უმოქმედობის შემთხვევაში კი შეიძლება უბედური შემთხვევის წინაშე აღმოჩენილიყვნენ. წმინდა ჟაკის სახელობის ეკლესიის დანგრევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 2013 წელს იქნა მიღებული, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ექსპერტის დასკვნა. ამ უკანასკნელის მიხედვით, შენობა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ჩამონგრეულიყო. ეკლესია 2013 წლის თებერვალში დაინგრა. ნაგებობის ადგილზე,

მოედნის ცენტრში, ეკლესიისათვის პატივის მიგების ნიშნად განთავსდა მისივე კუთვნილი ისტორიული ზარი და კედლების ნაწილები. ეკლესიის მღვდელ მამა ჟან-ლუი ბრუნელს ქალაქის მერიის გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შეუტანია და მიესალმა მის ადგილას პატივის მიგების აღმნიშვნელი ნივთების განთავსებას.

საფრანგეთში 42 258 ეკლესიაა, რომელთაგან 15 ათასი სახელმწიფო დონეზეა დაცული. ხოლო მეჩეთების რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 2 500-ს შეადგენს. პროგნოზი, 2 800 ეკლესიის ნაგებობის რისკის ქვეშ ყოფნის შესახებ, რელიგიური მემკვიდრეობის დამკვირვებელმა ორგანიზაციამ (I’Observatoire du Patrimoine religieux)2007 წელს გააკეთა. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ 2007 წლიდან 2017 წლამდე (10 წლის მანძილზე), საფრანგეთში 29 ეკლესია იქნა დანგრეული (

ჩამონგრევისა და უბედური შემთხვევის თავიდან აცილების მიზეზით). აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, ქალაქში განთავსებულ შენობა-ნაგებობებსა და მათ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი მთლიანად ქალაქის მერია და მისი ბიუჯეტია. იმ შემთხვევაში, თუ რესტავრაცია მილიონობით ევროს უკავშირდება, ხოლო ეკლესია (ან სხვა ნებისმიერი შენობა-ნაგებობა) ისტორიულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს, მერია იძულებული ხდება მიიღოს დანგრევის გადაწყვეტილება (როგორც ზემოთ მოყვანილ 29 შემთხვევაში მოხდა).

ამრიგად, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გავრცელებული ვიდეო და მასზე დატანილი წარწერა არის ფაქტებით მანიპულირება, რომელიც მუსულმან იმიგრანტთა დისკრედიტაციასა და დემონიზაციას ისახავს მიზნად.