იტვირთება

ვერდიქტი: გიგი უგულავას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე:

„ქართული ოცნება“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აცხადებდა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან პედაგოგთა საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდებოდა.

2017

წლის 1 იანვრიდან   მხოლოდ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის ხელფასი გაიზარდა და 800 ლარი შეადგინა. ასეთ პედაგოგთა რაოდენობა 8 070-ია. „ქართული ოცნების“ პროგრამაში მითითებული იყო, რომ პედაგოგთა ხელფასის მატება დაგეგმილი სქემის მიხედვით განხორციელდებოდა და საშუალო ხელფასი 800 ლარი იქნებოდა. თუმცა, დაკონკრეტებული არ იყო, რომელი კატეგორიის მქონე პედაგოგების საშუალო ხელფასი იქნებოდა 800 ლარი. ამან შექმნა შთაბეჭდილება, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან ყველა კატეგორიის პედაგოგის საშუალო ხელფასი გახდებოდა 800 ლარი და არა გარკვეული კატეგორიის პედაგოგების.

2018

წლის პირველი თებერვლიდან სტატუსთან მიბმული დანამატი წამყვან (500 ლარიდან 700 ლარამდე) და მენტორ (700 ლარიდან 1 000 ლარამდე) პედაგოგებს გაეზარდათ, რომელთა რაოდენობა საჯარო სკოლებში მხოლოდ 201-ია.

  ანალიზი

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პედაგოგების ხელფასების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „პედაგოგებს პირდებოდნენ ხელფასების გაზრდას და დაახლოებით 60 000 პედაგოგიდან მხოლოდ 250 პედაგოგს გაუზარდეს ხელფასი დღეს“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პედაგოგთა ხელფასების ზრდაზე ჩვენ უკვე ვწერდით (იხ. სტატია 1; სტატია 2). პედაგოგთა ხელფასების ზრდის პირველი ეტაპი 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო, მეორე ეტაპი 2016 წლის აპრილიდან, ხოლო მესამე ეტაპი 2017 წლის 1 იანვრიდან. 2015 წელს

პედაგოგების საბაზისო ხელფასი 17%-ით გაიზარდა და 357 ლარი გახდა, 2016 წლის აპრილიდან კი მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი 405 ლარი გახდა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არჩევნების წინ (2016 წლის საპარლამენტო არჩევნები) პედაგოგებთან შეხვედრაზე აცხადებდა, რომ პედაგოგთა ხელფასების ზრდა 2017 წლის 1 იანვრიდან იგეგმებოდა და საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდებოდა. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის

მიხედვითაც (გვ. 35), 2017 წლის 1 იანვრიდან, პედაგოგების ხელფასების ზრდა დაგეგმილი სქემის მიხედვით განხორციელდებოდა და საშუალო ხელფასი 800 ლარს მიაღწევდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით,

საჯარო სკოლებში 57 938 პედაგოგი მუშაობს. პედაგოგები ოთხ კატეგორიად არიან დაყოფილნი: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი პედაგოგი. მათგან 41 007 პედაგოგს პრაქტიკოსი პედაგოგის სტატუსი აქვს. უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე 16 730 პედაგოგია, წამყვანის სტატუსი 194 პედაგოგს აქვს, მენტორის სტატუსის მატარებელი კი მხოლოდ 7 პედაგოგია.

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის ბრძანებით,

საჯარო სკოლების პედაგოგთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები დადგინდა. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, პედაგოგთა ხელფასი მათი პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისი იქნება.

2017

წლის პირველი იანვრიდან გაიზარდა არა ყველა პედაგოგის ხელფასი, არამედ მხოლოდ უფროსი და წამყვანი პედაგოგის და მენტორის, რომელთაც სრული დატვირთვა აქვთ. უფრო სწორად, გაიზარდა არა ხელფასი, არამედ სტატუსთან მიბმული დანამატი.

კონკრეტულად, უფროსი პედაგოგის დანამატი 140 ლარით გაიზარდა და 320 ლარი გახდა, წამყვანი პედაგოგის დანამატი 230 ლარით გაიზარდა და 500 ლარია, ხოლო მენტორი მასწავლებლის დანამატი ნაცვლად 400 ლარისა 700 ლარით განისაზღვრა.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კატეგორიის (უფროსი, წამყვანი და მენტორი) და დატვირთვის (სრული დატვირთვის) პედაგოგთა რაოდენობა 8 070-ია. ხელფასი 800 ლარი (სტატუსთან მიბმული დანამატის ჩათვლით) სწორედ ამ რაოდენობის პედაგოგს გაუხდა, რაც პედაგოგთა მთლიანი  რაოდენობის 14%-ს შეადგენს. ხოლო რაც შეეხება პედაგოგთა უმრავლესობას, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მათი საბაზისო ხელფასი 405 ლარს შეადგენს.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან სტატუსზე მიბმული დანამატი  მხოლოდ  წამყვან და მენტორ პედაგოგებს გაეზარდათ, რომელთაც სრული დატვირთვა აქვთ. წამყვანი პედაგოგის შემთხვევაში დანამატი 500 ლარის ნაცვლად 700 ლარი გახდა, მენტორი პედაგოგის დანამატმა კი 700 ლარის ნაცვლად 1 000 ლარი შეადგინა. წამყვან და მენტორ მასწავლებელთა რაოდენობა საჯარო სკოლებში სულ 201-ია.

მიმდინარე წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 1.186 მილიარდი ლარით განისაზღვრა. მათ შორის, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად 599 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2867 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი