რეზიუმე: 2012-2018 წლებში (2018 წლის 8 მარტის მდგომარეობით) მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტებში, ჯამში 20-ჯერ შევიდა მოთხოვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. აქედან, 15-ჯერ პარლამენტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია კომისიის დანიშვნა, ერთხელ დააკმაყოფილა, ხოლო 4 მოთხოვნა განხილვის პროცესშია. 17 შემთხვევაში კომისიის შექმნის ინიციატორი იყო საპარლამენტო ოპოზიციის შემდეგი ფრაქციები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები“; „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“; „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“; „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“ და „თავისუფალი დემოკრატები“.
რაც შეეხება დაკმაყოფილებულ მოთხოვნას, მისი ინიციატორი იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. განხილვის პროცესშია საგამოძიებო კომისიის შექმნის 4 მოთხოვნა. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი ამ კომისიების შექმნის თაობაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათი განხილვა დროში საკმაოდ გაიწელა. გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით 4 მოთხოვნის შედეგი, რომან გოცირიძის განცხადება შეფასდა, როგორც მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომან გოცირიძემ, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის პრაქტიკაზე ისაუბრა და განაცხადა: „წინა მოწვევის პარლამენტში მოთხოვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ იყო 14. აქედან, მოთხოვნას 13-ჯერ ეთქვა უარი. 13-ჯერვე ინიციატორი იყო ოპოზიცია... ამ პარლამენტში ერთი წლის განმავლობაში იყო 5 მცდელობა და 5-ჯერ მივიღეთ უარი. ჯამში, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 18-ჯერ თქვა უარი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე“.
1992 წლის შემდეგ, პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნის პრაქტიკაზე ფაქტ-მეტრი უკვე წერდა. წინა კვლევის მიხედვით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიები, განსაკუთრებით ოპოზიციის მოთხოვნით, ძალიან იშვიათად იქმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა ყოველთვის განსაკუთრებით ბუნდოვან და რეზონანსულ საქმეებს შეეხებოდა, არცერთი ხელისუფლება თითქმის არასდროს ყოფილა მზად, მიეღო ოპოზიციის მოთხოვნა და ამ საქმეების ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხი გაეცა.
2012-2016 წლებში მე-8 მოწვევის პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 14 მოთხოვნა განიხილა. მათგან 13 მოთხოვნა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. ესენია:
- „ჯიჰადის” სახელით გავრცელებული ვიდეომასალის წარმომავლობისა და დამამზადებლის გამოვლენის ფაქტების შესწავლა;
- თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საჯარო განცხადება სასამართლოზე ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის საჯარო განცხადება 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით;
- საქართველოს პარლამენტის წევრზე, ნუგზარ წიკლაურზე 2014 წლის 31 მარტს მომხდარი თავდასხმის ფაქტის შესწავლა;
- ბარბარე რაფალიანცის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი;
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შესაბამის თანამდებობის პირთა მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების (მათ შორის, საყდრისი-ყაღაღიანის საბადოსათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანია RMG-ის მიერ საბადოს ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარების საკითხის) შესწავლა (სამჯერ);
- იური ვაზაგაშვილის, ბარბარე რაფალიანცის, შალვა თათუხაშვილის, ეროსი კინწმარიშვილისა და არჩილ მაისურაძის გახმაურებული მკვლელობების ფაქტების შესწავლა;
- შალვა თათუხაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი;
- პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული კადრები, სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საზოგადოების სხვა წევრების ტოტალური მოსმენების ფაქტების შესწავლა;
- ქვეყანაში არსებული სისტემური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია;
- ბარბარე რაფალიანცის, ეროსი კინწმარიშვილისა და შალვა თავთუხაშვილის მკვლელობების ფაქტების შესწავლა.
ერთადერთი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, რომელიც მე-8 მოწვევის პარლამენტმა დააკმაყოფილა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო. მისი წარმდგენი იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. სხვა შემთხვევებში, წინა მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნის ინიციატორები იყვნენ შემდეგი ფრაქციები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები“; „ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები“ და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“.
რაც შეეხება მე-9 მოწვევის პარლამენტს, 2017-2018 წლებში (2018 წლის 8 მარტის მდგომარეობა) საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა პარლამენტში 6-ჯერ შევიდა. ესენია:
- სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის და სახელმწიფო ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ;
- აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე აფგან მუხთარლიზე თავდასხმის, მისი გატაცების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტი;
- „გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლის შესახებ;
- 2017 წლის 12 მაისს საქართველოს მთავარ აუდიტორზე თავდასხმისა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტი;
- საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტი;
- 2017 წლის 21-22 ნოემბრის თბილისში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის გარემოებების შესწავლა.
აქედან, პირველ 2 შემთხვევაში კომისიის შექმნა პარლამენტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ხოლო ბოლო 4 შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი დრო გავიდა, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამ 6 შემთხვევაშიც, ინიციატორი საპარლამენტო ოპოზიცია იყო. ფრაქციები: „ნაციონალური მოძრაობა“; „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“.