ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ყიფიანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე. რეზიუმე:
სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2013 წელს 247.3 ათასი კაცი იყო, 2012 წელთან შედარებით 26.3 ათასით ნაკლები, მაგრამ 2014-2015 წლებში ეს მაჩვენებელი გაიზარდა. 2016 წელს კი, აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ისევ შემცირდა 262.2 ათასამდე და 2013 წელთან შედარებით 14.9 ათასი კაცით მეტია, თუმცა 2012 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.
ანალიზიეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა გადაცემა "ხალხის პოლიტიკაში" აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისას სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 26 ათასი კაცით შემცირდა, მაგრამ ამის შემდეგ, ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, 2016 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად იზრდება.
"სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 273 ათასი იყო და „ქართული ოცნება“ როგორც კი მოვიდა, დაახლოებით 26 ათასით შეამცირა. გაჩნდა მოლოდინი, რომ ხელისუფლება მცირე ზომის მთავრობის იდეას იზიარებდა, მაგრამ 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით ყოველ წელს გვაქვს ტრენდი იმისა, რომ საჯარო სისტემაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება", - განაცხადა ყიფიანმა.
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური (საქსტატი) დასაქმებასა და უმუშევრობაზე სტატისტიკურ მონაცემებს სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა მიხედვით აქვეყნებს. ქვეყანაში მთლიანად დასაქმებულთა რაოდენობისა და უმუშევრობის მაჩვენებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფაქტ-მეტრის კვლევაში. საქსტატის მონაცემებით, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები 2012 წელს 273.7 ათას კაცს შეადგენდა, რომელიც 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, 26.3 ათასით ნაკლები, 247.3 ათასი კაცი იყო. 2016 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 262.2 ათასი კაცი შეადგინა. რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს, საქსტატი დასაქმების და უმუშევრობის წლიურ სტატისტიკას მაისსში გამოაქვეყნებს. გრაფიკი 1: 2006-2016წლებში სახელმწიფო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი (ათასი კაცი) და წინა წელთან შედარებით პროცენტული ცვლილება
წყარო: საქსტატიროგორც გრაფიკი 1-დან ჩანს, სახელმწიფო სექტორში 2013 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მკვეთრი შემცირების შემდეგ მისმა რაოდენობამ 2015 წელს 2012 წელს არსებულ მაჩვენებელს გადააჭარბა, ხოლო მომდევნო წელს კი - 12.7 ათასი კაცით შემცირდა. საბოლოოდ, 2016 წელს სახელმწიფო სექტორში უფრო ცოტა ადამიანი მუშაობდა, ვიდრე 2012 წელს. 2017 წლის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ ფაქტ-მეტრი ამ თემას კვლავ დაუბრუნდება.