ვერდიქტი: ფაქტ-მეტრი გიგი უგულავას განცხადებას ვერდიქტის გარეშე

ტოვებს.

  რეზიუმე:

გიგი უგულავას განცხადებით, მოსახლეობის 53-54%, ბოლო 10-15 წლის მანძილზე რეკორდულად მაღალი პროცენტი, ამბობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება.

NDI-ის დაკვეთით 2009 წლიდან ჩატარებული კვლევების თანახმად, მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტული რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 39%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის მარტისა და 2017 წლის დეკემბრის გამოკითხვებში ფიქსირდება. კავკასიის ბარომეტრის კვლევის მიხედვით, 2008 წლიდან დღემდე, რესპონდენტთა უდიდესი წილი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს საშიანო პოლიტიკა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 2015 წელს ფიქსირდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი პასუხი დააფიქსირა გამოკითხულთა 38%-მა, ხოლო 2017 წელს - 32%-მა. 2004 წლიდან დღემდე IRI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგების თანახმად კი, 2016 წელს რესპონდენტთა უდიდესმა რაოდენობამ, 70%-მა, დააფიქსირა აზრი ქვეყანაში პროცესების არასწორი მიმართულებით განვითარების შესახებ. 2017 წელს იგივე აზრი 65%-მა გაიზიარა. სამივე კვლევის შედეგების თანახმად, ბოლო წლების მანძილზე იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, გაზრდილია.

ვინაიდან, მცდელობის მიუხედავად, გიგი უგულავას განცხადების დაზუსტება ვერ მოხერხდა, არ გვქავს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელ კვლევას გულისხმობდა. რადგან პოლიტიკოსის მიერ აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი სტატიაში მოყვანილი არცერთი კვლევის შედეგს არ ემთხვევა, ფაქტ-მეტრი მის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.

  ანალიზი პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, ტელეკომპანია პირველის გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა:

„მოსახლეობის 53-54%, ბოლო 10-15 წლის მანძილზე რეკორდულად მაღალი პროცენტი, ამბობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება“.

ჩვენ გიგი უგულავას იმის დასაზუსტებლად დავუკავშირდით, თუ კონკრეტულად რომელ კვლევას ეყრდნობოდა ზემოთ მოყვანილი განცხადების გაკეთებისას. თუმცა, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, განმარტება ვერ მივიღეთ.

ქვეყნის განვითარების საკითხის მიმართ მოსახლეობის განწყობის დადგენა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა (CRRC) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზეა შესაძლებელი. 2017 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. წარმოდგენილი შედეგები მიღებულია 2 298 დასრულებული ინტერვიუს ანალიზის საფუძველზე, სადაც საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ს შეადგენს. კითხვაზე, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, რესპონდენტთა 39% პასუხობს, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით, 26% - სწორი მიმართულებით, ხოლო 32% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით 2017 წლის ივნისის

კვლევაში დაფიქსირებულ ტენდენციასთან შედარებით, დეკემბრის გამოკითხვის შედეგები გაუარესებულია. ივნისში რესპონდენტთა 31% მიიჩნევდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდებოდა. ასევე 31%-მა დააფიქსირა აზრი ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარების თაობაზე, ხოლო 35% ფიქრობდა, რომ ამ მხრივ სიტუაცია არ იცვლება. მოსახლეობის იმ ნაწილის პროცენტული რაოდენობა, ვინც მიიჩნევსმ რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, საგრძნობლად გაიზარდა 2015 წლის აპრილიდან, როდესაც 37% შეადგინა. NDI-ის დაკვეთით შესრულებულ კვლევებში, 2009 წლიდან მოყოლებული, აღნიშნული საკითხის უარყოფითი შეფასების უმაღლესი მაჩვენებელი 39%-ია, რაც 2016 წლის მარტისა და 2017 წლის დეკემბრის გამოკითხვებში დაფიქსირდა.

  გრაფიკი 1:

NDI-ის დაკვეთით შესრულებული კვლევის შედეგები, 2009-2017 წლები

image001 წყარო: National Democratic Institute

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC საქართველოს) ერთ-ერთ პროექტს წარმოადგენს კავკასიის ბარომეტრი, რომლის მიზანიც მოსახლეობის განწყობების შესწავლაა. მისი ჩატარება ყოველწლიური ხასიათის იყო, თუმცა 2013 წლიდან შეიცვალა და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება. თუ 2013 წელს გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 14% მიუთითებდა ქვეყნის საშინაო პოლიტიკის განვითარების არასწორ მიმართულებაზე, 2015 წელს ეს რიცხვი 38%-მდე გაიზარდა, ხოლო 2017

წელს  - 32% შეადგინა.

  გრაფიკი 2:

რა მიმართულებით ვითარდება ქვეყნის საშინაო პოლიტიკა? კავკასიის ბარომეტრის შედეგები, 2008-2017 წლები

image003 წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მოსახლეობის დამოკიდებულება, ქვეყანაში პროცესების განვითარებასთან მიმართებით, ასახულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის კვლევაშიც.

გამოკითხვის შედეგად, რესპონდენტთა 65%-მა დააფიქსირა აზრი, რომ საქართველოში პროცესები არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამ კითხვაზე იმავე პასუხით 2016 წელს მოსახლეობის 70%-მა უპასუხა.

  გრაფიკი 3:

IRI-ის კვლევის შედეგები, 2004-2017 წლები

image004 წყარო: International Republican Institute

როგორც ზემოთ მოყვანილი კვლევების შედეგებიდან ჩანს, გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილ პროცეტულ მაჩვენებელს უშუალოდ არც ერთი მათგანი ემთხვევა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის წილი, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ბოლო წლების მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი