„ჩვენ ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობა, რომ წელსვე შემოვიყვანოთ სულ მცირე 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად რეალურია თბილისის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხით მერიის მიერ დაანონსებული 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შეძენა.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტისმიხედვით, მიმდინარე წელს ტრანსპორტის განვითარებისთვის (მუხლი 01.02.) 34 604 800 ლარია გამოყოფილი. აქედან, კონკრეტულად საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციაზე რა თანხა დაიხარჯება, მითითებული არ არის.
2018 წლის 16 თებერვალს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. აღნიშნული ცვლილებით, თბილისის ბიუჯეტი 36 მილიონი ლარით გაიზარდა და 861 მილიონის ნაცვლად 897 მილიონი ლარი გახდა. 36 მილიონი ლარიდან, 31.2 მილიონი ლარით ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული სტანდარტის ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.ჩვენ დავინტერესდით, 31 მილიონი ლარით რამდენი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შემოყვანა არის შესაძლებელი.
2016 წელს თბილისის მერიამ მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლება დაიწყო. „თბილისის ავტობუსების პროექტის“ მხარდაჭერის მიზნით, 2016 წლის 11 მაისს ქალაქ თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელშეკრულებასმოეწერა ხელი. პროექტის ფარგლებში, ქალაქ თბილისის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ აირზე მომუშავე 150 ახალი ავტობუსის შეძენა იყო გათვალისწინებული. ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა თბილისის მერიას 27 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპის ენერგო-ეფექტურობისა და გარემოსდაცვის პარტნიორობის ფონდმა(E5P) თბილისის მერიას 7 მილიონი ევროს გრანტი მისცა.
2016 წლის ივლისში მერიამ ხელშეკრულება, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ, კომპანია „Man Truck and Bus AG”-სთან გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას 143 ერთეული, 12 მეტრიანი, ადაპტირებული, GNG საწვავზე (ბუნებრივ აირი, რაც დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობით მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, შემცირებულია ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი) მომუშავე ძრავით აღჭურვილი ავტობუსები უნდა შემოეყვანა. ავტობუსების შემოყვანა 2016 წლის ოქტომბრიან დაიწყო. 2017 წლის აპრილისთვის, 143 ავტობუსი უკვე თბილისში იყო. მათი ხაზებზე გაშვება ეტაპობრივად განხორციელდა. როგორც აღვნიშნეთ, პროექტისფარგლებში 143 ავტობუსის შესაძენად 34 მილიონი ევრო გამოიყო (27 მილიონი - EBRD-ის სესხი, 7 მილიონი გრანტი). შესაბამისად, ერთი ავტობუსის შესაძენად, დაახლოებით, 237 762 ევრო დაიხარჯა (დაახლოებით 608 670 ლარი, 2016 წლის სექტემბრის კურსის შესაბამისად).
კახა კალაძის განცხადებით კი, 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შეძენა 31 მილიონ ლარად იგეგმება. შესაბამისად, ერთი ავტობუსის შესაძენად 310 000 ლარია გათვალისწინებული. თუ მერია კვლავ “MAN”-ის იგივე ტიპის ავტობუსების შეძენას იგივე ფასად (608 670 ლარად) გადაწყვეტს, მაშინ აღნიშნული თანხით მხოლოდ 50 ავტობუსის შეძენა მოხერხდება.
ჩვენ ტრანსპორტის საკითხების სპეციალისტს, პლატფორმა „HUB Georgia”-ს აღმასრულებელ დირექტორს ვასო ურუშაძეს დავუკავშირდით. „მისასალმებელია, რომ მოძველებული ავტობუსების განახლების პროცესი დაიწყო და შიდაწვისძრავიანი ავტობუსები EURO 6 სტანდარტის ავტობუსებით იცვლება. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ „MAN“-ის ტიპის ავტობუსები საკმაოდ მაღალ ფასში შეიძინა. შესაძლებელი იყო იგივე ტიპის და ხარისხის ავტობუსების უფრო დაბალ ფასად ყიდვა“, - აღნიშნა მან.
„რაც შეეხება ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივ აირზე მომუშავე, ჰიბრიდული და ელექტრონული ავტობუსების ფასებს, მათი შეძენა 100 000 - 120 000 აშშ დოლარადაც არის შესაძლებელი. კერძოდ, უკვე მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული ჩინური წარმოების „BID“-ის ავტობუსები და ასევე კორეული ფირმის „HYUNDAI“-ს ავტობუსები. ასე რომ, თბილისის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხით, 100 ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის ყიდვა შესაძლებელია. თუმცა, გააჩნია, მერია რომელი კომპანიის, ტიპის და ტევადობის ტრანსპორტს აირჩევს“, - აცხადებს ურუშაძე.
ჩვენ ავტობუსების სავარაუდო ფასების მოძიებას შევეცადეთ. თხევად აირზე მომუშავე და ელექტრონულიავტობუსის ღირებულება 66 000 აშშ დოლარიდან 100 000 - 120 000 აშშ დოლარს შორის მერყეობს. შესაბამისად, ერთი ავტობუსის შეძენა 151 800 ლარიდან 230 000-276 000 ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი.
აქედან გამომდინარე, 31 მილიონ ლარად 100 ავტობუსის შეძენა შესაძლებელი იქნება. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უნიფიკაციაზე უარის თქმის შემთხვევაში (სხვა ფირმის ავტობუსების შეძენის შემთხვევაში), ავტობუსების ტექნიკური მომსახურება შესაძლოა გაძვირდეს.
დასკვნა 2018წლის 16 თებერვალს მიმდინარე წლის დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა და ბიუჯეტი 36 მილიონით გაიზარდა, აქედან 31 მილიონი ლარი 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესაძენად განისაზღვრა.
შესაბამისად, ერთი ავტობუსის შესაძენად 310 000 ლარია გათვალისწინებული. ჩვენ მიერ მოძიებული ავტობუსების სავარაუდო ფასებით, აღნიშნულ ფასად ერთი ავტობუსის შეძენა შესაძლებელია (ერთი ავტობუსის საშუალო ფასი 151 800 - 276 000 ლარია) თუმცა, არ ვიცით, მერია რომელი ფირმის და ტიპის ავტობუსების შეძენას გეგმავს. თუ მერია კვლავ "MAN"-ის ფირმის ავტობუსებს შეიძენს (იგივე ფასად), მაშინ აღნიშნული თანხით მხოლოდ 50 ავტობუსის შეძენა მოხერხდება.
ამ ეტაპზე კახა კალაძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ, ახალი ავტობუსების შესყიდვის შემდეგ კი მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით.