წლის 29 მაისს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) საქართველოს მთავრობისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა. მან ყურადღება ბიზნეს-სექტორის პრობლემებზე გაამახვილა და განაცხადა: „დღეს საქართველოში ასი ათასამდე ახალი უმუშევარი გვყავს. ასი ათასამდე ადამიანმა დაკარგა სამსახური. ბანკებიდან, დიდი ბიზნესებიდან, კომპანიებიდან მასობრივად ათავისუფლებენ ადამიანებს“.
ფაქტ–მეტრი დეპუტატის მიერ მოყვანილი მონაცემების სიზუსტით დაინტერესდა.
2013 წლის 4 ივნისს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მიხედვით, ბიზნეს- სექტორის მდგომარეობა გამოაქვეყნა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2012 წლის ბოლოს [მე–4 კვარტალში], დასაქმებულთა რაოდენობა 527 800–ს შეადგენდა, ხოლო 2013 წლის პირველ კვარტალში ეს რიცხვი 485 700 იყო. მარტივი მათემატიკური გამოთვლის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 42 100–ით შემცირდა.თუმცა, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, ზაზა ჭელიძე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პირველი და მეოთხე კვარტლების შედარება არ უნდა მოხდეს. სწორი ინტერპრეტირებისთვის მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიოდს უნდა შედარდეს. რადგან პირველი კვარტლის მონაცემები მე–4 კვარტლის მონაცემებზე ძირითადად ყოველთვის ნაკლებია. მისი თქმით, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.
ზაზა ჭელიძის განცხადებით: „მე–4 კვარტალში პიკს აღწევს ბიზნესის აქტივობა. სოფლის მეურნეობის მოსავლის აღებისას იზრდება ბრუნვა, ვაჭრობა და დასაქმება. ასევე, დიდია მომსახურების სფეროში არსებული აქტივობა. წინა საახალწლო პერიოდში იზრდება საცალო ვაჭრობა. მესამე ფაქტორია მშენებლობა, რადგან სამშენებლო პროექტების დასრულება ძირითადად, საბიუჯეტო წლის დასრულებას ემთხვევა“.
მისივე განმარტებით, პირველ კვარტალში არ არის აქტივობა არც სოფლის მეურნეობაში, არც ვაჭრობაში და არც მშენებლობაში. „გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 2013 წლის პირველ კვარტალში, მაჩვენებლები შემცირებულია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები დაიკარგა, უბრალოდ, ეკონომიკამ სამუშაო ადგილები ვერ შექმნა. ეს ჩვეულებრივი, სეზონური მოვლენაა. ნეიტრალური მომხმარებელი სტატისტიკურ მაჩვენებლებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდს ადარებს. მეოთხე და პირველი კვარტლის შედარება კი იგივეა, შევადაროთ, ყურძნის მოსავალი შემოდგომაზე უფრო დიდი იყო, თუ გაზაფხულზე“, აცხადებს ზაზა ჭელიძე. (წყარო: interpressnews.ge /05.06.2013)
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ გააჩნია სეზონურობის ცვალებადობის გამომრიცხავი მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია. შესაბამისად, ამა თუ იმ კვარტლის წინა (ან ნებისმიერ სხვა) კვარტალთან შედარება ვერ ხერხდება და მოცემული კვარტლის შედარება მხოლოდ წინა (ან ნებისმიერ სხვა) წლის იგივე კვარტალთანაა შესაძლებელი. შესაბამისად, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, თუ 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ მიმდინარე წლის ამ პერიოდში, დასაქმებულთა რაოდენობა 15 700–ით არის გაზრდილი. სრულყოფილი სურათის შესაქმნელად ჩვენ 2011 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებიც შევამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ 2011 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 379 200–ს შეადგენდა, შესაბამისად, 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემები [რომელიც 470 000–ს უდრის] 2011 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 90 800–ით გაიზარდა. ფაქტ–მეტრი ამ საკითხზე „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს ზაზა ჭელიძეს ესაუბრა. მისი თქმით, 2012 წლის პირველი კვარტლის მონაცემები გამონაკლისი იყო და საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია. 2011 წლის მეოთხე კვრტალთან შედარებით, 2012 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2012 წლის პირველი კვარტლიდან ბიზნეს-რეგისტრის განახლებითა და საწარმოთა მოცვის ხარისხის გაუმჯობესებით, [40 ათასი საწარმოს ნაცვლად გამოკვლეული იქნა 60 ათასი] რამაც ძველი მონაცემების მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია.შესაბამისად, 2011 წლის მონაცემები ჩვენი საკვლევი თემის ინფორმაციულობის გასამდიდრებლად ვეღარ გამოვიყენეთ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, 2013 წლის 4 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემები მხოლოდ 2013 წლის პირველ კვარტალს ეხება [პირველი კვარტალი იანვრიდან–აპრილამდე პერიოდს მოიცავს]. გიორგი კანდელაკმა განცხადება, სამუშაო ადგილების ასი ათასით შემცირებასთან დაკავშირებით, 29 მაისს გააკეთა. ანუ, მაშინ, როდესაც მეორე კვარტლის ორი თვე უკვე გასული იყო. მეორე კვარტლის სტატისტიკური მონაცემები „საქსტატს“ ჯერჯერობით არ გააჩნია და იგი სექტემბრისთვის გამოქვეყნდება. შესაბამისად, ამ ეტაპზე სტატისტიკა იმის შესახებ, თუ ბიზნეს-სექტორში მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა რამდენს შეადგენდა, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მსგავსი სტატისტიკა ვერც გიორგი კანდელაკს ექნებოდა. ჩვენ მას ოფიციალური წერილითაც მივმართეთ და ვთხოვეთ, მოეწოდებინა ის ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც მან ეს განცხადება გააკეთა, თუმცა, პასუხი არ მიგვიღია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი კანდელაკი თავის განცხადებაში კომერციულ ბანკებში დასაქმებული პერსონალის გათავისუფლებაზეც საუბრობს. ჩვენ ბანკებში არსებული სიტუაციით დავინტერესდით. სტატისტიკის ეროვნული სამსახური კომერციულ ბანკებს იკვლევს ცალკე და არა ბიზნეს-სექტორის კვლევის ფარგლებში. შესაბამისად, ამ საკითხზე შესაბამისი საჯარო ინფორმაცია „საქსტატისგან“ ცალკე გამოვითხოვეთ. უწყებიდან მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებში დასაქმებულთა რაოდენობა 18 400 ადამიანს შეადგენდა. პირველი კვარტლის ბოლოს [31 მარტი] ეს ციფრი 18 700–ს უდრიდა. ამ მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2013 წლის პირველ კვარტალში კომერციული ბანკებიდან პერსონალის განთავისუფლების ტენდენცია არ შეინიშნება, უფრო მეტიც, სახეზეა მცირე ზრდა. 2013 წლის მეორე კვარტლის ანალოგიური სტატისტიკა ჯერ არ არსებობს, იგი სექტემბერში გახდება ცნობილი. დასკვნაგიორგი კანდელაკის განცხადების გადამოწმების შედეგად, შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა: „საქსტატის“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, სამუშაო ადგილების რაოდენობა 42 100–ით შემცირდა. თუმცა, „საქსტატის“ ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის თქმით, პირველი და მეოთხე კვარტლების შედარება არასწორ ინტერპრეტაციას იძლევა და მიზანშეწონილი არ არის. იგი განმარტავს, რომ პირველი კვარტლის მონაცემები მეოთხე კვარტლის მონაცემებზე ძირითადად ყოველთვის ნაკლებია, რადგან მე–4 კვარტალში პიკს აღწევს ბიზნესის აქტივობა: სოფლის მეურნეობაში, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროებში. მსგავსი აქტივობა არ არის წლის დასაწყისში, პირველ კვარტალში.
"საქსტატს" სეზონურობის ცვალებადობის გამომრიცხავი მონაცემთა დამუშავების მეთოდოლოგია არ გააჩნია. შესაბამისად, ამა თუ იმ კვარტლის წინა (ან ნებისმიერ სხვა) კვარტალთან შედარება ვერ ხერხდება და მოცემული კვარტლის შედარება მხოლოდ წინა (ან ნებისმიერ სხვა) წლის იგივე კვარტალთანაა შესაძლებელი. 2013 წლის პირველი კვრატლის 2012 წლის პირველ კვარტალთან შედარებამ გვიჩვენა, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 15 700–ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რიცხვის კლება არც კომერციულ ბანკებში შეინიშნება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გიორგი კანდელაკმა სამუშაო ადგილების შემცირებაზე განცხადება 29 მაისს, მეორე კვარტლის მიმდინარეობისას გააკეთა, შესაბამისად, ჩვენი ინტერესის საგანს მეორე კვარტლის მონაცემების შემოწმებაც წარმოადგენდა. თუმცა, იმის გამო, რომ ეს მონაცემები ჯერ დათვლილი არ არის, ჩვენ ამ პერიოდს ვერ ვამოწმებთ. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მეორე კვარტლის შესახებ ინფორმაცია ვერც გიორგი კანდელაკს ექნებოდა, რადგან მსგავსი სტატისტიკური მონაცემი ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი და მეოთხე კვარტლების შედარება არ ხერხდება, მაინც რჩება კითხვა: როდესაც 2013 წლის პირველ კვარტალში 2012 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 42 100–ით არის შემცირებული, ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სეზონურ უმუშევრობასთან გვაქვს საქმე და სამუშაო ადგილები რეალურად არ გაუქმებულა? სტატისტიკა ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გვაძლევს. შეიძლება ითქვას, რომ დიდწილად სეზონურობის ფაქტორს აქვს ადგილი, მაგრამ ასევე ვერ გამოვრიცხავთ სამუშაო ადგილების გაუქმებასაც. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელებულია.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ გიორგი კანდელაკის განცხადება: „დღეს საქართველოში ასი ათასამდე ახალი უმუშევარი გვყავს. ასი ათასამდე ადამიანმა დაკარგა სამსახური. ბანკებიდან, დიდი ბიზნესებიდან, კომპანიებიდან მასობრივად ათავისუფლებენ ადამიანებს“, არის მეტწილად მცდარი.