ვერდიქტი: მიხეილ ჯანელიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე. რეზიუმე:
მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში, დაცულობისა და უსაფრთხოების კომპონენტში, საქართველო მაქსიმალური 7 ქულიდან 6.01 ქულით არის შეფასებული და მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 29-ე ადგილს იკავებს. 2015 წელს ეს უკანასკნელი 5.96-ს შეადგენდა და ქვეყანა რეიტინგში 32-ე ადგილს იკავებდა. უსაფრთხოების მხრივ, ევრაზიის რეგიონში საქართველო პირველ, ხოლო ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მე-2 ადგილს იკავებს, სლოვენიის (6.2 ქულა) შემდეგ.
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის კიდევ ერთი ანგარიშის (კონკურენტუნარიანობის შესახებ) თანახმად, უსაფრთხოების შეფასების ინდიკატორების 2017-18 წლების მაჩვენებლები 2016-17 წლებთან შედარებით საშუალოდ 0.3 ქულითაა შემცირებული (ოთხივე კომპონენტში გაუარესება შეინიშნება).
გლობალური მშვიდობის ინდექსში, საქართველო 163 ქვეყანას შორის 94-ე ადგილს იკავებს და უსაფრთხოების საშუალო დონის ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება. ამ მხრივ, საქართველოს პოზიცია 2016 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.
ანალიზი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა:„საქართველო დღეს უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოწინავე ადგილასაა. უსაფრთხოების კომპონენტში ჩვენ ყველა საერთაშორისო რეიტინგში დავწინაურდით“.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიში, რომელიც მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის საზომია, შეფასებისას ერთ-ერთ ინდიკატორად იყენებს დაცულობისა და უსაფრთხოების მაჩვენებელს. 2017 წლის მონაცემებშიმსოფლიოს 136 ქვეყანაა შაფასებული შკალაზე 1-დან 7-მდე (1-უსაფრთხოების დაბალი დონე, 7-უსაფრთხოების უმაღლესი დონე). საქართველოს საშუალო ქულა 6.01-ს შეადგენს და რანჟირებაში 29-ე ადგილს იკავებს. უსაფრთხოებისა და დაცულობის ცვლადი, თავის მხრივ, 5 კომპონენტით ფასდება. ესენია: კრიმინალისა და ძალადობის გავლენა ბიზნესზე და მასთან დაკავშირებული ხარჯები (ამ კომპონენტში საქართველოს მაჩვენებელი 5.5-ს შეადგენს), პოლიციის სერვისის სანდოობა (საქართველოს ინდექსი - 5.3), ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე და მასთან დაკავშირებული ხარჯები (საქართველოს ინდექსი - 5.7), ტერორიზმის შემთხვევების მაჩვენებელი (საქართველოს ინდექსი - 7) და მკვლელობის მაჩვენებელი (საქართველოს ინდექსი - 2.7. ამ შემთხვევაში, დაბალი ქულა უკეთესი მაჩვენებლის მანიშნებელია).
მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015წლის ანგარიშის მონაცემებთან შედარებით, უსაფრთხოებისა და დაცულობის კუთხით საქართველოს საშუალო მაჩვენებელი გაუმჯობესებულია (2015 წელს 5.96 ქულით შეფასდა და მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის 32-ე ადგილი დაიკავა).
გრაფიკი 1:საქართველოს მაჩვენებელი დაცულობისა და უსაფრთხოების კომპონენტში წლების მიხედვით
წყარო: მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი
მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ანგარიშში საქართველო ევრაზიის რეგიონის ქვეყნების ჯგუფშია გაერთიანებული და უსაფრთხოების მხრივ ევრაზიის რეგიონში პირველ, ხოლო ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მე-2 ადგილს იკავებს სლოვენიის (6.2 ქულა) შემდეგ.
გრაფიკი 2:
ევრაზიის რეგიონის ქვეყნები უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით
წყარო: მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმიგარდა ზემოთ მოყვანილი კვლევისა, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს კონკურენტუნარიანობის შესახებ, რომლის შეფასების 114 კრიტერიუმიდანაც ოთხი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ფაქტორს წარმოადგენს. ესენია: ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე და მასთან დაკავშირებული ხარჯები, კრიმინალისა და ძალადობის გავლენა ბიზნესზე და მასთან დაკავშირებული ხარჯები, ორგანიზებული დანაშაული და პოლიციის მომსახურების სანდოობა. კონკურენტუნარიანობის 2017-18
წლების ინდექსის მიხედვით, ბიზნესზე ტერორიზმის საფრთხის გავლენისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების კომპონენტში საქართველო 5.3, ბიზნესზე კრიმინალისა და ძალადობის გავლენის კომპონენტში 5.2, ორგანიზებული დანაშაული კომპონენტში - 5.4, ხოლო პოლიციის სერვისის სანდოობის კომპონენტში 5.2 ქულით შეფასდა. ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, რომ უსაფრთხოების გაზომვის აღნიშნული ინდიკატორები წლიდან წლამდე არათანაბარზომიერად იცვლება, რაც რთულს ხდის ცვლილების კონკრეტული ტრენდის დანახვას. თუმცა, 2016-17 წლის მონაცემებთან შედარებით, 2017-18 წელს ოთხივე ინდიკატორის მაჩვენებლები გაუარესებულია.
ცხრილი 1:საქართველოს მაჩვენებლები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით
ინდიკატორები | 2012-13 | 2013-14 | 2014-15 | 2015-16 | 2016-17 | 2017-18 |
ტერორიზმის საფრთხის გავლენა ბიზნესზე | 5.5 | 5.4 | 5.9 | 4.5 | 5.7 | 5.3 |
კრიმინალის საფრთხის გავლენა ბიზნესზე | 5.1 | 5.0 | 5.3 | 5.6 | 5.5 | 5.2 |
ორგანიზაციული დანაშაული | 5.2 | 5.2 | 5.8 | 5.4 | 5.8 | 5.4 |
პოლიციის სერვისის სანდოობა | 5.1 | 5.2 | 5.4 | 5.8 | 5.3 | 5.2 |
კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელიც ქვეყნების უსაფრთხოებასა და დაცულობას ზომავს, არის გლობალური მშვიდობის ინდექსი, რომელსაც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი აწარმოებს. ქვეყნების რანჟირება ხდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების დონის, მიმდინარე საშინაო თუ საერთაშორისო კონფლიქტების სიმწვავისა და მილიტარიზაციის დონის მიხედვით. შეფასებისას გამოიყენება როგორც საშინაო (ქვეყნის შეგინით კრიმინალისა და ძალადობის დონე), ასევე საგარეო (შეიარაღებული კონფლიქტები და ომები) ფაქტორები. გლობალური მშვიდობის ინდექსის 2017 წლის მონაცემები
ს თანახმად, უსაფრთხოების მაჩვენებელი საერთაშორისო დონეზე კლების ტენდენციით ხასიათდება და ბოლო 10 წლის მანძილზე 2.14%-ით არის შემცირებული.
ინდექსში მსოფლიოს 163 ქვეყანა შეფასებულია 23 ინდიკატორით შკალაზე 1-დან 5-მდე, სადაც 1 უსაფრთხოების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, ხოლო 5 ყველაზე დაბალს ასახავს. საქართველო უსაფრთხოების მხრივ საშუალო დონის ქვეყანათა კატეგორიას მიეკუთვნება და 2.084 ქულით 94-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ევრაზიის რეგიონის სახელმწიფოებს შორის მშვიდობის ყველაზე მაღალი ინდექსი მოლდოვას აქვს, მეორე ადგილს ყაზახეთი, ხოლო მესამეს - საქართველო იკავებს. რეგიონში ყველაზე დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან რუსეთი და უკრაინა. აღსანიშნავია, რომ საერთო მშვიდობის ინდექსის პოზიციაბოლო 8 წლის მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვანად გაიუმჯობესა. 2010 წელს ის ყველაზე ნაკლებ უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნებოდა და 156-ე ადგილს იკავებდა. 2011 წელს 10 პოზიციით დაწინაურდა და 146-ე ადგილი დაიკავა, ხოლო 2014 წელს, 141-ე ადგილით, შეუერთდა უსაფრთხოების საშუალო დონის მქონე ქვეყნების ჯგუფს.
სურათი 1:
გლობალური მშვიდობის რეიტინგში საქართველოს პოზიციის ცვლილება
წყარო: Vision of Humanity