საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან ხუთი წლის შემდეგ, მისი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კვლავ პროგრამის ხარჯების მართვაა. გასული წლების სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შეკავებას ვერ ახერხებს. პროგრამის გეგმიური ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტი საკმარისი არცერთხელ არ აღმოჩნდა. წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების დასაფარად ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოძიება უკვე ტრადიციად იქცა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯი დიდი ალბათობით 2018 წელსაც დაგეგმილზე მეტი იქნება. ამას წინასწარ ადასტურებს კიდეც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, მისი განცხადებით: „2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვის დანახრჯი ალბათ 720 მილიონი იქნება, თუმცა 704 მილიონია ჩადებული“.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და საქართველოს ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პეკეტით (სახელმწიფო ჯანდაცვის დაზღვევით ან კერძო დაზღვევით) არ სარგებლობდა. 2014 წლიდან კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ის მიზნობრივი ჯგუფებიც მოექცნენ, ვინც ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობდნენ. ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს საშუალება მიეცათ დამატებით კერძო დაზღვევის პაკეტები შეეძინათ.

სახელმწიფომ შეცვალა დაფინანსების წესიც, თუ მანამდე სახელმწიფო ჯანდაცვის დაზღვევის პროგრამებს კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ,  2014 წლიდან სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის განმახორციელებელი სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოა“. რაც ნიშნავს, რომ ფინანსური რისკებიც სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის.

2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯმა 70 მლნ ლარი შეადგინა. 2014 წელს პროგრამის ბიუჯეტი 200 მლნ ლარამდე გაიზარდა, თუმცა რეალურმა ხარჯმა 338 მლნ ლარი შეადგინა. 2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 470 მლნ ლარით განისაზღვრა, არც ეს თანხა აღმოჩნდა საკმარისი და წლის ბოლოს 100 მლნ ლარზე მეტის დამატება გახდა საჭირო. 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დაგეგმილზე 111 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა (იხ. გრაფიკი 1).

2017 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, ვინც 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კერძო დაზღვევით სარგებლობდნენ. ამასთან, პროგრამაში შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული დაზღვევის პაკეტები გაჩნდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მაღალშემოსავლიან (წლიურად 40 ათას ლარზე მეტი) მოქალაქეებზე აღარ ვრცელდება. მნიშვნელოვნად შეეზღუდათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი საშუალო შემოსავლის (თვეში 1 000 ლარზე მეტი) მქონე მოქალაქეებსაც. დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეები, თვითდასაქმებულები და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები შედარებით შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ. ჯანმრთელობის დაზღვევის შედარებით სრული პაკეტით მხოლოდ მიზნობრივი და მოწყვლადი ჯგუფები სარგებლობენ. საყოველთაო მხოლოდ მშობიარობის (500 ლარის ფარგლებში) და საკეისრო კვეთის (800 ლარის ფარგლებში) დაფინანსება დარჩა, რომელიც ყველას ერთნაირად უფინანსდება, მათ შორის - მაღალშემოსავლიან მოქალაქეებსაც.

აღნიშნული ცვლილებების მიზეზად ხარჯების ოპტიმიზაცია და სოციალური სამართლიანობის შექმნა სახელდებოდა. მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრომ მაინც ვერ მოახერხა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების შეკავება. წინა წლების მსგავსად პროგრამის ბიუჯეტი 2017 წელსაც არასაკმარისი აღმოჩნდა და დაახლოებით 50 მლნ ლარის დამატება გახდა საჭირო.

გრაფიკი 1: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაგეგმილი და რეალური ხარჯები, 2014-2017 წლებში (მლნ ლარებში)

image001

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტი

2018 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი 704 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის რეალურ შესრულებაზე 6 მლნ ლარით ნაკლებია. ამასთან, წინა წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები მზარდია. ასევე, ჯანდაცვის სფეროში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ამ გარემოებებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას თანხები 2018 წელსაც დააკლდება.

თეგები: