იტვირთება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ, ნარკოპოლიტიკაზე, ნარკოტიკული დანაშაულების კლების ტენდენციაზე და ე.წ. "ჩადების ინსტიტუტზე" ისაუბრა, რომლის არსებობას არც ადასტურებს და არც უარყოფს. თუმცა, მისი მოსაზრებით, თუკი დავუშვებთ, რომ „ჩადების ინსტიტუტი“ მართლაც არსებობს, მაშინ ზოგადად ნარკოდანაშაულთა კლების ფონზე, დინამიკაში ჩადებებიც კლებადი უნდა იყოს. ნარკოდანაშაულთა კლების საილუსტრაციოდ დეპუტატს უზენაესი სასამართლოს მონაცემები მოჰყავს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით: "სსკ-ს 260-ე მუხლით პატიმრობა 2013 წელს 1 200 პატიმარს, ხოლო 2016-ში კი ორჯერ ნაკლებს - 600 პატიმარს შეეფარდა. 273-ე მუხლით 2014 წელს იყო 1 000 პატიმარი, 2016 - ში 100 პატიმარი".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასამართლოების მიერ განხილულ საქმეთა უმეტესობა სისხლის სამართლის ორ მუხლზე (260-ე და 273-ე) მოდის. ნარკოტიკების უკანონო მოხმარება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ისჯება. სსკ-ის 260-ე მუხლი კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნისთვის ითვალისწინებს, რომლის მესამე ნაწილიც დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელს ამძიმებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ქვეყანაში გავრცელებული მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებებისთვის მცირე ოდენობები კანონით დადგენილი არ არის, მათი ნებისმიერი ოდენობა დიდ ოდენობად კვალიფიცირდება (გვ. 45) და შესაბამისად, ხშირად, პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით დგება. ფაქტ-მეტრმა უზენაესი სასამართლოდან 2012-2016 წლებში სსკ-ის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებულთა რაოდენობისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ ინფორმაცია

 გამოითხოვა.

ცხრილი 1:

საქართველოს საქალაქო/რაიონული სასამართლოს მიერ 2012-2016 წლებში სსკ-ის 260-ე და 273-ე მუხლებით მსჯავრდებულთა და აღნიშნული დანაშაულისთვის თავისუფლებააღკვეთილ პირთა რაოდენობა

წლები სსკ-ის 260-ე მუხლი მათ შორის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სსკ-ის 273-ე მუხლი
მსჯავრდებულთა რაოდენობა მათ შორის შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულთა რაოდენობა მათ შორის შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულთა რაოდენობა მათ შორის შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა
2012 1 100 598 56 44 861 220
2013 2 660 1 193 75 62 3 570 435
2014 2 354 1 515 133 115 4 003 972
2015 1 618 778 240 176 2 191 460
2016 1 759 631 464 212 2 127 104

როგორც ცხრილიდან ჩანს, 2013 წელთან შედარებით 2016 წელს მართლაც შემცირებულია როგორც 260-ე, ასევე 273-ე მუხლით მსჯავრდებულთა და აღნიშნული დანაშაულებისთვის თავისუფლებააღკვეთილ პირთა რაოდენობა (რომელთაც დეპუტატი პატიმრებად მოიხსენიებს). კერძოდ, 2013 წელს 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა 1 193 პირს, ხოლო 2016 წელს თითქმის ნახევარს - 631 პირს შეეფარდა. რაც შეეხება 273-ე მუხლს, 2014 წელს თავისუფლების აღკვეთა 972, ხოლო 2016 წელს 104 პირს შეეფარდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიმიტრი ხუნდაძემ სტატისტიკის განხილვისას  2012 წლის მონაცემებზე საუბრისგან განზრახ შეიკავა თავი, რადგან როგორც თავად ამბობს პოლიტიკურ ვაჭრობად არ ჩათვლოდა. თუმცა, თუკი ცხრილს დავაკვირდებით ვნახავთ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სურათის უკეთ დანახვის მიზნით არა თუ მიზანშეწონილი არამედ აუცილებელიცაა წინა ხელისუფლების დროინდელი მონაცემების მოხმობა. ამასვე ადასტურებს 2017 წლის ნოემბერში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და საბიუჯეტო ოფისის მიერ ნარკოპოლოტიკის რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასების შესახებ მომზადებული დოკუმენტი

 (RIA).

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად (გვ. 27-28), 2009 წლიდან 2012 წლამდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, რის შედეგადაც 2012 წელს მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობამ სულ 861 პირი შეადგინა. თუმცა, ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 2014 წლისთვის მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 4.7-ჯერ გაიზარდა.

  დასკვნა

უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის თანახმად, 2016 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე მუხლით გათვალისწინებული ნარკოდანაშაულებისათვის მსჯავრდებულ პირთა რაოდენობა 2013-2014 წლებთან  შედარებით შემცირებულია. ამასთან, მართლია 2016 წელს მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა კვლავ მაღალი რაოდენობა ფიქსირდება (2012 წელთან შედარებით 2.5-ჯერ მეტი), თუმცა დანარჩენ წლებთან შედარებით იმ მსჯავრდებულთა რიცხვი, რომელთაც მოხმარებისთვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ, ყველაზე დაბალი სწორედ 2016 წელს დაფიქსირდა.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატი მონაცემების შედარებისას არათანმიმდევრულია. კერძოდ, თუკი 260-ე მუხლის შემთხვევაში ერთმანეთს 2013 წლისა და 2016 წლის მონაცემებს ადარებს, 273-ე მუხლის შემთხვევაში არა 2013 წლის არამედ  2014 წლის მონაცემებზე უთითებს, რომელიც დანარჩენ წლებთან შედარებით ყველაზე მაღალია. ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ ის საერთოდ არ ამახვილებს ყურადღებას 2012 წლის მონაცემებზე, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის შედეგებს (პარლამენტის RIA-ს თანახმად) და 2016 წლის მდგომარეობაზე უკეთეს სურათსაც ასახავს.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2867 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
22%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი