იტვირთება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა თბილისის ქაოტურ განაშენიანებაზე ისაუბრა, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც ამ მიმართულებით დიდად არაფერი შეცვლილა და შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი გამოსავალი დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის მიღებაა.

უდუმაშვილმა ასევე თბილისში მიმდინარე მშენებლობების მაღალ ტემპზე გაამახვილა ყურადღება და ისიც აღნიშნა, რომ კვლავ აქტიურად ხდება ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტის გაყიდვა: „კოეფიციენტის გაყიდვიდან 2013 წელს თბილისის ბიუჯეტში შემოვიდა 1 900 000 ლარი, 2018 წლის ბიუჯეტში კი 19 მილიონი არის გათვალისწინებული, კოეფიციენტის გაყიდვიდან შემოსული თანხა“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ინტენსიური განაშენიანების კ2 კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან. ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტის გაზრდისთვის მოსაკრებელი 2007 წლიდან დაწესდა. ამ მიზნით „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში 2007 წლის 13 აპრილს ცვლილება

შევიდა და დაემატა მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის. აღნიშნული ცვლილება გულისხმობდა, რომ შესაბამისი ზონალური შეთანხმების საფუძველზე, მოსაკრებლის გადახდით დეველოპერს ასაშენებელი შენობის სართულების რაოდენობის გაზრდა შეეძლო.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებით,

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის განაკვეთების  განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქცია დამტკიცდა.

აღნიშნული დადგენილებით, მოსაკრებლის ოდენობა შემდეგი ფორმულით გამოიანგარიშება:

X=L/k2(k21-k2)

S

  • აღნიშნულ ფორმულაში X არის მოსაკრებლის ოდენობა.
  • L არის 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის არსებული ნორმატიული ფასი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისას.
  • K21 მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი.
  • k2 არის მიწის ნაკვეთისათვის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით  დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი.
  •  S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი.

დადგენილების მიხედვით, მოსაკრებლის ოდენობა ნამატი ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს (მოსაკრებლის ოდენობა იგივე დარჩა, რაც 2007 წელს იყო).

2016 წლის 24 მაისის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების

მიხედვით, ქალაქის ცენტრალურ უბნებში განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გაზრდა დროებით შეიზღუდა.

ჩვენ დავინტერესდით, კ2 კოეფიციენტის გაზრდისთვის დაწესებული მოსაკრებლით (სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის მოსაკრებელი) წლების განმავლობაში რა რაოდენობის თანხა შედიოდა დედაქალაქის ბიუჯეტში.

ცხრილი 1:

თბილისის ბიუჯეტში კ2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი გეგმა/ფაქტი (ათასი ლარი)

წელი 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018
გეგმა 750 1 832 1 745 1 745 4 200 6 500 6 500 10 794 10 000
ფაქტი 823.5 1 990 1 563 1 929 8 577 7 157 11 988 - -
წყარო: თბილისის მერია

როგორც ცხრილიდან ჩანს, კ2 კოეფიციენტის გაზრის მოსაკრებელი (სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის მოსაკრებელი) 2013 წლიდან ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ბოლო წლებში აღნიშნული მოსაკრებლიდან მიღებულუ ფაქტობრივი შემოსავალი დაგეგმილს აღემატება. რაც შეეხება 2013 წელს, კ2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელმა (ფაქტი) 1 929 000 ლარი შეადგინა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით კი აღნიშნული მოსაკრებლით თბილისის ბიუჯეტში 10 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმება.

ინტენსიური განაშენიანების კ2 კოეფიციენტის ზრდას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემოღებულ მანკიერ პრაქტიკად მიიჩნევდა თბილისი ყოფილი მერი დავით ნარმანია, თუმცა მისი მერობის პერიოდში, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ორი წლის განმავლობაში კ2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით 1 037 თანხმობა გაიცა, 2009-2014 წლებში კი, იგივე მიზნით, 1 948 თანხმობა. აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში (2009 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე) თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ კ2 კოეფიციენტის გაზრდის მიზნით წელიწადში საშუალოდ 336 ნებართვა გაიცემოდა, ხოლო 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის აგვისტომდე პერიოდში კი წლიურად საშუალოდ 518 თანხმობა. შესაბამისად, „მანკიერი პრაქტიკა“ „ქართული ოცნების“ პერიოდში უფრო აქტიურად გაგრძელდა (იხ. სტატია). აღსანიშნავია, რომ თბილისში 2006-2017 წლებში 39 776 სამშენებლო ნებართვაა გაცემული,

რაც 36 234 214 კვ.მ ფართობს მოიცავს. ბოლო წლებში, კონკრეტულად 2015-2017 წლებში კი, სამშენებლო ნებართვები 7 303 568 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე გაიცა.

  დასკვნა

კ2 კოეფიციენტის გაზრდის მოსაკრებელი (სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის მოსაკრებელი) 2007 წლიდან დაწესდა, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაბამისი ზონალური შეთანხმების საფუძველზე, მოსაკრებლის გადახდით დეველოპერს ასაშენებელი შენობის სართულების რაოდენობის გაზრდა შეუძლია.

2013

წელს კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლით (სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებელი) თბილისის ბიუჯეტში 1 929 000 ლარი შევიდა, მიმდინარე წელს კი აღნიშნული მოსაკრებლით ბიუჯეტში 10 მილიონი ლარის მობილიზება იგეგმება.

რა თქმა უნდა, მუნიციპალური ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა მისასალმებელი ფაქტია. ისიც ცხადია, რომ სამშენებლო ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. თუმცა, სასურველი იქნება თუ თბილისში მიმდინარე ქაოტური მშენებლობები და კორპუსების მშენებლობის პროცესში სართულების დამატების საკითხი შესაბამისი გზებით დარეგულირდება.

2018 წელთან დაკავშირებულ მონაცემში ფაქტობრივი უზუსტობის მიუხედავად, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ზაალ უდუმაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3069 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი