პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ არსებულ ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა და მისი არაეფექტურობის საილუსტრაციოდ ყურადღება ნარკომომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა. „2010 წლიდან დღემდე დაახლოებით 15 ათასით გვაქვს გაზრდილი ნარკომოხმარება. 2010 წელს იყო 40 ათასი, დღეს არის 55 ათასი“, - განაცხადა ხოშტარიამ.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ნარკოტიკული საშუალებების ინექციურ მომხმარებელთა პოპულაციის ზომის განმსაზღვრელი კვლევა საქართველოში სულ ოთხჯერ ჩატარდა, რომლებიც 20091, 20122, 2014, 2016 წლების მონაცემებს ასახავენ.
ბოლო ორი კვლევა (2015 წლისა და 2017 წლის) საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონისა“ და საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. კვლევისას სამი სხვადასხვა მეთოდოლოგია იქნა გამოყენებული, რაც მომხმარებელთა რაოდენობის შესახებ განსხავავებულ შედეგებს იძლეოდა. საბოლოოდ, გამოყენებული იქნა საექსპერტო კონსენსუსის მეთოდი, რომლის მიხედითაც დარგის ექსპერტების შეთანხმებით ინექციურ ნარკომომხმარებელთა სავარაუდო ზომად სამივე მეთოდით მიღებული რაოდენობების საშუალო მაჩვნებელი იქნა მიჩნეული (გვ. 2). აღსანიშნავია, რომ კვლევის მიზნებისთვის, ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლად ითვლება მამრობითი და მდედრობითი სქესის 18 წელს მიღწეული პირი, ვინც ნარკოტიკის ინექციას კუნთში ან ვენაში ინტოქსიკაციის მიზნით, ექიმის დანიშნულების გარეშე იკეთებს.
ფაქტ-მეტრი ინექციურ ნარკომომხმარებელთა რაოდენობის დასადგენად სწორედ აღნიშნულ კვლევებს იყენებს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და საბიუჯეტო ოფისის მიერ 2017 წლის ნოემბერში ნარკოტიკული რეფორმის გავლენის შეფასების შესახებ სპეციალური დოკუმენტი მომზადდა (RIA). აღნიშნული დოკუმენტი ნარკომომხმარებელთა რაოდენობის განსაზღვრისას სწორედ ჩვენ მიერ მოყვანილ კვლევებს ეყრდნობა.
ამასთან, „მსოფლიო ნარკოტიკების შესახებ“ გაეროს მიერ მომზადებულ ანაგრიშებში საქართველოს შესახებ მონაცემების ძრითად წყაროს ასევე „ბემონისა“ და „კურაციოს“ მიერ მომზადებული კვლევა წარმოადგენს.
ბოლო საექსპერტო კონსენსუსის თანახმად, 2016 წელს ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა 52 500 პირით განისაზღვრა.
ქვემოთ მოცემულია ოთხივე კვლევის შედეგები, რაც ნარკომომხმარებელთა სტაბილური ზრდის ტენდენციას კარგად წარმოაჩენს. კერძოდ, 2009-2016 წლებში ინექციურ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 12 500- ით გაიზარდა.
პარლამენტის მიერ მომზადებული RIA-ს მიხედვით ნარკომომხმარებელთა მზარდი ტენტენციის გამომწვევ მიზეზად მოქმედი არასწორი ნარკოპოლიტიკა დასახელდა, რომელიც მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებებზეა ორიენტირებული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მკაცრი სადამსჯელო ზომები არ ამცირებს მოთხოვნას ნარკოტიკებზე და არ უბიძგებს ადამიანებს შეწყვიტონ ნარკოტიკების მოხმარება. „გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის მონაცემები და საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ პენიტენციური სისტემიდან გამოსული ნარკოტიკების მომხმარებელთა დაახლოებით 90% უბრუნდება ნარკოტიკების მოხმარებას, თუ მას არ ჩაუტარდა მკურნალობა“ (გვ. 19), - ვკითხულობთ დოკუმენტში.
დასკვნა 2009-2016 წლებში ინექციურ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 40 ათასიდან 52 ათასამდე გაიზარდა (თუმცა, ეს მონაცემები არ არის აბსოლუტური სიზუსტის და შესაძლებელია გარკვეული ცდომილებაც იყოს). შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ნარკომომხმარებელთა რაოდენობა 12 500-ით გაიზარდა, რაც ნაკლებია ელენე ხოშტარიას მიერ დასახელებულ რიცხვზე. თუმცა, ერთი მხრივ გასათვალისწინებელია დეპუტატის მიერ გამოყენებული სიტყვა „დაახლოებით“ და მეორე მხრივ კონტექსტი - სტაბილური ზრდის ტენდენცია, რაც არასწორი ნარკოპოლიტიკის შედეგია და რასაც პარლამენტის მიერ მომზადებული დოკუმენტიც ადასტურებს. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ელენე ხოშტარიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
1 წყარო: თამარ სირბილაძე, ლელა თავზარაშვილი, ტომას ზაბრანსი, ლელა სტურუა (2009). ნარკოტიკების ინექციური მოხმარების პრევალენტობის სავარაუდო ზომის დადგენა საქართველოს 5 ქალაქში, 2008. თბილისი, საქართველო.
2 თამარ სირბილაძე და ლელა თავზარაშვილი (2013). ნარკოტიკების ინექციური მოხმარების პრევალენტობის სავარაუდო ზომის დადგენა საქართველოში 2012. თბილისი, საქართველო, საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონი.