მიმდინარე წლის 15 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ საკუთარი ფეისბუქ გვერდის საშუალებით განცხადება გაავრცელა: „ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 800 000 ადამიანით შემცირდა: „ნაციონალური მოძრაობა“, 2012 წელი - 4 500 000 მოქალაქე; „ქართული ოცნება“, 2017 წელი და უკვე - 3 700 000 მოქალაქე“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
აღნიშნულ განცხადებაში ნიკა მელია აკონკრეტებს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) ეყრდნობა.
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობა 3.718 მლნ ადამიანისგან (საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა) შედგებოდა. 2017 წლის 1 იანვარს, 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 2 000 ადამიანით იყო შემცირებული; 2016 წელს კი, 2015 წელთან მიმართებით, 6 000 ადამიანით იყო გაზრდილი, რაც მოსახლეობის რიცხოვნობის ცვლილების არაერთგვაროვან ტენდენციას აჩვენებს.
მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლის 5 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3.714 მლნ კაცისგან შედგებოდა, რაც 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებზე (4.372 მლნ კაცი) 657 ათასი ადამიანით (15%-ით) ნაკლებია.
საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული საქართველოს მოსახლეობის 2003-2013 წლების სტატისტიკა 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით დაკორექტირებული არ არის. კერძოდ, საქსტატის სტატისტიკით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 777 ათასი ადამიანით შემცირდა, რაც რეალურ ცვლილებას არ ასახავს. თავის მხრივ, ამ საყურადღებო აცდენაზე კომენტარი საქსტატს ყოველ შესაბამის დოკუმენტში აქვს გაკეთებული. ამდენად, 2017 წლისა და 2012 წლის შესაბამისი მოსახლეობის რაოდენობის შედარება საყოველთაო აღწერის შედეგების გათვალისწინების გარეშე მართებული არ არის.
2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები წრფივი ინტერპოლაციის მეთოდით გათვალისწინებული აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. ფონდის სტატისტიკაზე დაყრდნობით, 2017 წლის 1 იანვარს საქართველოს მოსახლეობა 2003 წლის ანალოგიურ მონაცემთან მიმართებით 624 ათასი კაცით, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 143 ათასი ადამიანით არის შემცირებული და 3.694 მილიონს შეადგენს.
წყარო: საქსტატი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ცხრილი 1: საქართველოს მოსახლეობა შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით
საქსტატი | საერთაშორისო სავალუტო ფონდი | |
2001 | 4.401 | 4.401 |
2002 | 4.372 | 4.372 |
2003 | 4.343 | 4.318 |
2004 | 4.315 | 4.265 |
2005 | 4.322 | 4.211 |
2006 | 4.401 | 4.158 |
2007 | 4.395 | 4.104 |
2008 | 4.382 | 4.051 |
2009 | 4.385 | 3.997 |
2010 | 4.436 | 3.944 |
2011 | 4.469 | 3.890 |
2012 | 4.498 | 3.837 |
2013 | 4.484 | 3.783 |
2014 | 4.491 | 3.730 |
2015 | 3.714 | 3.720 |
2016 | 3.720 | 3.701 |
2017 | 3.718 | 3.694 |
ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაზე გავლენა შესაძლოა ჰქონდეს კონკრეტულ მმართველ ძალას. ქვეყნის ეკონომიკურმა არასტაბილურობამ, სამუშაო ადგილების სიმცირემ, შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნიდან მოქალაქეების გადინება. თუმცა, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ მიგრაციის შედეგად არ იცვლება (რაც, თავის მხრივ, მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორებით განპირობებული პროცესი არ არის) და სხვა დემოგრაფიულ ცვლადებზე გავლენა არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მმართველობას, არამედ უფრო კომპლექსურ ფაქტორებს აქვს. გარდა ამისა, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა მცირდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებშიც. მეტიც, ეკონომიკურ განვითარებასა და ბუნებრივ მატებას (შობადობასა და გარდაცვალებას შორის სხვაობა) შორის ცალსახა დადებითი კორელაცია არ არსებობს. ამის მაგალითია განვითარებული მსოფლიოს არაერთი ქვეყანა. ფაქტ-მეტრი ამ თემაზე ადრეც წერდა (იხ. ბმული 1; ბმული 2). უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების გამოქვეყნებიდან მალე სამი წელი გავა, თუმცა საქსტატს საქართველოს მოსახლეობის რეალური დინამიკის ამსახველი სტატისტიკა ამ დრომდე არ აქვს გამოქვეყნებული. 2014 წლის საყოველთაო აღწერის საკონტაქტო პირმა, პაატა შავიშვილმა ფაქტ-მეტრთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის 2003-2014 წლების დაკორექტირებული მონაცემები მიმდინარე წლის აპრილში უნდა გამოქვეყნდეს, მაგრამ ამ გეგმის შესაბამისი დოკუმენტის განთავსება საქსტატის ონლაინ კალენდრით გათვალისწინებული არ არის, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს თარიღიც სავარაუდოა.
დასკვნა განცხადებაში ნიკა მელია საქსტატის მონაცემებს ეყრდნობა და ერთმანეთს საქართველოს მოსახლეობის 2012 და 2017 წლის შესაბამის რაოდენობებს ადარებს, რაც არასწორი მიდგომაა, ვინაიდან 2017 წლისაგან განსხვავებით 2012 წლის მონაცემი 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს არ ითვალისწინებს. სინამდვილეში, საერთაშორისო სავალუტო ფონდზე დაყრდნობით (დაახლოებითი გათვლებით), ბოლო ხუთ წელში საქართველოს მოსახლეობა არა 800 000, არამედ 143 ათასი ადამიანით შემცირდა, რაც ახალი ტენდენცია არ არის და ქვეყანაში მოსახლეობა გასულ წლებშიც იკლებდა. აღნიშნული შემცირება კი საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ან რომელიმე მმართველი პარტიის პოლიტიკას ცალსახად არ უნდა დავაბრალოთ. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის ტყუილი.
თეგები: