„2009-2012 წლებში მხოლოდ 3 სისხლის სამართლის საქმეზე, მოსამართლემ უარი უთხრა პროკურატურას, რომ ადამიანი გაეგზავნა წინასწარ პატიმრობაში. მხოლოდ 2016 წელს მოსამართლემ პროკურატურის ანალოგიური შუამდგომლობა 174 საქმეზე არ დააკმაყოფილა“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
წინასწარი პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ ფორმას წარმოადგეს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, წინასწარი პატიმრობა უნდა იყოს ყოველთვის გამონაკლისი და ყოველთვის გამართლებული ზომა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მიხედვით კი, პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა და ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრს ადრეც უმუშავია (იხ. სტატია). საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული იმ პერიოდის ამსახველი სტატისტიკური მონაცემებისთანახმად, იმ პირთა რიცხვი, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არ გაიგზავნენ (შეეფარდათ სხვა სახის აღკვეთის ღონისძიება, უარი ეთქვათ აღკვეთის ღონისძიების შეფადებაზე და გაფორმდა საპროცესო შეთანხმება) 2009 წელს 515-ს, 2010-ში - 652-ს, 2011-ში - 390-ს, ხოლო 2012 წელს 335-ს შეადგენდა. ჯამში, 2009-2012 წლებში ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში გაგზავნაზე პროკურატურას უარი ეთქვა 1 892 სისხლის სამართლის საქმეზე.
რაც შეეხება 2013-2017 წლების მაჩვენებლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ პატიმრობის შუამდგომლობების განხილვის შესახებ მიღებული სტატისტიკური მონაცემებიდანჩანს, რომ საქათველოს საქალაქო/რაიონული სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ საგამოძიებო ორგანოდან შემოსული შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობის რიცხვი 2013 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა. 2013 წელს საგამოძიებო ორგანოს მიერ დაყენებული შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ სასამართლომ 1 809, 2014 წელს - 2 811, 2015-ში - 2 518, 2016-ში - 1 798, ხოლო 2017 წლის 11 თვეში 1 140 საქმეზე არ დააკმაყოფილა.
ცხრილი 1:პირველი ინსტანციის სასამართლოების მიერ 2009-2014 წლებში პატიმრობის შუამდგომლობის განხილვის სტატისტიკა
წლები | სულ განხილული პატიმრობის მოთხოვნით შემოსული შუამდგომლობა | მათ შორის დაკმაყოფილდა | პროცენტული მაჩვენებელი |
2009 | 8 713 | 8 198 | 94% |
2010 | 8 761 | 8 109 | 92.5% |
2011 | 6 948 | 6 558 | 94% |
2012 | 4 154 | 3 819 | 92% |
2013 | 5 222 | 3 413 | 65% |
2014 | 7 176 | 4 365 | 61% |
2015 | 6 196 | 3 678 | 59% |
2016 | 4 556 | 2 758 | 61% |
2017 წლის 11 თვე | 4 031 | 2 891 | 72% |
ზემოთ მოყვანილი სტატისტიკისა და თეა წულუკიანის განცხადების შეუსაბამობასთან დაკავშირებული კითხვით ფაქტ-მეტრმა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა. როგორც გაირკვა, აღნიშნული განცხადების გაკეთებისას თეა წულუკიანი ეყრდნობოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშს
და მაგალითად მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკა მოიყვანა. ანგარიშში ნათქვამია: „მნიშვნელოვნად გაიზარდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევები. მაგალითად, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009-2012 წლებში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მხოლოდ 3 შემთხვევაში, მხოლოდ 2016 წელს, პროკურატურას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა 174-ჯერ, რამაც ჯამში 98%-იანი განსხვავება შეადგინა“.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა აღკვეთის ღონისძიების სახის პატიმრობის შეფარდების თაობის ამსახველი სტატისტიკა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა. მიღებული მონაცემებისთანახმად ირკვევა, რომ 2009 წელს ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ გაიგზავნა 401, 2010-ში - 513, 2011-ში - 194, ხოლო 2012 წელს 153 საქმეზე. ჯამში, 2009-2012 წლებში ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში გაგზავნაზე პროკურატურას უარი ეთქვა 1 261 სისხლის სამართლის საქმეზე. რაც შეეხება მდგომარეობას 2013 წლიდან დღემდე, 2013 წელს საგამოძიებო ორგანოს მიერ დაყენებული შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ 981, 2014 წელს -1 453, 2015-ში - 1 206, 2016-ში - 1 066, ხოლო 2017 წელს 523 საქმეზე არ დააკმაყოფილა.
ცხრილი 2:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სტატისტიკური ინფორმაცია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე
წლები | პატიმრობის მოთხოვნით შემოსული შუამდგომლობა | მათ შორის დაკმაყოფილდა | პროცენტული მაჩვენებელი |
2009 | 4 420 | 4 019 | 91% |
2010 | 4 773 | 4 260 | 89% |
2011 | 3 805 | 3 611 | 95% |
2012 | 2 134 | 1 921 | 93% |
2013 | 2 642 | 1 661 | 63% |
2014 | 3 843 | 2 390 | 62% |
2015 | 3 085 | 1 879 | 61% |
2016 | 2 794 | 1 728 | 62% |
2017 | 2 210 | 1 687 | 76% |
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ტენდენციები შეინიშნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2017 წელს განხორციელებულ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის
შედეგებში. დაკვირვების მიხედვით, ბრალდებულის მიმართ გირაოს ან პატიმრობის გამოყენება ყველაზე მაღალალბათურია. ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებები შემთხვევათა მხოლოდ 4%-ში იქნა გამოყენებული. გარდა ამისა, საქართველოს იურისტთა ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ პრობლემად რჩება პატიმრობისა და გირაოს დაუსაბუთებლობა.
დასკვნაგანცხადების გაკეთებისას თეა წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, რომ წინასწარი პატიმრობების შესახებ არსებულ მონაცემებზე საუბრისას, მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგალითი მოიყვანა (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშზე დაყრდნობით). აღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, მსმენელს შეიძლება დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ მინისტრის მიერ მოყვანილი სტატისტიკა მთლიანად საქართველოს მაჩვენებელს ასახავდა, რაც აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს გვაძლევს.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშში თბილისის შესახებ ასახული მონაცემებიც არ შეესაბამება სიმართლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2009 წელს ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში არ გაიგზავნა 401, 2010-ში - 513, 2011-ში - 194, ხოლო 2012 წელს 153 საქმეზე. ჯამში, 2009-2012 წლებში ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში გაგზავნაზე პროკურატურას უარი ეთქვა 1 261 სისხლის სამართლის საქმეზე. 2013 წლიდან პროკურატურის მხრიდან დაყენებული პატიმრობის დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, თეა წულუკიანის განცხადება არის მცდარი.