ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუბერნატორების თანამდებობრივი სარგო გაიზარდა და მიმდინარე თვიდან სახელმწიფო რწმუნებულები გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ. ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და ხელფასის ზრდის მიზეზები გააანალიზა.

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელია, რომელიც მთავრობის დავალებით მოქმედებს. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობას ცხრა სახელმწიფო რწმუნებული ახორციელებს.

როგორც გუბერნატორი, ასევე მისი მოადგილეები, პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. შესაბამისად, მათზეც ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი. აღნიშნული კანონი 2018 წელს ამოქმედდა. ამავე კანონით შეიცვალა პრემიის გაცემის წესი და მას ახლა ფულადი ჯილდო ეწოდება. ახალი რეგულაციების თანახმად, გუბენატორს არ ეძლევა დანამატი და ფულადი ჯილდო, თუმცა, გარდამავალ პერიოდში (2018-2020) გუბერნატორის მოადგილეებზე შეიძლება გაიცეს აღნიშნული სახის დანამატი.

რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს (ხელფასს), მისი განსაზღვრა საბაზო თანამდებობრივ სარგოსა (2018 წლისთვის საბაზრო სარგო 1 000 ლარია) და კანონით განსაზღვრული კოეფიციენტის ნამრავლის მიხედვით ხდება. აღნიშნული წესით, გუბერნატორის თანამდებობრივი სარგო შეიძლება მაქსიმუმ 6 000 ლარით, ხოლო მისი მოადგილეების კი 5 000 – 5 500 ლარით განისაზღვროს. თუმცა, ეს წესი 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. მის ამოქმედებამდე კი დროებითი წესი არსებობს, რაც გულისხმობს აღნიშნული პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრას არაუმეტეს 2017 წელს მიღებული თვიური შრომის ანაზღაურების (სარგო, პრემია დანამატი) საშუალო მაჩვენებელის ოდენობით.

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 29 იანვარს მიღებული დადგენილებით განსაზღვრა ცხრავე სახელმწიფო რწმუნებულის და მისი ადმინისტრაციის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, გუბერნატორის ხელფასის ოდენობა გაორმაგებული, 5 900 ლარით განისაზღვრა, რაც მანამდე 2 950 ლარს შეადგენდა. მათ შორის, გაიზარდა გუბერნატორის მოადგილეების სარგოების მოცულობაც. გუბენატორების ხელფასის გაორმაგება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წინა წლებში, ისინი იღებდნენ იმ მოცულობის პრემია-დანამატს, რამდენსაც მათი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა, რადგან მთავრობას გუბერნატორის სარგოს მოცულობა მაქსიმუმ მათ მიერ წინა წლეს აღებული შორმის ანაზღაურების საშუალო მოცულობით შეეძლო. როგორც ჩანს, სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობრივი სარგოს მოცულობა დადგენილი ზღვრების მაქსიმალური მოცულობით განისაზღვრა. ამდენად, მიმდინარე წლიდან გუბერნატორები ყოველთვიურად იმ რაოდენობის ხელფასს მიიღებენ, რასაც ისინი წინა წლებში ხელფასის, პრემიის და დანამატის ჯამის სახით იღებდნენ. თუმცა, მათ აღარ ექნებათ პრემიის და დანამტის მიღების საშუალება.

რაც შეეხება მთლიანად გუბერნატორის ადმინისტრაციას, 2014 წლამდე გუბერნატორის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით განსაზღვრული რიცხოვნობა იმ ტერიტორიაზე, სადაც ექვსზე მეტი მუნიციპალიტეტია 53 ერთეულს შეადგენდა, ხოლო ექვსზე და ნაკლები მუნიციპალიტეტის შემთხვევაში 46 ერთეულს. თუმცა, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიღებასთან ერთად სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებები შემცირდა (მათ შორის, მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ფუქნცია ჩამოერთვა), რამაც ადმინისტრაციის დასაქმებულ პირთა რაოდენობის შემცირება გამოიწვია და 2014 წლიდან ეს მაჩვენებელი 32-31 ერთეულით განისაზღვრა. თანამდებობრივი სარგოების მოცულობა კი უცვლელი დარჩა.

გრაფიკი 1: სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება და საშტატო რიცხოვნობა (ათასი ლარი)

image001

წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი, სახელმწიფო ხაზინა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გუბერნატორის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებისთვის ყოველწლიურად საშუალოდ 4 500 000 ლარი გამოიყოფა, სადაც დაახლოებით 55% თანამდებობრივი სარგოს ხარჯია, ხოლო 45% კი პრემია-დანამატის სახით გაიცემა. როგორც აღვნიშნეთ, საშტატო ერთეულის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, გასულ წლებში შრომის ანაზღაურების მოცულობა არ შემცირებულა, რაც შემცირებულ შტატებზე მყოფ პირებზე პრემია-დანამატის სახით გაიცემოდა. 2018 წლისთვის კი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი თანხა შრომის ანაზღაურების ხარჯების გასაწევად 4 174 ათას ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 24.5 ათასი ლარით მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კანონით - „საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ“, გუბერნატორზე დანამატი და ჯილდო (პრემია) არ გაიცემა, საერთო ჯამში ამ პირების მიერ მიღებული შრომის ანაზღაურების მოცულობა არ შემცირებულა, რადგან მათთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს მოცულობა გაიზარდა იმ ოდენობით, რამდენსაც მანამდე პრემია-დანამატის სახით იღებდნენ. თუმცა, საერთო ჯამში, არც ამ სახის ხარჯების მოცულობა არ გაზრდილა.

p.s. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია