საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯი შემცირებულია. მისი თქმით, შრომის ანაზღაურების მოცულობა 100 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო სხვა ადმინისტრაციული ხარჯები კი 40 მლნ ლარით.
ფაქტ-მეტრი მამუკა ბახტაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები მოიცავს შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურების მუხლების ჯამს. თუმცა, საქონელი და მომსახურების მუხლში ასევე აღირიცხება თავდაცვისუნარიანობისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად საჭირო ხარჯები, როგორიცაა სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენა და მათი შეკეთების ხარჯები, რაც, ობიექტურად, ადმინისტრაციულ ხარჯად განხილული არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ფინანსთა სამინისტროდან გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია საქონელი და მომსახურების სამციფრიან კოდებამდე ჩაშლილი ვარიანტი, რათა ადმინისტრაციული ხარჯების დათვლისას გამოგვერიცხა სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შეძენა/შეკეთებისთვის გაწეული ხარჯები.
მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, სამინისტროდან აღნიშნული ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და მიგვითითეს სახელმწიფო ხაზინისა და მხარჯავ დაწესებულებებზე. სახელმწიფო ხაზინა ანგარიშს ხარჯების სამციფრიანი კოდის მიხედვით არ აქვეყნებს, ხოლო სხვა დაწესებულებისთვის მიმართვა თავად ფინანსთა სამინისტროს უნდა განეხორციელებინა, რასაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ავალდებულებს (მე-80 მუხლი). ამასთან, მხარჯავი დაწესებულებები ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო განაცხადსდა შესრულებას ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის უმდაბლესი თანრიგის მიხედვით წარუდგენენ. ამრიგად, ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია საბიუჯეტო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე ფინანსთა სამინისტროში არსებულ საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრის მიერ დათვლილი ადმინისტრაციული ხარჯების ჯამი მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტის საქონელი და მომსახურების მუხლში აღრიცხულ იმ ხარჯებსაც, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შესყიდვა/შეკეთებასთან.
სახელმწიფო ხაზინის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯის მოცულობამ 2 633.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთანშედარებით 63.8 მლნ ლარით (2.5%-ით) მეტია.
გრაფიკი 1:
სახელმწიფო ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯები 2015-2018 წლებში (მლნ ლარი)
წყარო: სახელმწიფო ხაზინათავის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შრომის ანაზღაურების მუხლი 2017 წელს წინა, 2016 წელთან შედარებით 66.9 მლნ ლარით შემცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს შრომის ანაზღაურების მუხლი შემცირდა, საქონელი და მომსახურების მუხლით გათვალისწინებული ხარჯების მოცულობა 130.7 მლნ ლარით გაიზარდა, რამაც საბოლოო ჯამში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა გამოიწვია. ასევე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში
შრომის ანაზღაურების ხარჯი 2017 წელთან შედარებით 28.3 მლნ ლარით მეტი, 1 413.6 მლნ ლარია განსაზღვრული.
დასკვნა 2017
წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების ხარჯი 66.9 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო საქონელი და მომსახურების ხარჯი კი - 130.7 მლნ ლარით გაიზარდა. საერთო ჯამში, გასულ წელს, 2016 წელთან შედარებით ადმინისტრაციული ხარჯები 63.8 მლნ ლარით არის გაზრდილი. ასევე, შრომის ანაზღაურების ნაწილში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ის 2016 წელს 75.5 მლნ ლარით გაიზარდა და მომდევნო წელს იმავე მოცულობით არ შემცირებულა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მამუკა ბახტაძის განცხადება არის მცდარი.