„2017 წლის 9 თვის მონაცემებით, ევროკავშირიდან განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 441 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) კვარტალურ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) აქვეყნებს. ამ დროისთვის საქსტატს 2017 წელს ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 3 კვარტლის სტატისტიკა აქვს გამოქვეყნებული. საქსტატის კალენდრის მიხედვით,პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეოთხე კვარტლის მონაცემები 12 მარტს გამოქვეყნდება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადების გაანალიზებამდე მნიშვნელოვანია განვიხილოთ ცვლილება, რომელიც საქსტატმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, საქართველოს პუი-თან მიმართებით გასულ წელს განახორციელა.სავალუტო ფონდის რეკომენდაცია საქსტატისა და ეროვნული ბანკის სტატისტიკური მაჩვენებლების თანხვედრას ითვალისწინებდა. ცვლილების თანახმად, გადაიხედა საქართველოში შემოსული ინვესტიციების დათვლის წესი, რამაც პუი-ს არსებული სტატისტიკა შეცვალა. გასული წლებიდან ზოგიერთისთვის პუი-ს წლიური რაოდენობა გაიზარდა, ზოგიერთისთვის - შემცირდა. ამდენად, 2017 წლის 3 კვარტალში საქართველოში მიღებული პუი გასული წლების ანალოგიურ ნიშნულებთან შედარებით ყველაზე მაღალი აღმოჩნდა.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ 9 თვეში საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.35 მლრდ დოლარი შეადგინა. 3 კვარტლის მაჩვენებლებით, საქართველოში ტოპ ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანია, რომელსაც თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და აშშ მოსდევს.
2017 წლის სამ კვარტალში ევროკავშირიდან მიღებულმა პუი-მ 442 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. პირველ სამ კვარტალში, ევროკავშირიდან მიღებული უცხოური ინვესტიციების რეკორდული ოდენობა 2015 წელს დაფიქსირდა, 590 მლნ დოლარის სახით. მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის 3 კვარტლის პუი-ში ევროკავშირიდან მიღებული ინვესტიციების წილი 33%-ს შეადგენს, დსთ-ის ქვეყნების წილი კი 31%-ია.პუი-ს რეალური ცვლილების შესაფასებლად რელევანტურია მისი განხილვა ქვეყნის მშპ-თან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 3 კვარტლის პუი-ს მაჩვენებელი აქამდე დაფიქსირებულ მონაცემებს შორის რაოდენობრივად ყველაზე მაღალია, მშპ-თან მიმართებით იგი გასული წლის ნიშნულს მცირედით ჩამოუვარდება და 12.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება ევროკავშირიდან მიღებული პუი-ს მშპ-თან მიმართებას, აღნიშნული მონაცემი 2017 წელს 4%-ს უტოლდებოდა, რაც გასული წლის ნიშნულს აღემატება.
გრაფიკი 1:პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართება მშპ-თან (3 კვარტლის მონაცემები)
წყარო: საქსტატი დასკვნა 2017წლის 9 თვეში საქართველოში შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.35 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით ყველაზე მაღალი მონაცემია.
2017წლის 9 თვეში მიღებული პუი-ის 33% ევროკავშირიდან შემოვიდა და 442 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია და საქართველოს მშპ-ის 4%-ს შეადგენს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.