მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურით - „ჩავიდნენ ყირიმში და აღიარეს“ - იტყობინება, რომ ყირიმში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის დეპუტატებმა, პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისათვის“, ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციის შემადგენელ ნაწილად აღიარეს. აღნიშნული კონტექსტიდან გამომდინარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ დეპუტატებმა გერმანიის ოფიციალური პოზიცია დააფიქსირეს. სინამდვილეში, ანგელა მერკელის წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის განცხადების მიხედვით, დეპუტატების ვიზიტი პირადი ხასიათის იყო და არ წარმოადგენს გერმანიის ოფიციალურ პოზიციას. ამასთან, მერკელის წარმომადგენელმა დაგმო მათი კომენტარები და დააფიქსირა მკაცრი კრიტიკა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მიმართ. „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
ანალიზი მედიასაშუალებამ „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ჩავიდნენ ყირიმში და აღიარეს“. როგორც ავტორი აღნიშნავს, „გერმანიის დეპუტატების დელეგაციის წევრებმა, რომლებიც ყირიმში ოფიციალურად ჩავიდნენ, განაცხადეს, რომ ნახევარკუნძული რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილია“. სტატიაში მოყვანილია პარტია
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრების განცხადებები, რომლებიც ყირიმს რუსეთის ნაწილად მოიაზრებენ. აღნიშნული კონტექსტიდან გამომდინარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ დეპუტატებმა გერმანიის ოფიციალური პოზიცია დააფიქსირეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ვიზიტთან დაკავშირებით გერმანიის ფედერალური მთავრობის კანცლერის, ანგელა მერკელის წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა კომენტარიგააკეთა. მისი თქმით, რეგიონული პარლამენტის წევრების ვიზიტის შესახებ მედიიდან შეიტყო. ზაიბერტმა დაგმო და გააკრიტიკა გერმანელი დეპუტატების განცხადებები, კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის გერმანია, არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას. კანცლერის წარმომადგენელმა აქვე დასძინა, რომ დეპუტატების ვიზიტი პირადი ხასიათის იყო და მათი დამოკიდებულება არ წარმოადგენს გერმანიის ოფიციალურ პოზიციას.
პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომელსაც ყირიმში ვიზიტით მყოფი დეპუტატები წარმოადგენდნენ, ულტრა-მემარჯვენე პოზიციით გამოირჩევა. მედიასაშუალებებიმას ნაციონალისტურ, პოპულისტურ და რასისტულ პოლიტიკურ ფრთად ახასიათებენ, რომელსაც ნაცისტური გერმანიის მიმართ ნოსტალგიური განწყობები აქვს.
ამრიგად, „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და მკითხველის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.