საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო პაკეტზე იწყებს მუშაობას, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ სიმბოლურად "გირგვლიანის შესწორებები"უწოდა. აღნიშნულის შესახებ მან 29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე დააანონსა და განაცხადა, რომ ცვლილებების მიზანი სახელმწიფოს ძალმომრეობისგან მოქალაქეთა დაცულობის მაღალი სტანდარტის დაწესება და მართლმსაჯულების ხელშეუვალობის უზრუნველყოფაა.

აღნიშნული ინიციატივა ოპოზიციის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებად შეაფასეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის მოსაზრებით, „გირგვლიანის შესწორებები“ შეწყალების გამო სააკაშვილის მიმართ წარმოებული დევნის გადაფარვასა და მოქმედი პრეზიდენტის შანტაჟს ემსახურება, რათა მან თავი შეიზღუდოს და კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებისას თამამი ნაბიჯები არ გადადგას.

რომან გოცირიძის მოსაზრებას ფაქტობრივად არც თავად ცვლილებების ავტორი უარყოფს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, გირგვლიანის გარდაცვალებიდან 12 წლის თავზე, „გირგვლიანის შესწორებების“ ერთი მხრივ თავად საზოგადოების განწყობით არის ნაკარნახევი (აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის დღიდან ამ დრომდე ამ მიმართულებით სისტემური ცვლილება არ განხორციელებულა), ხოლო მეორე მხრივ საკანონმდებლო ცვლილების მიზეზი ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები გახდნენ, რომლებიც მდინარაძის მოსაზრებით, ხმაშეწყობით აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეში ბრალდებული პირების შეწყალების ფაქტში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ ცნო, რაც მის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პირების შეწყალებას უკავშირდება. აღნიშნული განაჩენი საზოგადოების დიდი ნაწილისა და მოქმედი პრეზიდენტის მხირდან უარყოფითად შეფასდა. მარგველაშვილის შეფასებით ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას ემსახურება. შედეგად საზოგადოებაში აქტიურად დაიწყო მარგველაშვილის მიერ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობის განხილვა. ამასთან, აღსანიშნავია, სულ ცოტა ხნის წინ „ადამიანის უფლებათა სასამართლოს“ დიდი პალატის მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფოს მხრიდან მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა. ამ დრომდე არსებული პრაქტიკის თანახმად, ყველა იმ საქმეში, რომელშიც სახელმწიფოების მხრიდან სასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა, პატიმრობაში მყოფი პირები ან გაათავისუფლებს (მათ შორის 2 შემთხვევაში გათავისუფლება პრეზიდენტის მიერ შეწყალების გზით მოხდა), ან არსებობს მინისტრთა კომიტეტის მითითება თავისუფლებააღკვეთილი პირის დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს შემთხვევაშიც დაადგინოს გადაწაყვეტილების აღსრულების პრობლემა და მერაბიშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოითხოვოს, რომლის ერთ-ერთი გზაც როგორც უკვე აღვნიშნეთ პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალება შეიძლება იყოს. აღსანიშნავია, რომ მერაბიშვილის შეწყალებაზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერები არაერთხელ მიუთითებდნენ პრეზიდენტს.

მდინარაძის განცხადებით, „მარგველაშვილის განცხადებები აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება, მისი პოლიტიკური ამოცანაა“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ მოცემულ შემთხვევებში შეწყალების უფლების გამოყენება მის „პოლიტიკურ ჰარაკირს“ უდრის, თუმცა ჩნდება განცდა, რომ ისინი მაინც უშვებენ მარგველაშვილის მიერ ამ ნაბიჯის გადადგმის ალბათობას, „გირგვლიანის შესწორებები“ კი მათი მხრიდან რისკების დაზღვევის საშუალებად შეიძლება მივიჩნიოთ.

აღსანიშნავია, რომ ჯერ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებული არ არის და ის მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება, რაც შეიძლება მარგველაშვილის სიტყვიერ გაფრთხილებადაც კი ჩავთვალოთ. გიგი უგულავას შეფასებით ის ფაქტი, რომ კონკრეტული კანონპროექტი არ არსებობს და მმართველი გუნდი მას მხოლოდ სიტყვიერად ააანონსებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება ამ თემით სპეკულირებს და ცვლილებები მხოლოდ პროპაგანდისტული ხასიათისაა.

კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნული ცვლილებები ან როგორ ფორმულირდება მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული იდეა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა როგორც თავად ინიციატორის განცხადებებიდან ირკვევა, უმთავრესი ცვლილებები სწორედ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელდება, რისთვისაც ფრაქციის შიგნით სპეციალური სამუშაო ჯგუფები შეიქმნება.

„საქმე შეეხება სისხლის სამართლებრივი ნორმების გამკაცრებას, რომელტა მიხედვითაც შესაძლებელია სამუშაო ჯგუფებმა საბოლოოდ დადონ შედეგი და დასკვნა, შემდეგ ეს ასიხოს ნორმების ცვლილებებშიც, რომელთა მიხედვით გამკაცრდება მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გამოეხმაურა. მისი შეფასებით ცვლილებები იქნება მხოლოდ ფარსი, თუკი პირველ რიგში სისტემა არ გათავისუფლდება იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურის თანამშრომლებისა და მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში სამართლის ფორმით აფორმებდნენ უსამართლობას, ადამიანის უფლებების დარღვევას და ადამიანების უფლებების შელახვას.

„სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, სწორედ ამ ხელისუფლების მიერ შექმნილი სასათბურე პირობების გამო, მოსამართლეები, რომლებმაც გირგვლიანის საქმე საქართველოს სახელით აქციეს მართლმსაჯულების გაბაიბურებად და მართლმსაჯულების კარიკატურად, ეს მოსამართლეები სისტემაში რჩებიან. მეტიც ისინი არიან დაწინაურებულები, აღზევებულები და სწორედ ამ ხელისუფლების მოქმედებების გამო, სასათბურე პირობები ექმნებათ ადამიანებს და ისინი გადაინიშნენ უვადოდ და 3 წლიანი ვადის პირობებში ვინც არიან არაფერს აკეთებს ხელისუფლება რომ ესეთი დისკრედიტირებული ადამიანები უვადადოდ არ დარჩნენ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტმა 2 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, მმართველ პარტიას დაგეგმილი ცვლილებების მეტი ეფექტურობისთვის პირველ რიგში სისტემურ დანაშაულში მონაწილე პირების დათხოვნისკენ და მათ მიმართ ეფექტური მექანიზმების ამოქმედებისკენ მოუწოდა.

ამ ეტაპზე „გირგვლიანის შესწორებებთან“ დაკავშირებით უფრო კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. მმართველ გუნდში კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. ფაქტ-მეტრი კვლავ განაგრძობს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას შესთავაზებს.

თეგები: