„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე-2 ჯგუფის 73 ათასი შშმ პირი მხოლოდ 100 ლარს იღებს. როდესაც პენსია 20 ლარით გაიზარდა 2016 წლის 1 ივლისიდან, მათ ეს 20 ლარიანი მატებაც კი არ შეხებიათ, დარჩა ისევ 100 ლარი... ამ დროს, ნახეთ რამდენია საარსებო მინიმუმი. გარდა ამისა, პირველი ჯგუფის წარმომადგენლები და შშმ ბავშვები იღებენ არა 180 ლარს, არამედ მათი უდიდესი უმრავლესობა 157 ლარს“.
ფაქტ-მეტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების (ძველი კლასიფიკაციით II ჯგუფი) პენსია 100 ლარს შეადგენს.აღნიშნულ კატეგორიას პენსია 30 ლარით (70 ლარიდან 100 ლარამდე) 2013 წლის 1 სექტემბერს გაეზარდა. მას შემდეგ, მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების პენსია არ გაზრდილა.
2016 წლის 1 ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შშმ პირების (ძველი კლასიფიკაციით I ჯგუფი), ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (18 წლამდე ასაკის) პენსია 180 ლარს შეადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით,საქართველოში 10 116 შშმ ბავშვი, 26 728 მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და 75 380 მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირია.
180ლარი არის სოციალური პაკეტის მინიმალური ოდენობა მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის. დამატებითი გარემოებების არსებობის შემთხვევაში სოციალური პაკეტის ოდენობა უფრო მაღალია, როგორც აღნიშნული კატეგორიებისთვის, ასევე მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისთვის.
კერძოდ, სოციალური პაკეტის ოდენობა უფრო მაღალია იმ შშმ პირებისთვის, რომლის ოჯახის წევრი (შვილი, მშობელი, მეუღლე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისას გარდაიცვალა. აგრეთვე, საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისთვის. ასევე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული შშმ პირებისთვის (იხილეთდეტალური ინფორმაცია სოციალური პაკეტის ოდენობის შესახებ).
ამასთან, 2016 წლის სექტემბრიდან მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები შშმ პირების და შშმ ბავშვების სოციალური პაკეტი [პენსია] 20%-ით გაიზარდა.ანუ მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები 180 ლარის ნაცვლად 216 ლარს იღებენ.
ზურაბ ჭიაბერაშვილი განცხადებისას აქცენტს აკეთბს იმაზე, რომ შშმ პირების პენსია საარსებო მინიმუმსაც არ აკმაყოფილებს. საქსტატის ბოლო (2017 წლის დეკემბრის) მონაცემებით,შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 173.5 ლარია, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი დაახლოებით 154 ლარია. საარსებო მინიმუმი არის შემოსავლების ის მინიმალური ოდენობა, რომელიც აუცილებელია არსებობისთვის. შშმ პირსთვის, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საარსებო მინიმუმი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე საშუალო მომხმარებლისთვის. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ რამდენად ასახავს რეალობას საარსებო მინიმუმი. ფაქტია, რომ დღეს განსაზღვრულ საარსებო მინიმუმს მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების (II ჯგუფის) პენსია მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
დასკვნამნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირების (ძველი კლასიფიკაციით II ჯგუფი) პენსია 100 ლარს შეადგენს, რაც ოფიციალურად განსაზღვრულ საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია. აღნიშნული კატეგორიის პენსია 2013 წლის 1 სექტმებერის შემდეგ არ გაზრდილა.
მკვეთრად გამოხატული შშმ პირების (ძველი კლასიფიკაციით I ჯგუფი), ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (18 წლამდე ასაკის) პენსია 180 ლარია.
100ლარი მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირებისთვის და 180 ლარი მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის არის სოციალური პაკეტის მინიმალური ოდენობა. დამატებითი გარემოებების არსებობის შემთხვევაში სოციალური პაკეტის ოდენობა უფრო მაღალია. მაგალითად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები შშმ პირებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებისას გარდცვლილთა შშმ პირის სტატუსის მქონე ოჯახის წევრებისთვის და სხვა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.