მიმდინარე წლის 28 იანვარს, სამართალდამცავებმა მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავეს.აღნიშნული პირები 2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დააკისრა.

დაკავების შესახებ საზოგადოებამ ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ Facebook-ზე ატვირთული იმ ვიდეოს საშუალებით შეიტყო, რომელმაც ინციდენტიდან სულ რამდენიმე საათში თითქმის მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. მეორე დღეს დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სპეცილაურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განმარტა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ინციდენტის მხოლოდ ნაწილს ასახავდა, რასაც წინ დაკავებულ პირთა მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი უძღოდა. კერძოდ, მისი განცხადებით, „პოლიციის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს, მათ მიერ შეჩერებულ ახალგაზრდებს უცნობი პირები გამოესარჩლნენ, რომელთაც სამართალდამცავთა კანონიერი ქმედება გააპროტესტეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ აგრესია გამოიჩინეს, გადააფურთხეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემდეგ კი, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები, პოლიციელთა მიერ აღნიშნული სამართალდარღვევის გამო მათი დაკავების პროცესში ხსენებულმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოში მხოლოდ ერთი ადამიანის, გიორგი სილაგაძის, დაკავების პროცესია ასახული და შესაბამისად ამ მტკიცებულებით არც მეორე პირის, თეიმურაზ მენაბდიშვილის მიერ დაკავების პროცესში სამართალდამცავთათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი დასტურდება.

ამასთან, ნათია მეზვრიშვილმა ხაზგასმისთ აღნიშნა, რომ „პოლიციელების მიერ კანონიერი ქმედებების შესრულების პირობებში საზოგადოების ზოგიერთი წევრის ამგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და პოლიციის უსაფუძვლო დადანაშაულება აკნინებს სამართალდამცავი ორგანოების როლს, მაშინ როცა, პოლიციის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.

საინტერესოა, რომ მინისტრის მოადგილის მიერ პოლიციის თანამშრომლების ქმედების კანონიერად შეფასების და მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის უსაფუძვლოობის აღიარების პარალელურად შსს-ს გენერალური ინსპექცია პოლიციელთა ქმედებების მართლზომიერებას იკვლევდა.

როგორც ჩანს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არ იყო ერთადერთი, ვინც ვიდეოს გავრცელების შემდეგ „პოლიციელთა მუნდირის“ დაცვა საჭიროდ ჩათვალა. ინციდენტს სოციალურ ქსელში საპასუხო კამპანია მოჰყვა, რომელიც საზოგადოებისთვის თავად დაკავებაში მონაწილე პატრულის თანამშრომლის ღირსებისა და დამსახურების შეხსენებით დაიწყო.

სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელიც შემდეგ ზოგიერთმა ონალინ სააგენტომაც გაავრცელა, მკითხველს პატრულ-ინსპექტორ სოსო გოგაშვილს აცნობს. „ის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. სწორედ ის თანამშრომელია რომელსაც უტიფარმა საზოგადოებამ ცილი დასწამა თავისუფლების მეტროში ხულიგანის დაკავების გამო. სოსო ახალგაზრდა და მეტად პატიოსანია. მის მადლში უამრავი ისეთი სიკეთეა თავმოყრილი რაზეც არავინ საუბრობს. მაგალითად, 2015 წელს მან თავისი სიცოცხლის ხარჯზე ახალგაზრდა გოგონა გადაარჩინა. სოსომ 13 ივნისს სტიქიის დროს რამოდენიმე ასეულ ადამიანს გაუწია დახმარება. ძალიან ბევრ ასაკოვანს აქვს კონტაქტი და იმედი ამ ბიჭის და ეს ყველაფერი დასაფასებელია, რადგან ის ჯერ პროფესიას აყენებს წინ და მერე სხვა დანარჩენს“, - წერდა სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი მუხიგულაშვილი.

როგორც ჩანს, სოსო გოგაშვილის სიკეთე და პროფესიონალიზმი გადამდები აღმოჩნდა და მომდევნო დღეებში კამპანია უსაფრთო ქალაქის ფარგლებში ერთმანეთის მიყოლებით პატრულის თანამშრომლების პოზიტიური ქცევების ამსახველი მასალები გამოჩნდა.

image001image002image003image004

ცხადია, ზოგადად პატრულის თანამშრომელთა პროფესიონალიზმს, მათ პატიოსნებასა და ღირებულებებს, ეჭვქვეშ არავინ აყენებს. თუმცა, ეს კონკრეტული თანამშრომლის მიერ, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში გადაცდომის არსებობას ნამდვილად არ გამორიცხავს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვის ნიშნები, პატრულის მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით, საუკეთესო პასუხი არა მის პირად ღირებულებებზე ხაზგასმა, ან თუნდაც საქმის გამოკვლევის გარეშე მისი ქმედებების a priori კანონიერად გამოცხადება იქნებოდა, არამედ სწორედ კონკრეტული შემთხვევის შესწავლა და მასზე ადეკვატური პასუხი. სხვა დანარჩენი, მით უმეტეს ამ სახის კამპანიების წარმოება, მხოლოდ საზოგადოების თვალის ახვევასა და ყურადღების გადატანას ემსახურება, რაც პრობლემის აღმოფხვრის არაეფექტური საშუალებაა.

დაკავების ფაქტს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და სამართალდამცველთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების პრობლემის სისტემურობაზე გაამახვილა ყურადღება. „ამ საკითხს შევისწავლით. მომხდარს ვუყურებთ არა ინდივიდუალურ ჭრილში, არამედ სისტემურად, რადგან დაკავების დროს ამ ტიპის მუხლების (იგულისხმება, წვრილმანი ხულიგნობა და სამართალმცავების დაუმორჩილებლობა/შეურაცხყოფა) გამოყენებით ხშირად ხდება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. გამოძიებას მივადევნებთ თვალყურს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქმის შესწავლა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამაც დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე მისი შედეგები ჩვენთვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ გენერალური ინსპექციის მიერ საქმის შესწავლისას დაკავების თვითმხილველი და გახმაურებული ვიდეოს ავტორი - ეგნატე შამუგიაც დაიკითხა. ჩვენთან საუბარში შამუგია აღნიშნავს, რომ მისდა გასაკვირად, დაკავების დეტალებზე უფრო მეტად, ინსპექცია თავად თვითმხილველის პიროვნებით უფრო იყო დაინტერესებული, რაც უწყების წარმომადგენლების მიერ უკვე შეგროვებული ინფორმაციითა და მათ მიერ დასმულ კითხვებშიც ნათლად ჩანდა.

დაკავებაში მონაწილე თანამშრომლების მიმართ სამართალდამცავების სოლიდარობა, 2 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე, მათი მობილიზებითაც დადასტურდა. მართალია პროცესზე განხილვა არა სამართალდამცავების მიერ გადაცდომის, არამედ დაკავებული პირების სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის შესახებ მიმდინარეობდა, თუმცა პროცესს აშკარად თან სდევდა სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შესახებ განხილვებიც.

როგორც სასამართლოზე მხარეთა და მოწმის მიერ მიცემული ჩვენებებიდან და წარდგენილი ვიდეო-ჩანაწერებიდან გაირკვა, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახულ დაკავების სცენას, წინ შემდეგი მოვლენები უძღოდა. პატრულის თანამშრომელმა მეტროში რამდენმე ახალგაზრდა შეაჩერეს და იდენტიფიცირების მიზნით გამოსაკითხად წაიყვანეს. ასასვლელი ესკალატორით გადაადგილებისას, პატრულის თანამშრომლები ახალგაზრდებს ხმამაღლა მიმართავდნენ, რამაც მათ ხელმარცხნივ ერთი (გაჩერებული) ესკალატორის გამოტოვებით, ჩამოსასვლელ ესკალატორზე მყოფი პირების ყურადღება მიიქცია. მათ შორის იყვნენ, შემდეგში დაკავებული პირები, გიორგი და თეიმურაზიც და ასევე სასამართლოში მოწმედ დაკითხული ეგნატე შამუგიაც. როგორც დაკავებულებმა აღნიშნეს, მათაც, როგორც სხვა დანარჩენებმა ხმაურზე გაიხედეს პატრულის თანამშრომლების მიმართულებით, თუმცა არანაირ გადაფურთხებას, გამოხმაურებას თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას, მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. პატრულის თანამშრომლების მტკიცებით კი აღნიშნულმა პირებმა, საკმაოდ ხმამაღლა გამოხატეს აგრესია და პოლიციის მიმართულებით შეიგინეს, რასაც ერთ-ერთი თანამშრომლის მყისიერი რეაქცია მოჰყვა. კერძოდ, ის გაჩერებულ ესკალატორს გადაახტა და ჩამსვლელი ესკალატორის მოაჯირზე ჩასრიალებით, ზურგით მდგომ გიორგისთან აღმოჩნდა. მან მოქალაქეს განუცხადა, რომ დაკავებული იყო პოლიციის შეურაცხყოფისთვის და ცალ ხელზე ხელბორკილიც გაუკეთა, რასაც გიორგის წინააღმდეგობა მოჰყვა. შემდეგში განვითარებული მოვლენები უკვე ვიდეოშიც არის ასახული, კერძოდ, როგორ უწევს წინააღმდეგობას მოქალაქე პატრულის თანამშრომლებს და ითხოვს პირველ რიგში მას განემარტოს თუ რის გამო აკავებენ და ვინ არიან აღნიშნული პირები. მიზეზების განმარტებასა და პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შეწყვეტას იქ მყოფი საზოგადოებაც ერთხმად მოითხოვდა. საბოლოოდ გიორგი სილაგაძე ხელმბორკილებით განყოფილებაში წაიყვანეს და მას თეიმურაზ მენაბდიშვილი რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ტელეფონით ადვოკატთან დაკავშირებას ცდილობდა, საკუთარი ნებით გაჰყვა.

პროცესზე წარმოდგენილი პატრულ-ინსპექტორები აღნიშნავდნენ რომ ორივე დაკავებული პირის (რაც მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს) მხრიდან ჰქონდა ადგილი აგრესიას, პოლიციელების ოჯახების მიმართულებით ლანძღვა-გინებასა და გადაფურთხებას. „მათი ქმედებები გამომწვევი, დემონსტრაციული იყო. „შეხედე ამათ!“. ამ სიტყვებით იმხელა აგრესია მოდიოდა, რომ შეუძლებელი იყო ამის არ შემჩნევა“, - განაცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

თუმცა, სასამართლოში წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულებით (მეტროში დამონტაჟებული კამერები, პოლიციელების სამხრე კამერების ჩანაწერები, მოწმის ჩვენება), არათუ ხმამაღალი და აგრესიული სიტყვიერი შეურაცხყოფის, არამედ გამოსარჩლების ფაქტიც კი არ დადასტურდა, რაც თავად პატრულის ინსპექტრომაც აღიარა და განაცხადა რომ ის ფაქტი, რომ კამერებით გინების ფაქტი არ დასტურდება, არ გამორიცხავს მის არსებობას და რომ ეს არა მათი მოგონილი, არამედ გაგონილი ფაქტი იყო. მოსამართლის კითხვაზე, იდგნენ თუ არა შემხვედრ ესკალატორზე სხვა პირები, შესაბამისად იყო თუ არა შესაძლებელი გინების განმახორციელებელი პირების ზუსტი იდენტიფიცირება, პოლიციელმა განაცხადა, რომ მათთან ერთად სხვა მოქალაქეებიც იდგნენ, თუმცა იმდენად შორს ნამდვილად არ იყვნენ, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ მომხდარიყო და რომ ხმაურზე შეტრიალდნენ მათი მიმართულებით და უშუალოდ დაინახეს თუ როგორ გადმოიფურთხეს.

ასეთი დამაჯერებლი და ცალსახა პასუხი მათ არ ჰქონიათ მოსამართლის შემდეგ კითხვაზე, თუ რატომ დაასკვნეს, რომ მათი სიტყვების ადრესატი უშუალოდ პატრულ-ინსპექტორები იყვნენ და არა მაგალითად მათ მიერ შეჩერებული ახალგაზრდები. აღნიშნულ კითხვაზე, სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ იმ დროს სწორედ ის საუბრობდა და შესაბამისად მას ეკუთვნოდა ეს სიტყვები. „თუნდაც ასე ყოფილიყო, დავუშვათ რომ მათ მიმართ იყო. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლანძღვა-გინება არის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რაც ითავლისწინებს დაკავებას და დაკავებისას კი გაგვიწია წინააღმდეგობა. ეს ყოველშემთხვევაში ბატონი გიორგის შემთხვევაში 173-ე მუხლს ნამდვილად ამატებს, თუნდაც ყოფილიყო მათი მისამართით. მაგრამ დარწმუნებით და დაზუსტებით ვამბობ იმას, რომ ეს იყო ჩვენი მისამართით“, - განაცხადა გოგაშვილმა.

აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა მინისტრის მოადგილის ბრიფინგის ფონზე, სადაც ნათია მეზვრიშვილი დადასტურებით ამტკიცებდა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებს, რაც დაუშვებელი და დასჯადი ქმედებაა.

ასევე აღსანიშნავია, გიორგი სილაგაძის მიერ, პატრულ-ინსპექტორების მიმართ დასმული შეკითხვა, რომ თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა ორივე მათგანის მიერ განხორციელდა, რატომ დააკავეს მაინცადამაინც ის და რატომ არ ჰქონიათ მსგავსი რეაქცია თეიმურაზის მიმართ. როგორც თავად თეიმურაზმა განაცხადა და რაც სამხრე კამერების ჩანაწერითაც დასტურდება, ის ცდილობდა გაერკვია თუ სად გადაყავდათ მისი მეგობარი, რაზეც ერთ-ერთმა სამართალდამცავმა განუცხადა „ამას შენც მიგაყოლებო“. სწორედ ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება, თუმცა მის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია და ის თავისი ნებით გაჰყვა განყოფილებაში. შესაბამისად, თეიმურაზი მიიჩნევს, რომ მისი ერთადერთი ბრალი ამ შემთხვევაში მეგობრისთვის ყურადღების მიქცევა და ზედმეტი კითხვის დასმა იყო. სამართალდამცავების ქმედება შიშის დანერგვის მცდელობად შეაფასა თეიმურაზის ადვოკატმა და მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

ამასთან, გიორგი სილაგაძე განმარტებას იმასთან დაკავშირებითაც ითხოვდა, თუ რა საჭირო იყო მისი სწორედ ამ ფორმით, მოძრავ ესკალატორზე დაკავება და ხელბორკილების დადება, მაშინ როცა ის არსად გაქცევას არ აპირებდა. მისი შეფასებით პატრულ-ინსპექტორის ქმედება, არა მხოლოდ თავად დაკავებული პირის, არამედ სხვა პირებისთვისაც კი მომეტებული საფრთხის შემცველი იყო და ერთადერთი ვისმა ქმედებამაც მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა გამოიწვია, თავად პოლიციელები იყვნენ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამაოგნებელი აღმოჩნდა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მხოლოდ სამართალდამცავების ვარაუდებზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე და დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწის სამართალდამცავებს. თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენი, როგორც პროცესის დამსწრე პირების, როგორც საზოგადოების წევრების შეფასებაა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ადვოკატები სასამართლოს დადგენილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ, შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობას კომპეტენტური ორგანო შეამოწმებს და დასკვნებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი.

თეგები: