„2018 წელს პრაქტიკულად დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ მორიგი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, დაჭრა-დასახიჩრების, ყაჩაღობისა თუ სხვა შემთხვევების შესახებ“. მისივე თქმით, „საზოგადოება გაგებით არ და ვერ მოეკიდება საგანგაშო კრიმინალის ზრდას“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წლის პირველი იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით, დაახლოებით 8 პირი იქნა მოკლული (მათგან ორ შემთხვევაში გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო). ამასთან, იგივე პერიოდში 18 პირის დაჭრის ფაქტი, ყაჩაღობის, ძარცვისა და ქურდობის - 12, ცემის - 3, ხოლო ოჯახში ძალადობის 4 შემთხვევა გამოვლინდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ დასახელებული რიცხვები ოფიციალურ მონაცემებს არ წარმოადგენს, ეს მხოლოდ დანაშაულთა არასრული ჩამონათვალია და შესაძლოა სრულად არც მედიასაშუალებებით გაშუქებულ შემთხვევებს ასახავდეს. ამასთან, შემთხვევები დავაჯგუფეთ არა სამართლებრივი კვალიფიკაციის, არამედ დამდგარი შედეგების მიხედვით.
2 იანვარი- ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორში 2 პირი შეიჭრა, იარაღის მუქარით 165 000 ლარამდე თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ყაჩაღობაში ბრალდებული პირები 9 იანვარს დააკავეს.
2 იანვარი -ბაგების დასახლებაში დაცული ტერიტორიის ავტოსადგომზე რამდენიმე მანქანა გაძარცვეს, ნაწილი კი დააზიანეს.
3 იანვარი - ორთაჭალაში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს.გამოძიება სსსკ-ს 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
4 იანვარი -აბაშის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი, სასტიკად ნაწამები მამაკაცი იპოვეს. გამოძიება სსსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლევლობას გულისხმობს.
5 იანვარი -სამეგრელოში 62 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით მამაკაცი ავადმყოფობდა და წინასწარი დათვალიერებით მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სსსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
6 იანვარი - 22წლის ცოლსა და სიმამრს, ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
7 იანვარი -ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში 66 წლის მამაკაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა. გამოძიება სსსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრაც მკვლელობას გულისხმობს.
8 იანვარი -გორში, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი ერთ-ერთ რესტორანში ცემეს. მას ფიზიკური დაპირისპირება გვერდზე სუფრაზე მყოფ მოქალაქესთან მოუვიდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოქალაქე პოლიციელს წარსულში ჯარიმის გამოწერის გამო გაუსწორდა.
9 იანვარი -ახალგაზრდა, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, მოკლული იპოვეს.
9 იანვარი -ქუთაისში, კუპრაძის ქუჩაზე არსებული სასურსათო მაღაზია ორმა პირმა გატეხა. თვითმხილველების განცხადებით ბრალდებულებმა მაღაზიის გაქურდვა ვერ მოასწრეს, რადგან სიგნალიზაცია ჩაირთო, პატრულიც დროულად მოვიდა და აღნიშნული პირები ადგილზევე დააკავეს.
11 იანვარი -რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ცემეს. აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.
11 იანვარი - ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 11 იანვარი - თბილისში 32 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა მიაყენა. დაჭრილია ასევე მეუღლის მეგობარი მამაკაციც. გამოძიება ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. 12 იანვარი - გლდანში ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა მოხდა. 15 იანვარს თავდასხმაში ბრალდებული პირი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა. ამ ეტაპზე ბრალდებული დაკავებულია.მას ბრალი ყაჩაღობასა და პოლიციაზე თავდასხმაში ედება.
12 იანვარი- კლუბ „ბასიანთან“ დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სამი პირი დაჭრეს: კლუბის დაცვის უფროსი, დაცვის თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე.
13 იანვარი -თბილისში, წერეთლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
13 იანვარი - რუსთავში, 9 თვის ორსული ცოლის ცემის ბრალდებით, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. 13 იანვარი -ქუთაისში, კაფე-ბარ „სეზამში“ დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
13 იანვარი -გურიაში მამაკაცს სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ. მას სხეულის დაზიანებები მიაყენეს და გაძარცხვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს 30 ათასი ლარი წაართვეს. გამოძიება სსსკ-ის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.
14 იანვარი -მუხიანში მაღაზია „ორი ნაბიჯი“ გაქურდეს. გამოძიება სსსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
15 იანვარი -ხაშურში მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც 4 მოზარდი დაშავდა, მათგან 2 მრავლობითი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სსსკ-ის 19 -109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკველობის მცდელობას გულისხმობს.
15 იანვარი -გავრცელებული ინფორმაციით, ზაჰესში მაღაზიის ძარცვისას, მძარცველებმა ცეცხლსასროლი იარაღით მაღაზიის მეპატრონე ცოლ-ქმარი მოკლეს.
15 იანვარი -წერეთელზე მაგთის ოფისი გაქურდეს.
15 იანვარი -რუსთავში, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე, მისსავე კაბინეტში მოკლეს.
16 იანვარი -ნუცუბიძის ფერდობზე 30 წლამდე ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს. გამოძიება სსსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
17 იანვარი - ქალაქ გორში №1 საბავშვო ბაგა-ბაღი გაქურდეს. შენობიდან ტელევიზორი და 2 ლეპტოპი მოიპარეს. 18 იანვარი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს, ალექსანდრე კვახაძეს, თავს დაესხნენ. გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც ძალადობას გულისხმობს.
18 იანვარი - თბილისში, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში 3 მამაკაცი დაჭრეს. მოგვიანებით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციისთანახმად ინციდენტის დროს არა სამი, არამედ 4 პირი დაიჭრა.
19 იანვარში -თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქი დააყაჩაღეს. დამნაშავეებმა მხოლოდ 47 ლარის წაღება შეძლეს.
20 იანვარი -რუსთავში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტრიტორიაზე ქალის ცხედარი იპოვეს. გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
21 იანვარი -გურიაში, სოფელ ქვიანში ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს. დაზარალებულის ინფორმაციით თავდამსხმელები ოქროს ითხოვდნენ, მათ სახლიდან 400 ლარის წაღება მოახერხეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვითარების შესწავლა მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფრომაციის საფუძველზე დაიწყო, რადგან დაზარალებულებს სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავთ.
22 იანვარი -ოჯახში ძალადობის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავეს. როგორც გამოძიებით დადგინდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცოლსა და სიდედრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
22 იანვარი -თბილისში, სააკაძის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
22 იანვარი -ქუთაისში საქართველოს ბანკის ექსპრესს ფილიალი დააყაჩაყეს. თავდამსხმელმა ბანკში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე ცეცხლსასროლი იარღაით მუცლის არეში დაჭრა, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
23 იანვარი -გვიან ღამით, ბახტრიონის ქუჩაზე, დაყაჩაღების მიზნით ერთ-ერთ ოჯახს თავს დაესხნენ. ამ ეტაპზე უცნობია თუ რისი წაღება მოახერხა თავდამსხმელმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით,კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენები მედიაში ამ საკითხის უფრო აქტიური გაშუქებით არის გამოწვეული. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გარდა, სხვა სახის ოფიციალური ინფორმაცია საზოგადოებას არ გააჩნია. შესაბამისად, არ არსებობს „მცდარი წარმოდგენების“ გაფანტვის რეალური საშუალება.
2017 წლის 20 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ აღიარა დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ჩავარდნა და მისი ყოველთვიური გამოქვეყნების პრაქტიკის განახლების ვალდებულება აიღო. ამ დრომდე უცნობია თუ როდიდან განახლდება სტატისტიკის გამოქვეყნება. ფაქტია, რომ დეკემბრის თვის სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა.წესით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მთლიანი წლის მონაცემები 2018 წლის 5 თებერვალს უნდა გასაჯაროვდეს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე წელიწადზე მეტია რაც საზოგადოებრივი აზრის დადგენის მიზნით (რა პერიოდულობით გსურთ დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნება?), გამოკითხვა მიმდინარეობს (აღნიშნულზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა). ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შსს გამოკითხვის დასრულებასა და საზოგადოებისთვის შედეგების გაცნობას 2017 წლის ბოლოსთვის გეგმავდა, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა და გამოკითხვა კვლავ მიმდინარეობს. დასკვნა 2018წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული 22 იანვრის ჩათვლით თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის მკვლელობების, ადამიანების მიერ ერთმანეთის დაჭრის მძიმე ფაქტების, ყაჩაღობებისა და ქურდობის შესახებ.
მართალია ამ ნაწილში დეპუტატ ოთარ კახიძის განცხადება სიმართლეს შეესაბამება, თუმცა ეს მაინც არ გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ კრიმინალი გაზრდილია, სანამ ოფიციალურ სტატისტიკას არ გავეცნობით და მას შესაბამის საანგარიშო პერიოდებს არ შევადარებთ.
სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დაპირების მიუხედავად, სტატისტიკის ყოველთვიური გამოქვეყნება ჯერ არ განახლებულა. იანვრის სტატისტიკა წესით თებერვლის შუა რიცხვებამდე უნდა გახდეს ცნობილი. მინისტრის დაპირების შესრულების შემთხვევაში, ფაქტ-მეტრი ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდება.
ამ ეტაპზე კი, ოთარ კახიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.