საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა: „საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ბოლო, მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, 2017-2022 წელს საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით რეგიონში საუკეთესო იქნება“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიოს ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშებს წლის განმავლობაში რამდენჯერმე აქვეყნებს. დოკუმენტში, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი განცხადებაში ეყრდნობა, მითითებულია, რომ 2017 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 4%-ით გაიზრდება, ხოლო 2018 და 2022 წლებში აღნიშნული ნაზრდი, შესაბამისად, 4.2% და 5.5% იქნება.
მნიშვნელოვანია მკაფიოდ განიმარტოს საქართველოს რეგიონის ცნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გაერთიანების წევრი 2009 წლიდან აღარ არის, საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველო სტატისტიკურ ცხრილებში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) რიგებში მაინც გაჰყავს. ვიწრო გააზრების თანახმად, საქართველოს რეგიონში მეზობელი ქვეყნები (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი) უნდა ვიგულისხმოთ. ფაქტ-მეტრის მიდგომით, საქართველოს ევროპული მისწრაფებებიდან გამომდინარე, რელევანტურია მსოფლიო ბანკის რეგიონული დაყოფა, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ჯგუფში (სულ 24 ქვეყანა) შედის.
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ცხრილი 1: საქართველოს რეგიონის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა 2017-2022 წლებში
2017 | 2018 | 2022 | ||
1 | თურქმენეთი | 6.5% | 6.3% | 5.4% |
2 | უზბეკეთი | 6.0% | 6.0% | 6.0% |
3 | რუმინეთი | 5.5% | 4.4% | 3.3% |
4 | თურქეთი | 5.1% | 3.5% | 3.6% |
5 | ტაჯიკეთი | 4.5% | 4.0% | 4.0% |
6 | საქართველო | 4.0% | 4.2% | 5.5% |
7 | მოლდოვა | 4.0% | 3.7% | 3.9% |
8 | პოლონეთი | 3.8% | 3.3% | 2.6% |
9 | ალბანეთი | 3.7% | 3.7% | 4.0% |
10 | ბულგარეთი | 3.6% | 3.2% | 2.5% |
11 | სომხეთი | 3.5% | 2.9% | 4.0% |
12 | კოსოვო ¹ | 3.5% | 3.5% | 4.0% |
13 | ყირგიზეთი | 3.4% | 3.8% | 5.4% |
14 | ყაზახეთი | 3.3% | 2.8% | 4.3% |
15 | უნგრეთი | 3.2% | 3.4% | 2.2% |
16 | მონტენეგრო | 3.0% | 2.8% | 3.1% |
17 | სერბეთი | 3.0% | 3.5% | 4.0% |
18 | ხორვატია | 2.9% | 2.7% | 2.1% |
19 | ბოსნია და ჰერცოგოვინა | 2.5% | 2.6% | 3.0% |
20 | მაკედონია | 2.5% | 3.2% | 3.8% |
21 | უკრაინა | 2.0% | 3.2% | 4.0% |
22 | რუსეთი | 1.8% | 1.6% | 1.5% |
23 | ბელარუსი | 0.7% | 0.7% | 2.0% |
24 | აზერბაიჯანი | -1.0% | 1.3% | 3.1% |
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის ეკონომიკური ზრდით ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველომ მე-6 პოზიცია დაიკავა. საქართველოზე მაღალი მშპ-ის ნაზრდი დაუფიქსირდათ ტაჯიკეთს (4.5%), თურქეთს (5.1%), რუმინეთს (5.5%), უზბეკეთსა (6.0%) და თურქმენეთს (6.5%). 2018 წლის პროგნოზის მიხედვით, რეგიონში საქართველო (4.2%) მეოთხე ადგილას თურქმენეთის (6.5%), უზბეკეთისა (6.0%) და რუმინეთის (4.4%) შემდეგ იქნება. 2022 წელს კი ქვეყანა ეკონომიკური ზრდით უზბეკეთის (6.0%) შემდეგ მეორე ადგილს 5.5%-იანი მაჩვენებლით დაიკავებს. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საუკეთესო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ რეგიონად მხოლოდ ჩვენს ოთხ მეზობელ ქვეყანას განვიხილავთ, სხვა შემთხვევაში საქართველო ეკონომიკური ზრდით რეგიონში საუკეთესო არ არის, თუმცა ყოველთვის ხვდება ლიდერთა რიგებში.
დასკვნა ჩვენს რეგიონად თუ განვიხილავთ დსთ-ის ქვეყნებს (სავალუტო ფონდი საქართველოს აღნიშნულ რეგიონში განიხილავს) ან ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს (მსოფლიო ბანკი საქართველოს აღნიშნულ რეგიონში განიხილავს), საქართველო მომავალი 5 წლის განმავლობაში რეგიონული ლიდერი მშპ-ის ზრდით ვერ გახდება. რეგიონად თუ ჩვენს უშუალო მეზობელ ოთხ ქვეყანას განვიხილავთ, 2017 წელს თურქეთი გვისწრებს, ხოლო 2018-2022 წლების პროგნოზით საქართველო პირველ ადგილზეა ყოველწლიურად. აქვე ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი ეკონომიკური განვითარების დღევანდელი დონით საქართველოს მნიშვნელოვნად უსწრებენ და, შესაბამისად, მათთვის ობიექტურად უფრო რთულია მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
¹საქართველო არ სცნობს კოსოვოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას
თეგები: