„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომელიც არის კანონი, შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, წელიწადში ერთხელ, საშემოდგომო სესიის პირველივე კვირას მიდის პარლამენტში და წარადგენს გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს“.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით: „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია პარლამენტს წელიწადში ერთხელ, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომების პირველივე კვირაში წარუდგინოს ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. როგორც ვხედავთ, რეგლამენტში პირდაპირ არ წერია ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრის მისვლის აუცილებლობის შესახებ, თუმცა, არც ის არის დაკონკრეტებული, როგორია ანგარიშის წარდგენის ფორმა, ასევე პროცედურა, ან/და როგორ განიხილება სამთავრობო პროგრამის შესრულების წლიური დოკუმენტი. შესაბამისად, ჩანაწერი ქმნის რიგ ბუნდოვანებებს და იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას.
ფაქტ-მეტრმა კანონის განმარტებისთვის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს მიმართა. მისი განცხადებით, მუხლი არ იძლევა საფუძველს, რომ პრემიერი თავად უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე. ხმალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია დავინახოთ განსხვავება მოხსენების და ანგარიშის წარდგენას შორის. მოხსენების წარდგენა პირის უშუალო გამოცხადებას გულისხმობს, მაგალითად, კონსტიტუციის 73-ე მუხლი ის თანახმად, წელიწადში ერთხელ პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი პირადად გამოდის პარლამენტის წინაშე, ხოლო ანგარიშის წარდგენა არ მოითხოვს პირის უშუალო დასწრებას.
პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანგარიშის წარდგენის ვალდებულება რეგლამენტში 2012 წლის 3 ივლისს შევიდა (გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ დაიწყო საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან საპარლამენტოდ ფორმაცია), მანამდე არსებულ 2004 წლის რეგლამენტში ეს ვალდებულება არ ყოფილა. რეგლამენტის ცვლილების შემდგომ, პარლამენტში წარმოდგენილი იყო პრემიერ-მინისტრის სულ ხუთიანგარიში (2013-2017 წლებში). საინტერესოა, რომ მოცემულ წლებში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ანგარიშები პარლამენტში მოხსენების ფორმით წარმოედგინა პრემიერ-მინისტრს ან რომელიმე სხვა უფლებამოსილება მინიჭებულ პირს. ფაქტ-მეტრი ესაუბრა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს გურამ მაჭარაშვილს, რომელმაც გვითხრა რომ პრემიერ-მინისტრის ანგარიში შესაბამის დარგობრივ კომიტეტებში განიხილება და არა პლენარულ სესიებზე.
საინტერესო და აუცილებლად საყურადღებოა ის მომენტი, რომ თავად მუხლში ანგარიშის წარდგენის დროდ პლენარული სესიების პირველივე კვირაა მითითებული (ეს ვადა პრაქტიკაში მუდმივად ირღვევა), რაც უნდა გავიგოთ ისე, რომ მთავრობის მხრიდან პარლამენტისადმი ანგარიშვალდებულების პირობებში, დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ მოხსენების დროს ინტერაქციის და გასულ წელს დაშვებულ შეცდომებზე თუ მიღწევებზე აქცენტირების საშუალება. კანონის ამგვარად წაკითხვა და გააზრება დაეხმარებოდა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების განვითარებას (იხ. კვლევაგვ. 42). თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრები კანონის ამგვარ გაგებას არ ახდენდნენ და ანგარიშის წერილობითი ფორმით გადაგზავნას ამჯობინებდნენ.
სატელეფონო საუბრებისას, რომან გოცირიძემ ფაქტ-მეტრს განუცხადა, რომ განცხადებაში ნახსენები მუხლის გამოსწორების მიზნით, პარლამენტში წარადგინა კანონის პროექტი, რაც სიმართლეს შეესაბამება.თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტში არსებული ცვლილება საერთოდ არ არის ორიენტრებული მის განცხადებასა და სტატიაში დასახული პრობლემის მოგვარებისკენ. ცვლილება, მხოლოდ, ანგარიშის წარდგენის სიხშირეს ამატებს და ითხოვს წელიწადში ორს - საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიისთვის. წარდგენის პროცედურების და ფორმების განმარტებაზე კანონპროექტი არ არის მიმართული.
დასკვნა რომან გოცირიძის განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრი საშემოდგომო სესიის პირველივე კვირას მიდის პარლამენტში და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარადგენს. იგი ეყრდნობა პარლამენტის რეგლამენტის 205-
ე მუხლს, თუმცა, აღნიშნულ მუხლში აშკარა ჩანაწერი, რომ პრემიერ-მინისტრი თავად მიდის პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად, არ არის. მუხლი არის საკმაოდ ბუნდოვანი და მასში არ არის დაკონკრეტებული, როგორია ანგარიშის წარდგენის ფორმა და პროცედურა. იგი არც იმას გამორიცხავს, რომ პრემიერ-მინისტრი მივიდეს პარლამენტში და მოხსენება გააკეთოს და არც მისვლის ვალდებულებას აწესებს. საინტერესოა, რომ მუხლში ანგარიშის წარდგენის დროდ პლენარული სესიების პირველივე კვირაა მითითებული, რაც უნდა გავიგოთ ისე, რომ მთავრობის მხრიდან პარლამენტისადმი ანგარიშვალდებულების პირობებში დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ მოხსენების დროს ინტერაქციის და გასულ წელს დაშვებულ შეცდომებზე თუ მიღწევებზე აქცენტირების საშუალება.
მუხლის ბუნდოვანებიდან და მისი მრავალმხრივი გაგების შესაძლებლობიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრი თავს იკავებს რომან გოცირიძის განცხადების სიზუსტის შეფასებისგან და მას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.