„ვაჭრობა ევროკავშირთან იზრდება, ევროკავშირი არის ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი; 20%-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში; დსთ-ის ქვეყნების წილი მთლიან სავაჭრო კალათაში მცირდება, რაც ნიშნავს ჩვენი საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციას და კიდევ უფრო მეტ დაზღვეულობას ამა თუ იმ საგარეო შოკისგან“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას საქსტატი აქვეყნებს.საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია.
საქსტატზე დაყრდნობით, საქართველომ მიმდინარე წელს ყველაზე მეტად დსთ-ის წევრ ქვეყნებთან[1]ივაჭრა. სახელმწიფოთა ამ ჯგუფზე საერთო ვაჭრობის 27.4% მოდიოდა მაშინ, როცა ევროკავშირის 28 ქვეყანასთან ვაჭრობიდან შემოსულმა თანხამ ჯამური ბრუნვის 26.8% შეადგინა. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობა დსთ-ის წევრ სახელმწიფოებთან ვაჭრობაზე ინტენსიური იყო და მას 94 მლნ დოლარით აჭარბებდა.
2016წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით საქართველოს საგარეო ვაჭრობა გაზრდილია როგორც დსთ-ის წევრ ქვეყნებთან, ისე ევროკავშირის სახელმწიფოებთან. თუმცა, დსთ-თან ვაჭრობით მიღებული შემოსავალი მომატებულია 33%-ით მაშინ, როცა, ევროკავშირის შემთხვევაში ხსენებული ზრდა 3%-ია. გამოდის, რომ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა 77%-ით დსთ-ის წევრ სახელმწიფოებთან გაღრმავებულმა სავაჭრო ურთიერთობებმა განაპირობა.
ცხრილი 1:საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, მლნ დოლარი
2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 | |
იმპორტი ევროკავშირთან | 2,429 | 2,266 | 2,372 | 2,081 | 2,215 | 1,986 |
ექსპორტი ევროკავშირთან | 0,353 | 0,607 | 0,624 | 0,645 | 0,572 | 0,580 |
ვაჭრობა ევროკავშირთან | 2,782 | 2,873 | 2,996 | 2,726 | 2,787 | 2,566 |
იმპორტი დსთ-თან | 1,893 | 1,985 | 1,987 | 1,908 | 1,908 | 1,994 |
ექსპორტი დსთ-თან | 0,657 | 1,020 | 0,917 | 0,385 | 0,320 | 0,630 |
ვაჭრობა დსთ-თან | 2,550 | 3,004 | 2,904 | 2,293 | 2,228 | 2,623 |
ქვეყნისთვის საგარეო შოკის გამომწვევი მიზეზი შესაძლებელია იყოს გაუარესებული სავაჭრო ურთიერთობები. თავის მხრივ, სტაბილურ და განვითარებულ ეკონომიკებთან გაღრმავებული სავაჭრო ურთიერთობა საგარეო შოკის ალბათობას ამცირებს. ამდენად, ამ ნაწილში გიორგი კვირიკაშვილის აქცენტი მართებულია: დსთ-ის ქვეყნების წილის კლება სავაჭრო კალათაში ევროკავშირთან გაუმჯობესებული ეკონომიკური ურთიერთობების პარალელურად საქართველოსთვის სტაბილურ საგარეო ვაჭრობას ნამდვილად უზრუნველყოფს.
მიუხედავად ამისა, საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოსთვის პირველი სავაჭრო პარტნიორი დსთ-ის წევრი ქვეყნები იყო. ევროკავშირი პარტნიორთა რიგებში მეორე ადგილას მოხვდა, თუმცა დსთ-ის სახელმწიფოებს ევროგაერთიანების ქვეყნები მხოლოდ მცირედით ჩამორჩებოდა, ხოლო 2016 წლის 11 თვეში ევროკავშირთან ვაჭრობა დსთ-თან ვაჭრობას უსწრებდა. იანვარ-ნოემბერში ევროკავშირთან ექსპორტი 23%-ითაა გაუმჯობესებული, თუმცა დსთ-ის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში გაზრდილია, 2016 წელს 23% იყო, 2017 წლის თერთმეტ თვეში კი 27%-ია.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.[1] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში დსთ-ის ქვეყნებში ჩათვლილია უკრაინაც, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ დსთ 2014 წელს დატოვა. თუმცა, მოცემულ სტატიაში უკრაინასთან ვაჭრობის მაჩვენებლები თანამეგობრობის ქვეყნებთან ერთად განხილული არ არის.