წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა: „ქალაქის ცენტრში, ავლაბარში გაჩნდა დიდი ზომის დაჭაობებული ტბა. ეს გამოიწვია იმან, რომ 2007 წელს შპს „პატარა ავლაბარმა“ დაიწყო საძირკვლის ამოთხრა. ქალაქის მერიამ გამოიჩინა ძალიან დიდი გულგრილობა და ახლა არის ძალიან საშიში და მძიმე მდგომარეობა. ეს გახლავთ ქეთევან წამებულის გამზირსა და ფოსტის ქუჩის გადაკვეთაზე. იქვე, ქურხულის ქუჩაზე მდებარე საბავშვო მოედანი დანგრევის პირასაა. ძალიან საშიშია ბავშვების გამოშვება. ტბა არის დაჭაობებული, დაიბუდეს ქვეწარმავლებმა, რაც დიდ პრობლემას უქმნის მოსახლეობას და არის ძალიან დიდი საშიშროება“.
ფაქტ- მეტრი დაინტერესდა განცხადებაში მოყვანილი ფაქტის სიზუსტით.
ჩვენ ისნის გამგეობას დავუკავშირდით. ინფრასტრუქტურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა დაგვიდასტურა, რომ ქეთევან წამებულის გამზირისა და ფოსტის ქუჩის კუთხეში დაჭაობებული ტბის არსებობის შესახებ მათთვის ცნობილია და რამდენიმე დღის წინ რეაგირებისათვის თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს განცხადება გაუგზავნეს.
ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა პრობლემას ადგილზე გაცნობოდა და მოსახლეობას გასაუბრებოდა.
მართლაც, ქეთევან წამებულის გამზირსა და ფოსტის ქუჩის კუთხეში არის მიტოვებული მშენებლობა. მშენებლობა დაწყებულია 2007 წელს, მშენებლობას შპს „პატარა ავლაბარი“ აწარმოებდა. მშენებლობის უფლება თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების არქიტექტურული სამსახურის მიერ არის გაცემული [ბრძანება №ნ-1235-1]. იგეგმებოდა 30 მეტრის სიმაღლის 9 სართულიანი სახლის აშენება, მაგრამ მხოლოდ საძირკველი გათხარეს და მშენებლობა მიატოვეს. წლების განმავლობაში მიტოვებული საძირკველი წყლით აივსო და დღეს ქალაქის ცენტრში მართლაც არის საკმაოდ დიდი მოცულობის დაჭაობებული ტბა. მოსახლეობასთან ინტერვიუს დროს გაირკვა, რომ გაჩენილი ტბა მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ის ანტისანიტარიის წყარო გახდა. ტბაში ქვეწარმავლებმა დაიბუდეს, რომლებიც სახლებშიც კი შედიან.
მეტი სიცხადისთვის ადგილზე გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ.
ქურხულის ქუჩაზე მდებარე საბავშვო მოედანს საძირკველი თითქმის მთლიანად გამოცლილი აქვს და ბავშვების სათამაშოდ გაშვება რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. მოსახლეობის თქმით, პრობლემა საკმაოდ მწვავეა და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.
დასკვნა ქალაქის ცენტრში, ავლაბარში ქეთევან წამებულის გამზირსა და ფოსტის ქუჩის კუთხეში მართლაც არის მიტოვებული მშენებლობა. გათხრილი საძირკვლის ადგილას წლების განმავლობაში დაჭაობებული ტბა წარმოიშვა, რომელიც ანტისანიტარიის ბუდეა და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. იქვე, ქურხულის ქუჩაზე მდებარე საბავშვო მოედანი დანგრევის პირას არის მისული. ალექსანდრე ქანთარიას განცხადება: „ქალაქის ცენტრში, ავლაბარში მიტოვებული მშენებლობის ტერიტორიაზე გაჩნდა დაჭაობებული ტბა“, არის სიმართლე.