საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის ახალი რედაქცია 2017 წლის ოქტომბერში მიიღო, მიღებიდან რამდენიმე დღეში კი მასში ახალი ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი შემუშავდა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პროექტის ერთადერთ მიზნად საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციების ასახვა დასახელდა. შესაბამისად, შეიქმნა მოლოდინი, რომ ცვლილებები მხოლოდ იმ საკითხებს შეეხებოდა, რაც კომისიის დასკვნაში იყო ასახული. თუმცა, მოულოდნელად, საკომიტეტო მოსმენებზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ, დამატებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა წარადგინა. აღნიშნული ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისა და ასევე უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილის უკმყოფილების მიუხედავად მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში, ცოტა განსხვავებულად, თუმცა მაინც აისახა.
ცვლილების დაუგეგმავად, დაჩქარებულად და სათანადო განხილვების გარეშე მიღება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა გააპროტესტა. „ჩემი თხოვნა იქნება, რომ ასეთ სტადიაზე ცვლილებები კონსტიტუციაში არ შევიდეს. ჩვენ ვართ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) თამჯდომარე ქვეყანა... არასდროს ქვეყანაში პრობლემა ზედმეტ გამჭირვალობას არ შეუქმნია, პრობლემას ქმნიდა ზედმეტი დახურულობა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.
საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებასთან დაკავშირებულ დაჩქარებულ და უმრავლესობისთვის აქამდე უცნობ ცვლილებებზე უკმაყოფილება გამოთქვა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა ნუკრი ქანთარიამ - „რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ასე ელვა-დეპეშასავით ამ ცვლილებების მეორე მოსმენით დაწევა და ეს რამდენად მიუთითებს მაღალ პროფესიონალიზმზე - თუ თქვენ იცოდით ეს ამბავი, მაშინ ჩვენ განხილვებზე არ გვქონდა საუბარი და თუ არ იცოდით, რატომ მოხდა ეს?“.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს კონსტიტუციის ამჟამად მოქმედი რედაქციის 41-ე მუხლი არეგულირებს. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციის ახალი რედაქციით (მუხლი 18 და 15 (4)), რომელიც ძალაში ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ შევა, აღნიშნული საკითხი შემდეგნაირად დარეგულირდა:
- თუკი საჯარო ინფორმაციის გაცნობა ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციით მხოლოდ საქართველოს მოქალაქის უფლებას წარმოადგენს, ახალი ვერსიის თანახმად, ეს უფლება ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც არამოქალაქეს, მიენიჭა.
- ახალი რედაქციის თანახმად პირის მიერ მასზე არსებული ინფორმაციის გაცნობის შეზღუდვის საფუძვლებს (სახელმწიფო, პროფესიული და კომერციული საიდუმლოება) ასევე პირადი საიდუმლოებაც დაემატა.
- 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ოფიციალურ ჩანაწერებში არსებულ პირის პირად საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციის გაცემას ეხება, სხვა მუხლში გადავიდა და ამგავრი ინფორმაციის გაცემის საფუძვლად საჯარო ინტრესის არსებობა დაემატა.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შეფასებისას, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას არანაირი შენიშვნა არ გამოუთქვამს. ცვლილებებმა სამოქალაქო საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა. თუმცა, არა იუსტიციის მინისტრის, რომელმაც მისი კვლავ შეცვლა განიზრახა. მან წინადადება საჯარო-სახალხო განხილვებზე წამოაყენა, თუმცა ის იმ ეტაპზე არ განუხილავთ. ინიციატივის სერიოზულად აღქმა პარლამენტის მხრიდან მხოლოდ საკომიტეტო მოსმენაზე მოხდა, როდესაც მუხლის საკუთარი ფორმულირება იუსტიციის მინისტრის მოადგილემ წარადგინა.
კომიტეტის სხდომაზე ალექსანდრე ბარამიძის მიერ წარდგენილი ინიციატივა, კონსტიტუციით დადგენილი უფლების შეზღუდვის საფუძვლების (სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოება) ჩანაწერიდან ამოღებას და მის ნაცვლად, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლით (გამოხატვის თავისუფლება) დადგენილი შეზღუდვის საფუძვლების გადმოტანას გულისხმობდა.
შედეგად, ნორმა შემდეგნაირად ჩამოყალიბდებოდა: „ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას და ოფიციალურ დოკუმენტებს. ამ უფლების განხორციელება შეიძლება კანონით დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველოფის, სხვათა უფლებების დაცვის, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილების ან სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის მიზნით“.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მათ ყურადღეება გაამახვილეს მე-18 მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლების მნიშვნელობაზე, რაც რეალურად უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან უფლებაში გადამატებულ ჩარევის დაუშვებლობას და სახელმწიფოს მხოლოდ აღნიშნულ საფუძვლებში ლავირების საშულებას აძელვს. „სახელმწიფო ვერ დაადგენს ინფორმაციის გასაიდუმლოების სხვა საშუალებას გარდა იმისა, რომელიც მე-18 მუხლში არის ჩამოთვლილი. მაგალითად, ვერ დაადგენს და ვერ იტყვის, რომ არსებობს საიდუმლოს ტიპი, რომელსაც „საპრეზიდენტო საიდუმლო“ ეწოდება“, - განაცხადა “ფონდ ღია საზოგადოების“ წარმომადგენელმა ვაკო ნაცვლიშვილმა.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადეგენლმა სოფო ჭარელმა ყურადღება გაამახვილა კონვენციის მე-10 მუხლით განსაზღვრულ საფუძვლების პირდაპირ, სრულად გადმოტანის პრობლემაზე, რამაც მისი მოსაზრებით შესაძლოა შეზღუდვის საფუძვლების არაგონივრულად გაფართოება გამოიწვიოს. „მე-10 მუხლის ჩანაწერის გადმოტანას თან სდევს ყველა საფუძველი და მაგალითად შემიძლია გითხრათ, სასამართლოს მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას თუ შეექმნება საფრთხე შეიძლება არ გაიცეს კონკრეტული საჯარო ინფორმაცია. პირველ რიგში დამაინტერესებს რა საჯარო ინფორმაციამ შეიძლება შეუქმნას საფრთხე სასამართლოს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა სოფო ჭარელმა.
უფლების შეზღუდვის საფუძვლებში კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიზნების არსებობის მიზანშეწონილობაზე კითხვები პარლამენტის თავმჯდომარესაც გაუჩნდა და „ოქროს შუალედის“ პოვნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
საგულისმოხმოა იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიერ მოყვანილი ერთ-ერთი მაგალითი, რომლითაც ის პარლამენტის თავმდჯომარის უფლებების შეზღუდვის აუცილებლობაში დარწმუნებას ცდილობდა.
„თქვენ კონკრეტული მაგალითები გაინტერესებთ. მაგალითად, თავდაცვის მინისტრი ხვდება პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს გარკვეულ საკითხებზე, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებას, გლობალურ უსაფრთხოებას შეეხება. თქვენ ეს ინფორმაცია გაინტერესებთ თავიდან ბოლომდე? გსურთ რომ მიიღოთ? დიდი ბოდიში, მაგრამ თავიდან ბოლომდე ამ ინფორმაციის მიღების წინააღმდეგი როგორც ერთი თავდაცვის მინისტრი შეიძლება იყოს, ისევე მეორე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი. ამიტომ კანონი უნდა არეგულირებდეს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო შიშველი დარჩება იმ გამოწვევების წინაშე რომელიც არსებობს რეგიონში და გლობალურად“, - განაცხადა ბარამიძემ.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ცვლილებების პირველი მოსმენით განხილულ ვარიანტში ასახული არ ყოფილა.
„ჩვენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს ვთხოვეთ წარმოედგინა მაგალითები იმისა, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ინფორმაცია დასახური და რა შემთხვევაში შეიძლება გვაიძულოს ახალმა ჩანაწერმა ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება. ასეთი მაგალითები კომიტეტის სხდომაზე მოყვანილი არ ყოფილა. შესაბამისი ჩანაწერი კანონპროექტში ასახული არ არის. თუ რაიმე არგუმენტები იქნება წარმოდგენილი, შეიძლება საკითხს მორე მოსმენისთვის დავუბრუნდეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მეორე მოსმენისთვის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა უკვე შეძლო ცვლილების განხორციელების აუცილებლობაში ირაკლი კობახიძის ისე დარწმუნება, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, თავად უმრავლესობის წევრების კრიტიკული კომენტარებისა და ცვლილების მიღებისგან თავშეკავებისაკენ მოწოდების მიუხედავად, საკითხი მეორე მოსმენაზე მაინც გაიტანა და სხვა ცვლილებებთან ერთად მისი დამტკიცებაც მოახერხა. მაგრამ, აღსანიშნავია, რომ მეორე მოსმენით არა იუსტიციის მინისტრის მიერ შეთავაზებული ფორმულირება დამტკიცდა, არამედ ცოტათი განსხვავებული ვარიანტი.
კერძოდ, მეორე მოსმენთ მიღებული კანონპროექტის თანახმად მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
„ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლობას ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“.
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ვერსიასთან შედარებით, პარლამენტის მიერ საბოლოოდ მიღებული ცვლილებები ნაკლებად საფრთხისშემცველია. „უფლების ყველა საფუძელი, მისი კეთილსინდისიერად განმარტების შემთხვევაში, შეიძლება განხილულ იქნეს საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძლად, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციამ არ შექმნას შემდგომში საკანონმდებლო დონეზე უფლების შეზღუდვის მომეტებული, არაპროპორციული შეზღუდვის რისკები“, - ნათქვამია IDFI-ის 22 დეკემბრის განცხადებაში.
თავის მხრივ კითვხის ნიშნებს აჩენს აღნიშნული ცვლილების უმოკლეს დროში მიღება, რამაც საკითხის სიღრმისეულად შესწავლა შეუძლებელი გახადა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამაზე უკმაყოფილებას უმრავლესობის დეპუტატებიც გამოთქვამდნენ.
ამასთან საგულისხმოა, რომ ინიციატივის ავტორი სწორედ ის უწყებაა რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით საკმაოდ ცუდი პრაქტიკით გამოირჩევა. იუსტიციის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მხრივ ჩვენს ორგანიზაციასაც არაერთხელ შექმნია პრობლემა და ჩვენი აერაერთი განცხადება დარჩენილა სამინისტროს მიერ პასუხგაუცემელი.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ისტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებული არაერთი კვლევის შედეგად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ იუსტიციის სამინისტრო ერთ-ერთ დახურულ საჯარო დაწესებულებად არის მიჩნეული.
„იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 2016 წელს, 2013 წელთან შდარებით, 95.6%-ით გაუარესდა და 0% შეადგინა“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის 2016 წლის ანგარიშში.
წყარო: "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"
საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი. მოხდება თუ არა რაიმე სახის ცვლილება საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე უცნობია. არც ის არის გამორიცხული, პრეზიდენტმა კვლავ გამოიყენოს ვეტოს უფლება და პარლამენტს და უმრავლესობის უკმაყოფილო წევრებს კვლავ მისცეს აღნიშნულ ნორმაზე მსჯელობის საშუალება.